ვინ არის მხატვარი თამარ მოდებაძე, რომელიც იტალიაში სასტიკად მოკლეს

ვინ არის მხატვარი თამარ მოდებაძე, რომელიც იტალიაში სასტიკად მოკლესარასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტის იმედის“ ხელმძღვანელი იტალიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, თამარ მოდებაძე ნაწამებია.„კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან ამ წუთებში.

ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს…

იმედია, სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯის. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალბატონ თამარს!“- წერს სიხარულიძე.

მისი თქმით, ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები” ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.

თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.

თამარ მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ბიოგრაფია უცხოურ კატალოგებშია შეტანილი. 2015 წელს მხატვარი კვიპროსიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო მილანში MAD გალერეაში გამართულ გამოფენაში, სადაც მის ორ ნამუშევარს – “მღელვარე ზღვა” და “ხუთი განზომილება” ხელოვნებათმცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს. მიუხედავად სერიოზული აღიარებისა, ძალიან თავმდაბალი ადამიანია, საკუთარ თავზე ლაპარაკი მართლა უჭირს და თვლის, რომ ნიჭიერება და ადამიანობა უბრალოებაშია…

„შინაგანად ყოველთვის ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები. ჩემი ქართული ბუნება და ხასიათი ვერც იტალიამ შეცვალა და ვერც კვიპროსმა.

ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემ ქვეყანაში საკუთარი სახელოსნო მქონოდა და იქ მემუშავა.

– რომელია კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ?

— როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?“- აცხადებდა ემიგრანტი ქალი.

თამარ მოდებაძე ნეაპოლში სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მოკლა.

3-დღიანი ძებნის შემდეგ მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს.

მოკლულის ახლობლები ყვებიან, რომ პირველადი ინფომრაციით ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. მან, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა – დაკარგულია თანხა და საბუთები.

იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის საქართველოშია.

ნიუპოსტი