რატომ არ მივიდა გახარია სამებაში საშობაო წირვაზე

რატომ არ მივიდა გახარია სამებაში საშობაო წირვაზედაიწყო თუ არა ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, რა ვალს უბრუნებს “ოცნება” საპატრიარქოს, რას უკავშირდება გახარიას გაუჩინარება, რა შეცდომას უშვებს ივანიშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– ირაკლი კობახიძე ბოლო დროს საკუთარ თავზე ბევრს იღებს. ის სინოდის საქმეებშიც ერევა უკვე. ამის გამო მას დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ურჩია კიდევაც, ჯობია, თმის ნაცვლად წვერი მოუშვასო. ერევა პარლამენტის სპიკერი სინოდის საქმეებში?
– ქართული გონიერება ჯერ კიდევ მყიფეა. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვერაფრით ვერ ჩაერევა საპატრიარქოს საქმეებში, იმიტომ, რომ პირიქით ხდება – ის საპატრიარქოს ინტერესებს განავრცობს. შესაბამისად გამორიცხულია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა, მიმდინარე ეტაპზე საპატრიარქო აიძულოს, მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოს.
სამაგიეროდ, საპატრიარქოს აქვს იმის ბერკეტები, რომ ხელისუფლება აიძულოს, მისი ინტერესები გაატაროს. ამ შემთხვევაში ერთგვარი ვალის გადახდის პროცედურა მიდის საპატრიარქოსთვის.
სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაში სიტყვის თავისუფლებაზე ფრაგმენტის გამოყოფა, სულაც არ უკავშირდება იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მის მიმართ იყო არაკორექტული განცხადებები. ასეთ არაკორექტულ განცხადებებს სიტყვის თავისუფლების დასავლური სტანდარტები ითმენს. მით უფრო ის ამერიკული სტანდარტი, რომელიც საქართველოში მუშაობს.
ეს ყველაფერი ზურაბიშვილისთვის უცხო არ უნდა ყოფილიყო, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ საფრანგეთის მოქალაქე გახლდათ. გამოხატვის იმ თავისუფლებებთან შედარებით, რომლებიც ფრანგულ დემოკრატიას ახასიათებს, ქართული გამოხატვა იმ ფორმით, რომლითაც ქალბატონ სალომეს არ მოსწონს, დედის რძესავით ტკბილია.
სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის გაკეთებული განცხადება საპატრიარქოს ნების გამოხატვა იყო.
ქართველმა პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით ოპოზიციამ საპატრიარქოს ენა მოუჩლიქეს. საშობაო ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლებაზე წარმოჩენილი მომენტები მიიჩნიეს, როგორც ეკლესიის კეთილი ნება – მოწოდება შემრიგებლობისკენ, აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
ეს არის იდეოლოგიური ბაზა, საპატრიარქომ ხელისუფლებას მესიჯად მისცა დავალება. ის, რაც შემდგომ ირაკლი კობახიძემ თქვა, ამ ხაზის გაგრძელება გახლავთ.
– საპატრიარქო რატომ გამოდის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ?
– საპატრიარქოს დღეს ყველაზე ნაკლებად აწყობს, რომ ის ამხილონ. აი, ეს გახლავთ ამ დავალების ამოსავალი წერტილი. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, ხაზგასმით ვამბობ საპატრიარქოს, რომელიც საკუთარ წიაღში არსებული რიგი პრობლემების მიჩქმალვას ცდილობს.
ამ მიზნის მისაღწევად იმასაც კი არ ერიდება, რომ მასთან ვალში მყოფ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას კატეგორიულად მოსთხოვოს, რომ საპატრიარქო კრიტიკისგან საკანონმდებლო დონეზე იყოს დაცული.
– თქვენ ისაუბრეთ, რომ ხელისუფლება საპატრიარქოსთან ვალშია და იძულებულია, მისი მოთხოვნები შეასრულოს. ამას ხომ არ უკავშირდება გიორგი გახარიას ჩაჩოჩება? ეს ადამიანი პრემიერად მოიაზრებოდა, ძალიან აქტიურად ჩანდა, მაგრამ ერთ დღეს მეუფე იაკობმა თქვა, რომ გახარიას გაპრემიერებას არ დაუშვებს. ამის შემდეგ გახარია გაქრა.
– არა მგონია, რომ გახარიას გვერდზე გაწევა ამასთან იყოს კავშირში. საშობაო ეპოსტოლედან გამოჩნდა, რომ საპატრიარქო თვლის თავის თავს ხელისუფლებად. ამას ხელისუფლება ვერც კი ხვდება და ეს არის პირველ რიგში მათი პრობლემა.
ყველა ნათლად ვხედავთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ძალიან გაძლიერდა საპატრიარქო. მათ წამოაყენეს არაერთი ხილული თუ უხილავი მოთხოვნა. თქვენ მიერ ნახსენებმა მღვდელმთავარმა საერთოდ უტიფარი განცხადება გააკეთა, რაც სეკულარიზმის აშკარა დარღვევაა.
ჩვენ დავინახეთ ისიც, რომ თურმე სასულიერო პირს საერო პირისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების უფლება აქვს და ამაზე კურთხევას პატრიარქი იძლევა.
ახლა ის გვესმის, რომ პრემიერიც საპატრიარქომ უნდა დაგვინიშნოს. ეს დიდი მოულოდნელობა არ უნდა იყოს, რადგან სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე საპატრიარქოს ხელდასმული პირები ინიშნებოდნენ, რაც საერო ხელისუფლების სისუსტის მანიშნებელია. დღეს ეს სისუსტე ბევრად უფრო თვალნათელია.
– ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია დანიშნა.
– რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მისია და მან ის უნდა გააკეთოს, რაც საპატრიარქოს სურს.
შობის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში მე ბატონი გახარია ვერ ვნახე. თუ ის იქ პოლიტიკური მიზეზით არ მივიდა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.
– სწორი გადაწყვეტილება რატომ არის?
– გახარიას მიუსვლელობა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამით მან საპატრიარქოს მიანიშნა, რომ სასულიერო ხელისუფლებას უფლება არა აქვს, საერო ხელისუფლებას ასე ელაპარაკოს, როგორი ლაპარაკიც მოვისმინეთ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა