პროკურორმა ურუმაშვილმა პოლიციელ დვალიშვილს უთხრა, კრიმინალი ხარო – ჩხუბიც მაშინ დაიწყო

პროკურორმა ურუმაშვილმა პოლიციელ დვალიშვილს უთხრა, კრიმინალი ხარო - ჩხუბიც მაშინ დაიწყოვანში პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ “ნიუპოსტი” ჯერ კიდევ გუშინ წერდა. ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ ხმაური და დაპირისპირება რესტორან “მასპინძელოში” მოხდა. ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შს სამინისტროს წარმომადგენლებმა პროკურორები დაპატიჟეს.

გავარკვიეთ ისიც, რომ სუფრას ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა დვალიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პროკურორი, ვლადიმერ ურუმაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირი სასტიკად სცემა.

რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზს, ეს იმაზე ხმაურიანი და სკანდალურია, ვიდრე სამართალდამცავებს შორის ჩხუბი. “ნიუპოსტმა” ექსკლუზიურად მოუყვნენ, რომ ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ურუმაშვილმა ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე დვალიშვილს უთხრა: “კრიმინალი ხარ, შენი ადგილი პოლიციაში არ არისო!”

წყაროს ცნობით, ურუმაშვილის გაღიზიანება დვალიშვილის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისა და ე.წ. მაყურებლებთან ურთიერთობამ გამოიწვია.

ჩვენი წყარო გვიყვება, რომ „კობა დვალიშვილს სწორედ კრიმინალებთან კავშირის გამო მთელი სამსახური ემტერება. ამბობენ, საკმაოდ დიდი ფული აქვს მათგან აღებულიო. მოკლედ, დვალიშვილი რაიონში ცნობილია, როგორც კრიმინალებთან გარიგებაში მყოფი”- აცხადებს წყარო, რომელიც კონფლიქტის თვითმხილველია.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ, ვანის პოლიციის უფროსის ადეიშვილის მამის იუბილეზე, დვალიშვილს სუფრასთან სწორედ ე.წ. მაყურებლები ჰყავდა მიპატიჟებული.

“ნიუპოსტი” პროკურორ ვლადიმერ ურუმაშვილს დაუკავშირდა, თუმცა პროკურორმა დაპირისპირებაზე საუბარი არ ისურვა. ძალოვანმა უპასუხოდ დატოვა კობა დვალიშვილთან მომხდარი დაპირისპირების მოტივზე დასმული კითხვა.

“არაფერი მომხდარა… ახლა ისეთ ადგილზე ვარ. ვერაფერს გეტყვით”- აღნიშნა “ნიუპოსტთან” პროკურორმა ურუმაშვილმა.

სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შს სამინისტრო და პროკურატურა ერთდროულად სწავლობენ.

როგორც “ნიუპოსტს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, გახარიას უწყებამ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო.

ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

ნიუპოსტი