მურმან დუმბაძე – “ეკა ბესელია შეიძლება პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს”

მურმან დუმბაძე - "ეკა ბესელია შეიძლება პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს"რა არის “ოცნებაში” დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი, რა კავშირი აქვს ამასთან საპრეზიდენტო არჩევნებს, რატომ ვერ დაბრუნდა პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილი, გაიზიარებს თუ არა ეკა ბესელია მის ბედს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს” ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება.
მურმან დუმბაძე:
– ის, რაც ახლა “ქართული ოცნებაში” ხდება, ჩემთვის მოულოდნელი არ არის. ჩვენ ახალგაზრდა სახელმწიფო გვაქვს და აქ დუღილის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, როცა ხელისუფალი ყველაფრის უზურპაციის ახდენს, ასეთ დროს ადამიანებს, მათ შორის დეპუტატებსაც უჩნდებათ პროტესტის გრძნობა.
ამ ყველაფრის მიზეზი 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებია. ამ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ 850.000 ხმა მიიღო. 850.000 ამომრჩეველი არის ის კრიტიკული მასა, რომლითაც შევარდნაძე და სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტები ხდებოდნენ. 850.000 ხმით აიღო 2016 წელს “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა.
2018 წელს ამდენი ხმა ოპოზიციამ მიიღო და დღეს ის ხელისუფლების მიღმაა დარჩენილი. ეს ამბავი უკვალოდ არ ჩაივლის. ამას ჭკვიანი ადამიანები კარგად ხვდებიან. მათ რიგებში არის ეკა ბესელიამაც.
ეტყობა, ეკა ბესელიას და მის მომხრეებს პოლიტიკაში დარჩენა სურთ და ბუნებრივია, რომ ეს მომენტი გამოიყენეს. ეკა ბესელიას მხრიდან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, მას ზუსტი დრო აქვს შერჩეული პროტესტის გამოსახატად. მას ვითომ იუსტიციის საბჭო და მურუსიძე აინტერესებს, სინამდვილეში მას პოლიტიკაში უნდა დარჩენა.
– საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციას ამდენი ხმა რომ არ აეღო, ბესელია მურუსიძესთან დაკავშირებით პროტესტს არ გამოხატავდა?
– მურუსიძესთან და სხვა მოსამართლეებთან დაკავშირებით მას აქამდეც შეეძლო ხმის ამოღება და პროტესტის დაფიქსირება. მურუსიძეზე 2013 წლიდან მიდის საუბარი. ეს 5 წელი ეკა ბესელია დუმდა.
მე არც მისი და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირების მჯერა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ბესელია და ზარდიაშვილი ერთად იყვნენ ერთ კომიტეტში. ქალბატონი ეკასთვის თუ ასეთი მიუღებელი იყო ეს ფლანგი, მას შეეძლო, ზარდიაშვილის გამოჩენისთანავე გამიჯვნოდა “ქართულ ოცნებას”.
მან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. ის იყენებს პოლიტიკურ ტრიუკს – პოლიტიკაში დასარჩენად გმობს მურუსიძეს და მოსამართლეთა 10 კაციან სიას.
მოდით, შევეხოთ ბიძინა ივანიშვილის პოზიციასაც. ქალბატონი ეკა არის ფოთის მაჟორიტარი, სადაც მას დადებითად არავინ დაგიხასიათებთ.
– ბესელია აღარ არის ფოთის მაჟორიტარი. 2016 წელს ის პარლამენტში პარტიული სიით გავიდა.
– კი ბატონო, ბესელია 2012 წელს გახდა ფოთის მაჟორიტარი, მაგრამ ქართულ პოლიტიკას თუ გადავხედავთ, ის ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრის გავლენის ქვეშაა. დღევანდელი დეპუტატები ძალიან ხშირად ახსენებენ ამ თარიღს.
აქედან გამომდინარე ეკა ბესელია ისევ მოიაზრება ფოთის მაჟორიტარად და აბა ვკითხოთ ფოთელებს, რას ფიქრობენ მასზე. მე არ ვიტყოდი, რომ 100 გამოკითხული ადამიანიდან 100-ვე იტყვის, რომ ბესელია ცუდია, მაგრამ აბსოლიტური უმრავლესობა მას უარყოფითად დაახასიათებს.
ბიძინა ივანიშვილს ეს ინფორმაცია აქვს. მისი გადმოსახედიდან ის სწორად იქცევა, რომ “ოცნებისგან” ამ ქალბატონის დისტანცირებას ახდენს.
– ბესელიას მიმართ ფოთელებს უარყოფითი განწყობა 2016 წლამდეც ჰქონდათ, მაგრამ ივანიშვილმა ის პარტიულ სიაში, გამსვლელ ადგილას ჩაწერა. მაშინ რატომ არ მოახდინა მისი გუნდისგან დისტანცირება?
– მაშინ სხვა სიტუაცია იყო. ახლა სხვა ვითარებაა. ბესელიას სახელი არაერთ სკანდალთან არის დაკავშირებული და “ოცნებიდან” მისი მოშორება შეიძლება ივანიშვილს კარგად წაადგეს. იტყვის, რომ ისეთი უარყოფითი სახე, როგორიც ბესელიაა, პარტიიდან გაუშვა.
ეს იმას არ ნიშნავს რომ ბესელიას წასვლას ყველა სიხარულით შეხვდება. მას მომხრეები საქართველოს პარლამენტშიც გამოუჩნდება. ისინი ახალ ფრაქციას შექმნიან.
რამდენი ფრაქცია და პარტია შეიქმნება “ოცნების” ბაზაზე, ეს საინტერესო არ არის. აქ ისაა მნიშვნელოვანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მიიტაცა. ხელისუფლების უზურპაცია მან ჯერ კიდევ 2012 წლის 2 ოქტომბერს მოახდინა. ამიტომაც წამოვედი ძალიან მალე ამ გუნდიდან.
მურუსიძესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2013 წელს იწერებოდა მედიაში სტატიები. რატომ გახდა ის ბესელიასთვის 2018 წელს აქტიური, ეს არის გასარკვევი.
– თქვენ არ გაღელვებთ მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნა?
– პირადად ჩემთვის გვარები არაფერს ნიშნავს. სერიოზული რეფორმა თუ არ გატარდა, სასამართლოში არაფერი არ შეიცვლება.
თავშიც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, “ოცნებაში” დაწყებული პროცესების თავი და თავი ის 850.000 ხმაა, რომელიც ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო.
ახლა ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, გრიგოლ ვაშაძე რომ გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი. მას პრეზიდენტის ფიცი არ ექნებოდა დადებული, რომ საქართველოს პარლამენტი უკვე დაშლილი იქნებოდა.
ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ვადამდე ჩატარდება თუ დანიშნულ ვადებში – “ქართულ ოცნებაში” რღვევის პროცესია დაწყებული.
ადამიანები, რომლებმაც წლების წინ ივანიშვილთან ერთად შექმნეს “ქართული ოცნება” გუნდიდან არიან წასული, სად და ვისთან გადანაწილდებიან ისინი, ეს მხოლოდ დროის საკითხია.
დღეს ცხადი ის არის, რომ მმართველი პარტია ნელ-ნელა რეიტინგს კარგავს. ისინი საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან ცუდ შედეგს დადებენ. უმრავლესობაზე აღარც უნდა იოცნებონ. საქართველოს ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვა.
უკვე ცნობილია ის ძალა, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას გადაიბარებს.
– რომელ ძალაზე საუბრობთ?
– გაერთიანებულ ოპოზიციაზე. ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში ფავორიტები მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არიან. აი, ეს არის ქართული პოლიტიკის რეალური სურათი. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. დაველოდოთ და ვნახოთ.
– აქტიურად მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ გიორგი კვირიკაშვილი აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. მასთან ხომ არ ვიხილავთ ბესელიას?
– ქართულ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამას მე გამოვრიცხავ. სამაგიეროდ, სრულებითაც არ გამიკვირდება, თუ ეკა ბესელია საერთოდ გაქრეს პოლიტიკიდან.
– ამდენი ხანია პოლიტიკაში და რანაირად წავა?
– გააჩნია, რა საქმეები აქვს მას ნაკეთები ხელისუფლებაში ყოფნისას. ის თუ პოლიტიკიდან წავა, ჩავთვლი, რომ ძალიან ბინძური საქმეები აქვს ნაკეთები.
– რა ბინძურ საქმეებს გულისხმობთ?
– იმ საქმეებს, რომლებზეც შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. თავის გადარჩენის სანაცვლოდ ის უარს იტყვის პოლიტიკაზე.
ამის ნათელი მაგალითია გიორგი კვირიკაშვილი. არაფრით არ შეიძლება ადამიანი ქვეყნის პრემიერი იყოს და მერე ისე წავიდეს, საერთოდ ხმა აღარ ამოიღოს. ასეთი რამე წარმოუდგენელია.
კვირიკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი ის 700 მილიონია, რომლის გაფლანგვასაც აბრალებენ. ის პოლიტიკაში სწორედ ამიტომ არ ბრუნდება. თუ დაბრუნდება, პასუხს მოსთხოვენ.
ბესელიას შემთხვევაშიც ასე იქნება, თუ გაქრა პოლიტიკიდან, ჩავთვლი, რომ ცუდი საქმეები აქვს ნაკეთები.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა