ნაზი ჯანეზაშვილი – “მიქაუტაძის არ მჯერა, მათ არაერთხელ მოგვატყუეს”

ნაზი ჯანეზაშვილი - "მიქაუტაძის არ მჯერა, მათ არაერთხელ მოგვატყუეს"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც მან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მოამზადეს.
– ქალბატონო ნაზი, რას ითვალისწინებს თქვენი წინადადება?
– ჩვენი საკანონმდებლო წინადადება რამდენიმე ძირითად პრინციპს ითვალისწინებს. საუბარია ახალი კადრების სისტემაში შემოსვლაზე, რათა ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე არ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
ჩვენ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, უნდა ჩატარდეს ღია კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კადრს.
მეორე – აუცილებლად უნდა შეიქმნას ფილტრის მექანიზმი, რაც ნიშნავს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას, რომელიც მთელი კონკურსის პროცესში უნდა იყოს ჩართული. ამ ჯგუფმა უნდა წარუდგინოს დასკვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საკონსულტაციო ჯგუფში უნდა შევიდეს სახალხო დამცველის მიერ დანიშნული ორი პირი, ასევე ამ ჯგუფში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ჩართული. დეტალურად არის ეს ყველაფერი ჩვენს წინადადებაში გაწერილი.
მესამე – უნდა შეიზღუდოს ინტერესთა კონფლიქტის მექანიზმები ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თავად არ უნდა იყვნენ კანდიდატები, რადგან ეს არის ინტერესთა ცალსახა კონფლიქტი. საუბარია იმ პერიოდზე, ვიდრე ისინი საბჭოს წარმოადგენდნენ. ამიტომ, ამ პროცესს ნდობა უნდა უნდა ჰქონდეს. შემდეგ სადაც უნდათ, იქ იყარონ კენჭი.
მეოთხე – გადაწყვეტილება საბჭომ კონსენსუსის გზით უნდა მიიღოს. გვაქვს შემთხვევები, როდესაც საბჭოს სრული მხარდაჭერით, მათ შორის ჩემი და ანა დოლიძის მხარდაჭერითაც მოსამართლეები დაინიშნენ სხვადასხვა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში.
თუკი გვქონდა ასეთი მაგალითები, როდესაც რაიონში ვნიშნავდით მოსამართლეებს ასეთი სრული მხარდაჭერით, რატომ არ უნდა შევარჩიოთ კანდიდატები, მაგალითად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დასანიშნად ასეთივე კონსენსუსით?!
ასეთი თანხმობა და კონსენსუსი წევრებს შორის მიღწეული უნდა იყოს ღია სხდომაზე, სადაც ყველა თავის აზრს გამოთქვამს ამა თუ იმ კანდიდატზე. ეს იქნება სწორი ფორმა და სწორედ ეს გზა მოგვცემს შესაძლებლობას, კარგი კანდიდატურები შევარჩიოთ და წარვუდგინოთ პარლამენტს.
– ახლა ეს პროცესი შეჩერებულია პარლამენტში, თუმცა, არ არსებობს მექანიზმი, რითაც ამ სიის უკან გამოწვევა მოხდება.
– დიახ, ახლა პარლამენტმა ეს პროცესი შეაჩერა, რაც არის ძალიან კარგი. მართალია, ამ სიის უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ შედეგობრივად არის იგივე. კენჭისყრაზე ეს კანდიდატები აღარ იქნებიან წარდგენილნი. გაწვევით მოხდებოდა ეს თუ ახალი მექანიზმის დაანონსებით, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ახლა პროცედურებზე დაიწყება მუშაობა, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი სიფრთხილე ჩვენი მხრიდან საჭირო, რომ ისეთი პროცედურები არ შეიმუშავონ, რომ ისევ ეს ხალხი მოხვდეს სიაში და კვლავ ისინი გახდნენ კანდიდატები. ანუ კარი ჩავუკეტოთ, მაგრამ ფანჯრიდან შემოვიდნენ. სწორედ ამიტომ წარვადგენთ ჩვენს საკანონმდებლო წინადადებასაც.
– უკვე დაარეგისტრირეთ?
– დიახ.
– ბატონი მიქაუტაძე თქვენს ამ ინიციატივაზე ამბობს, რომ უნდა დაკონკრეტდეს, თუ რას გულისხმობს კონკურსი და რომ ეს კონკრეტულ ადამიანებზეა მორგებული. რას უპასუხებთ?
– რა სისულელეა! მისი ეს ზოგადი განცხადებები არანაირ შინაარსს არ ატარებს. ვაკონკრეტებ: კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ იურისტებმა, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ, მათ შორის გამოცდილმა ადვოკატებმა, მოსამართლეებმა, მაგრამ კარგი პროფესიული რეპუტაციის მქონემ და არა ისეთმა, როგორიც ჩინჩალაძეა.
ჩვენი ინიციატივა არის კონკრეტული, მაგრამ კონკრეტულად მორგებული კვალიფიციურ კადრებზე და არა – ვიღაც კერძო პირებზე, როგორც თავად აკეთებდნენ აქამდე. კერძო პირებს ჩვენ საკანონმდებლო პროექტებს ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვარგებთ, როგორც თვითონ. ასეთი რამ არ ყოფილა და ვერც ერთ შემთხვევას ვერ დაასახელებს. ჩვენი მიზანია, სისტემაში კადრები გარედან შემოვიდნენ, ახალი სისხლი შემოვიდეს სასამართლო სისტემაში, რომ სისტემა გაჯანსაღდეს, ამაზეა საუბარი.
– იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ ჯგუფსაც აქვს ალტერნატიული წინადადება. ამაზე მიქაუტაძე საუბრობს. რას იტყვით?
– მე არ მჯერა, რომ მათ რამე აქვთ შემუშავებული.
– რატომ?
– არ გვინახავს. 17 დეკემბერს წარვადგინე მე ეს პროექტი საბჭოს სხდომაზე, რომ რეგლამენტში შეგვეტანა ცვლილება და კონკურსი გამოგვეცხადებინა. მაშინ გვითხრეს, ცოტა ხანში ჩვენს პროექტსაც წარმოვადგენთო, მაგრამ პირდაპირ გვარები წარმოგვიდგინეს. ამიტომ, მე ამ ხალხის არ მჯერა, თუ რამე აქვთ, ისევ ჩინჩალაძეს მოარგებენ.
ამ ხალხის მიმართ ნდობა დაკარგულია, მიქაუტაძემ გვითხრა, რომ პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნებოდა, მაგრამ როგორი ღია იყო, უკვე ვნახეთ. პროცესი საერთოდ არ წარმართულა, ისე შედგა ჩუმად სია. მათ არაერთხელ მოგვატყუეს.
– როგორი განწყობა გაქვთ, გავა ეს სია თუ ვერ გავა, რაზე იქნება ეს დამოკიდებული?
– პირველ რიგში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ იგივე ხალხი არ გავიდეს. არ უნდა შემოგვაპარონ კლანის მიერ შერჩეული კადრები. ვნახოთ, როგორ მოწოდების სიმაღლეზე იქნება პარლამენტი. ამ ეტაპისთვის რაც გვჭირდებოდა, ეს მიღწეულია, სია შეჩერებულია. ახლა მეორე ეტაპი იწყება. ვნახოთ, რა იქნება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა