რა აძვირებს პურს? – „მარკეტები პურის ფასიდან 12%-ს ითხოვენ“

რა აძვირებს პურს? - „მარკეტები პურის ფასიდან 12%-ს ითხოვენ“პურის ცხობის მეწარმეთა თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამ ეტაპზე პურის გაძვირებას არ ელოდება, მაგრამ bm.ge-თან საუბარში იმ კომპონენტებს გამოყოფს, რომელიც პურის ფასწარმოქმნაში ძირითად როლს თამაშობენ.

დოლიძე მათ შორის ქსელური მარკეტების როლს გამოყოფს, რაც მისი თქმით, პურის ფასს 15-20 თეთრით აძვირებს.

„ქსელური მარკეტები ითხოვენ ე.წ. ქეშ-ბექს ანუ პური რომ გაგაყიდინონ მარკეტებში, ისინი ითხოვენ გარკვეულ პროცენტებს. ადრე ეს იყო 5% პურის ღირებულების, ახლა კი, გაზარდეს და 12%-ია. ესაა ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც ძალიან მძიმეა, მაგრამ გეუბნებიან, რომ პურის ნავაჭრიდან 12% მათ უნდა წაიღონ; ასე ვთქვათ, გადაწყვიტეს, პურზე გააკეთონ ფული და ეს დააწვა პურის ღირებულებას, ესაა მთელი უბედურება. არის კიდევ სავაჭრო აქტივობის კომპონენტი, საიდანაც 3-4 პროცენტი მიაქვთ“, – განმარტა დოლიძემ.

ამასთან, პურის ცხობის მეწარმეთა თბილისის ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, საჭიროა, არსებობდეს ხორბლის ბაზრის მარეგულირებელი კომისია, რომელიც ადრე იყო და ახლა არააა.

„მარეგულირებელ კომისიას ფასის რეგულირება ევალებოდა. ახლა აბსოლუტური თავისუფლებაა. ჩემი აზრით, საჭიროა, არსებობდეს ხორბლის ბირჟაც, უნდა იყოს საშუალო ფასი, ასევე, რესპუბლიკისთვის მარაგები უნდა იყოს შექმნილი, რომ ასეთი გაძვირების დროს „სტაბილიზატორი“ ჩაირთოს“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

რაც შეეხება პურის ფასწარმოქმნაში მონაწილე სხვა ფაქტორებს, ის გამოყოფს საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირებას (1 ტონა – 800 ლარი), ასევე სატრანსპორტო და სხვა ხარჯებს.

„შესაფუთი მასალები, გაძვირებული საწვავი, საცობები, რომელშიც დისტრიბუციის მანქანებს უწევთ დგომა – ბევრი ნიუანსია, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ჯამში, ურის ფასის წარმოქმნაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარია რკინიგზა, რომელსაც ხორბალი ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაქვს. ყველა თავისას იღებს და ბოლოს საწყალი მეპურე გამოდის გამძვირებელი და ქვეყნის დამაქცევარი“, – აღნიშნა დოლიძემ, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე პურის გაძვირება მოსალოდნელი არააა.

ამასთან, როგორც bm.ge-თან პურის ცხობის მეწარმეთა თბილისის ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, მათ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ყველა საჭირო და მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ინფორმაციით დაინტერესდა ნოდარ ხადურის უწყება.

შეგახსენებთ, გასული წლის 10 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის დავალებით, კონკურენციის სააგენტომ პურის ბაზრის შესწავლა დაიწყო.