რატი ობოლაძე – “სამშენებლო მასალების უსაფრთხოების დარღვევა დღეიდან 1.500-7.000 ლარით დაჯარიმდება”

რატი ობოლაძე - "სამშენებლო მასალების უსაფრთხოების დარღვევა დღეიდან 1.500-7.000 ლარით დაჯარიმდება"დღეიდან სამშენებლო მასალებისთვის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.

სამშენებლო პროდუქტების უსაფრთხოების შემოწმებასთან დაკავშირებით რადიო კომერსანტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე, რატი ობოლაძე ესაუბრა.

ობოლაძის განცხადებით, სამშენებლო პროდუქტების უსაფრთხოების კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, არსებობს როგორც ფულადი, ისე არაფულადი სანქციები. ფულადი სანქციები 1.500 ლარიდან 7.000 ლარამდე მერყეობს და მას სასამართლო დააწესებს.

ტექნიკური რეგლამენტი სამშენებლო პროდუქტების შესახებ გულისხმობს ამ დროისთვის, ოთხი სამშენებლო პროდუქტის : ცემენტის, არმატურის, სამშენებლო კაბელისა და პლასტმასის მილების ხარისხის ზედამხედველობას და ავალდებულებს ყველა რეალიზატორს, მათ შორის დისტრიბუტორს, იმპორტიორს და საქართველოში არსებულ მწარმოებლებს, დააკმაყოფილონ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები და წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. მათ შორის სერტიფიკატები.

ამ ოთხი პროდუქტის რეგულაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოირიცხოს ისეთი პროდუქტების არსებობა, რომლებიც არ შეესაბამება მოთხოვნებს და პოტენციურად სამშენებლო ობიექტების მდგრადობას შეუქმნის საფრთხეს.

ბუნებრივია, საქართველოში სამშენებლო მდგრადობის პრობლემა გლობალურად არ დგას, მაგრამ ვინაიდან, განვითარებული ინფრასტრუქტურის ქვეყნებს აქვთ ეს რეგულაცია, მათ შორის ევროპის ქვეყნებს, ჩვენი კანონმდებლობაც ნელ-ნელა უახლოვდება ევროპას და შემოვიღეთ ეს რეგულაცია. მეორე მხრივ, ეს გვაძლევს იმას, რომ კონკურენცია იქნება უფრო სამართლიანი.

კონტროლი ორ ნაწილად მიმდინარეობს, საზღვარზე და ბაზარზე პროდუქტის განთავსების შემდგომ. ჩვენი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ფიზიკურად შეამოწმებს და თუ საჭირო გახდა ბაზრების შემთხვევაში, მოხდება ადგილიდან აღებული ნიმუშების გადაგზავნა, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ლაბორატორიებში. ეს კანონმდებლობით გათვალისწინებულია და ჩვენ გვაქვს იმის ბიუჯეტი, რომ გამოვიკვლიოთ რეალურად შეესაბამება თუ არა პროდუქტი, მახასიათებლებს.

რაც შეეხება სანქციებს, არსებობს, როგორც ფულადი, ისე არაფულადი სანქციები. არაფულადის შემთხვევაში ჯერ ხდება რეალიზატორის გაფრთხილება და შემდეგ შეჩერება გარკვეული დროის განმავლობაში. არის უფრო მკაცრი შემთხვევა, როცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ხდება, – ამბობს რატი ობოლაძე.

კომერსანტი