რატომ ყიდის ნინო ზამბახიძე ფერმერულ მეურნეობას – “ბიზნესს ბიუროკრატია აფერხებს”

რატომ ყიდის ნინო ზამბახიძე ფერმერულ მეურნეობას - "ბიზნესს ბიუროკრატია აფერხებს"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ ბიუროკრატიასა და ხარვეზებზე საუბრობს.

ამის შესახებ ზამბახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება გადაწყვეტილება, რომ „საკუთარი ფერმერული მეურნეობა გაყიდოს“.

საუბარია კონსოლიდირებულ ტენდერზე, რომლითაც 5 ობიექტის, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვის დაცვისა და ჯარის ყველით უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო.

ტენდერში ზამბახიძის კომპანიას შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონ“-ს დაბალი ფასი კგ-ზე 9 ლარი და 47 თეთრი ჰქონდა შეთავაზებული, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მიეცა.

სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „ჯორჯიან ბიზნესს ზონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური აღწერილობა არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნას.

„სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ ყველი დაფასოებული უნდა იყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1-6 კგ მდე (+-15 გრ). ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ აღწერილობაში მითითებულია, რომ ყველი დაფასოებული იქნება 1,5-5კგ-მდე.

ამასთან, არ არის მინიშნებული, რომ დაფასოება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, პრეტენდენტს არ აქვს მითითებული, რომ მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა იქნება საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე, რაც გათვალისწინებული იყო სატენდერო დოკუმენტაციით“-აღნიშნულია დისკვალიფიკაციის მიზეზად დოკუმენტაციაში.

როგორც ზამბახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალებია და რეალურად სისტემაში არსებული ბიუროკრატიის მსხვერპლია.

„პრობლემა იმაშია, რომ როდესაც დისკვალიფიკაციის განმარტებას არ დავეთანხმეთ, გვითხრეს, რომ გაგვესაჩივრებინა, მაგრამ, როდესაც გასაჩივრებამდე მივიდა საქმე, ვნახეთ, რომ დავების საბჭო აღარ არსებობს. შემდეგ გვითხრეს, რომ სასამართლოში წავსულიყავით. ხოლო როდესაც სამართლებრივი გზით წავედი, აღმოჩნდა, რომ კანონში არის ისეთი ჩანაწერი, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ თუ არა დავას – ისინი არ გინაზღაურებენ ზარალს და მხოლოდ იმ თანხას აგინაზღაურებენ, რაც ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე გაქვს გაწეული.

ეს კი ბიზნესისთვის მაქსიმუმ ათასი ლარია. რაც უსამართლო ჩანაწერია. აქ მხოლოდ ჩემს ბიზნესზე არ არის საუბარი, საუბარია ყველა იმ მეწარმე სუბიექტზე, რომელიც ამ გზას გადის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამით პარლამენტი დაინტერესდეს და აუცილებლად მექნება მათთან კომუნიკაცია. საჭიროა ამის საკანონმდებლო დონეზე შეცვლა, რადგან ასეთი ბიუროკრატია ქვეყანაში, ვფიქრობ, სწორედ ეს აფერხებს ბიზნესს.

მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარი მეწარმეობის განვითარებისთვის დიდ ენერგიას ხარჯავენ, ბიუროკრატიის მსხვერპლი არ გახდნენ და არ ჰქონდეთ განცდა, რომ ქვეყანაში არის უსამართლობა,“-აღნიშნა ზამბახიძემ.