„უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ“ – მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონს მიმართავს

„უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ“ - მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონს მიმართავსჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სოციალურ ქსელში სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონს პასუხობს:

“ქვეყნის სიყვარული, ღვთისა და ერის წინაშე მიღებული მღვდელმთავრული პასუხისმგებლობა მაიძულებს ვუპასუხო არათუ დასმულ შეკითხვებს, არამედ თქვენს მიერ გამოთქმულ ცილისწამებასაც. თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული. ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ.

ჩემი გულისტკივილი და მწუხარება გამოიწვია ეკლესიაში დაგროვილი პრობლემური საკითხებისადმი გულგრილობამ და არასათანადო მიდგომამ. თითქმის 2 წელიწადი გავიდა მას შემდეგ რაც უდანაშაულო სასულიერო პირი პატიმრობაშია, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დიდ განსაცდელშია და ამ ფაქტით ყველა ჩვენთაგანი როგორც მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ…

როდესაც საპატიმროში მოვინახულე დეკანოზი გიორგი მამალაძე და მოვისმინე მისგან დეტალური ახსნა აბსურდული ბრლადებების საპირწონედ, დავრწმუნდი რომ ეს ადამიანი არც მკვლელია და არც დამნაშავე, ის მხოლოდ მსხვერპლია უსამართლობის და უზნეობის, რომელსაც უპირობოდ და უკომპრომისოდ უნდა ვებრძოლოთ და დავუპირისპირდეთ. თქვენ კი უსამართლობასთან, უზნეობასთან, უპრინციპობასთან და ფარისევლობასთან დაპირისპირება მზაკვრულად გინდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დაპირისპირებად წარმოაჩინოთ, ამით ნუთუ ვერ ხვდებით რომ საქართველოს ეკლესიის მამამთავარს ნებსით თუ უნებლიედ აიგივებთ ამ ყველაფერთან და ლოგიკურად თავად მიდიხართ მის დისკრედიტაციამდე.

ციანიდის საქმის რეზონანსულობის მიუხედავად თქვენგან არასდროს გვსმენია ამ საკითხზე საჯაროდ გამოხატული აზრი. ნუთუ, მართლა გჯერათ, ეკლესიისთვის მეტად შეურაცხმყოფელი და ცინიკური ვერსიისა, რომ დეკანოზი ციანიდით მიემგზავრებოდა გერმანიაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაწამლად და ამ ბოროტებას სჩადიოდა კარიერული წინსვლისათვის. ანუ მკვლელ და დევნილ დეკანოზს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ეპისკოპოსად გამოარჩევდა და აკურთხებდა?! მაშინ როდესაც, როგორც დეკანოზი იხსენებს კათოლიკოს პატრიარქი ციანიდის საქმემდე რამდენიმე თვით ადრე პირადად სთავაზობდა მას ახალი ეპარქიის შექმნას ქობულეთში და მღვდელმთავრად გამორჩევას, თუმცა მამაომ ამ შეთავაზებაზე თქვენგან განსხვავებით თავი ღირსად არ ჩათვალა და უარი განაცხადა! თქვენ კი ამ ყველაფერზე გვავალდებულებთ დუმილს? ისევე როგორც, თქვენის აზრით უნდა დადუმებულიყო ეკლესია 80-იან წლებში უდანაშაულო მღვდლის დახვრეტისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო ავადსახსენებელი 90-იანების მოვლენებისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო კრემლის დავალებით ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობისას, თქვენის ჩათვლით? ესეთი აზროვნება ხომ საბჭოთა მემკვიდრეობაა და სამწუხაროდ თქვენი სიტყვიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე თქვენში დავინახე საბჭოთა ადამიანი, მწყემსი კეთილის ნაცვლად.

როგორც ვიცით, უფალი არათუ მართალ და უდანაშაულო, არამედ ცოდვილ ადამიანსაც არ ტოვებს მისი მფარველობის გარეშე. მოციქულთა 52-ე კანონი სწორედ ამაზე მეტყველებს: ,, ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც ცოდვისაგან მოქცეულს არ შეიწყნარებს, არამედ განაძევებს, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს, რადგან ის თავისი ქმედებით ქრისტეს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა: “… ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა…” (ლუკ. 15,7). (I მსოფ. 8; ტრულ. 43,102; ბასილი დიდი 74). ასევე უნდა გვახსოვდეს ფსალმუნის სიტყვები: ,,ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა’’(ფს. 105. 3). აქვე მინდა შეგახსენოთ რომ ადამიანისთვის მთავარი ადამაინობაა, ჯერ უნდა იყო კაცი, მერე მღვდელი და მერე მღვდელმთავარი. თქვენ ეტყობა ფიქრობთ რომ ,,კაცობა’’ მღვდლობითა და მღვდელმთავრობით მოიპოვეთ, თქვენგან განსხვავებით მსგავსად არასდროს მიფიქრია და მღვდელმთავრობა ეკლის გვირგვინად მივიღე, თქვენგან უკვე ძმარიც კი შევსვი. ეკლესიაში კი ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის დარდმა და ბოლო ჟამის განცდამ მომიყვანა და გადავწყვიტე სულის საცხოვნებლად მონოზვნური ცხოვრება ამერჩია, თუ გამოქვაბულში არა, საქართველოს რომელიმე ერთ-ერთ მონასტერში ვყოფილიყავი ღვთის სათნო მონოზონი და თავი ღმერთისა და სამშობლოსათვის შემეწირა. დანარჩენი კი ღვთის ნებად უნდა მივიჩნიოთ. რამეთუ მაღალ სასულიერო წოდებაზე არასდროს მიფიქრია. ნუთუ თქვენ არც ღვთის ნება გამოგიძიებიათ არასდროს? მხოლოდ პატრიარქის ნებას ეძიებთ?!

კანონიკური სამართლის მიხედვით, ეპისკოპოსს რომელსაც ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს… ნურავის ეგონება, რომ საეკლესიო სასამართლოსაგან ამ ეტაპზე თავის არიდებით, რაიმე სარგებელს მიიღებს (მოც. 34, 37, 75; II მსოფ. 6; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8, 10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9). მაშინ როდესაც ჭყონდიდელ მიტროპოლიტს საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა საჯაროდ ცილი დასწამა და პატრიარქის მოკვდინებაში დაადანაშაულა თქვენ რატომ არ დაინტერესდით? თუ ეს ბრალდება სიმართლეს შეესაბამებოდა მაშინ ,,დამნაშავე’’ უფრო მეტ რისხვას არ იმსახურებდა? ვიდრე, მაშინ როდესაც გულისტკივილით თქვა რომ პატრიარქის ქმედება უდანაშაულო მღვდელთან მიმართებაში არ იყო მწყემსი კეთილის საქციელი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ, როგორც სინოდის წევრი რატომ არ დაინტერესდით მღვდელმთავრის მიმართ ამ ბრალდებით? ნუთუ არ გესმით რომ ერთი ადამიანის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის?!

თქვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ. მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს ხმა აღვიმაღლო ამ უსამართლობისა, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ თითქოს სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. ეჭვი მიჩნდება რომ სინდისის ხმას არასოდეს აყოლილხართ ან არ შეუწუხებიხართ და არ განგიცდიათ სინდისის ზეწოლა ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. და რა დოზითაც ჩაერიეთ 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის შიდა საქმეებში, როგორც ჩანს ეს არ იყო არც რწმენით, არც სინდისის ხმით ნაკარნახევი და არც ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული. ეჭვი მაქვს, რომ სინდისი როგორც პატარა ღმერთი არ გაგაჩნიათ. ამიტომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას, სინდისის გარეშე კი ადამიანი ნამდვილად არის ცოცხალ-მკვდარი!

კართაგენის საეკლესიო კრების თანახმად ვითხოვ საეკლესიო სასამართლოს, სადაც იქნება განხილული ყველა ბრალდება და იმ შემთხვევაში თუ არ დამტკიცდება კათედრა უნდა დატოვოთ (კართაგენის 100 კან.) ასევე ვითხოვ ექვსი თვის ვადაში თქვენი ქმედებების განხილვა წარმოებაში მიიღონ მეზობელმა ეპისკოპოსებმა (იხ. კართაგენის 121 კან.) ერში შფოთის, დავისა და გაუგებრობის ასაცილებლად.

თქვენი საგარეო პოლიტიკური სიმპატიები კი მახსენებს მიტროპოლიტ დიმიტრი აბაშიძეს, როდესაც საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის ჟამს ამბობდა: ,,დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი და საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდება’’, მისი ადგილი კი ისტორიული სამართლიანობით სამშობლოში ნამდვილად არ დარჩა…

უსინდისობის შემთხვევაში ძალიან მარტივია ადამიანი დაადანაშაულო და ქამის მსგავს პიროვნებას შეადარო, რომელმაც მამას დასცინა. წარმოუდგენელია ვერ გაგერჩიათ ჩემი გულისტკივილით ნათქვამ სიტყვა ცინიზმისაგან!

როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, ადამიანი რომ განკურნო უნდა იცოდე რითია დასნეულებული: ზედმეტი მხურვალებისაგან თუ პირიქით – ზედმეტი სიგრილისაგან. თქვენს შემთხვევაში ფარისევლობის მხურვალებას ვხედავთ და დაგროვილი პრობლემებისადმი გულგრილობას. თქვენზეა ნათქვამი უფლის სიტყვები: ,,მშვილდივით მოუზიდავთ ენა სიცრუისთვის და უმართლობით მტკიცდებიან ამ ქვეყანაზე, რადგან სიავიდან სიავისკენ მიიწევენ, მე კი არ მცნობენ” (იერემია 9. 3.).

თქვენს სიტყვებს რომ მივენდოთ ეკლესიაში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, გაბრწყინვებამდე ცოტა გვაკლია და სადაცაა აღთქმულ ქვეყანაში შევალთ. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ეპოქაშიც რუის-ურბნისის კრების მოწვევამდე შეიძლება ბევრი სასულიერო თუ საერო პირი ფიქრობდა ასე…

რჯულის კანონის მიხედვით: ,,არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ დრო არის საკმარისი განკურნებისათვის, რადგან კურნებას დრო კი არ მოიტანს, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მისი, რომელსაც სურს მოიქცეს, და ისწრაფვის, განიკურნოს თავი… მე მწამს, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა ნიშანს და ძღვენს არ შეურაცხყოფ. თუნდ შენს მაღალგონიერებაზე დაბლა იდგეს იგი’’.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვის მშვიდობით. ამინ!” – ნათქვამია განცხადებაში.