რუსეთში თვითმფრინავის ავღანეთში გატაცება სცადეს – ბორტი ხანტი-მანსიისკში დაჯდა

რუსეთში თვითმფრინავის ავღანეთში გატაცება სცადეს - ბორტი ხანტი-მანსიისკში დაჯდა22 იანვარს, რუსეთში, სურგუტი-მოსკოვის რეისით მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა 41 წლის მამაკაცმა პაველ შ.-მ პილოტებს ფრენის დროს მიმართულების შეცვლა და ავღანეთში ჩაფრენა მოსთხოვა. პილოტმა თვითმფრინავი შემოაბრუნა და იგი ავღანეთის ნაცვლად უკან ხანტი-მანსიისკის ოლქის მიმართულებით წაიყვანა.

თვითმფრინავის ბორტზე 69 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებული იყო

რუსეთის სამართალდამცავების ინფორმაციით, მამაკაცი ფსიქიურად არ არის ჯანმრთელი და რამდენჯერმე იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით, მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ხულიგნობის გამო.

პილოტებმა ავიადისპეტჩერებს თვითმფრინავის ხანტი-მანსიისკის აეროპორტში დასმის უფლება მოსთხოვეს. აეროპორტის სათადარიგო ბილიკზე დაჯდომის შემდეგ, თვითმფრინავში სპეცრაზმელები ავიდნენ და გამტაცებელი დააკავეს. ჩხრეკის დროს მათ მამაკაცს იარაღი ან რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოუჩინეს.

წყაროს თქმით მამაკაცი სავარაუდოდ მთვრალი იყო.

მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაზარალებულან. შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, მგზავრებს თვითმფრინავში დააბრუნებენ და მოსკოვის მიმართულებით გაუშვებენ.

ნიუპოსტი