ზვიად კუპრავა – “ივანიშვილს საქართველოში კანაფის პლანტაციებს არ გავაშენებინებთ”

ზვიად კუპრავა - "ივანიშვილს საქართველოში კანაფის პლანტაციებს არ გავაშენებინებთ"რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ სკანდალური მასალა გაავრცელა. მან და მისმა მეგობრებმა ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში 4 ჰექტარზე გაშენებული კანაფის პლანტაცია აღმოაჩინეს.
მათ თავიდან კადრები დრონით, 20 მეტრის სიმაღლიდან გადაიღეს. მერე პლანტაციაშიც შეძლეს შესვლა და იქ დასაქმებულებსაც გაესაუბრნენ. მათ აღიარეს რომ პლანტაციაშო ჰიბისკუს კანაბინუსი, იგივე კენაფი ჰქონდათ დათესილი.
სავარაუდო კანაფის პლანტაციები კომპანია “ჯორჯია ინ ზი ვორლდს” აქვს გაშენებული.
კუპრავას გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომას, სადაც ბიძინა ივანიშვილმა პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტიდან გაწვეულ იქნა მისი ნაფერები კანონი. საუბარია კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე.
საზოგადოებისგან განსხვავებით, პლანტაციის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუჩენიათ სამართალდამცავებს. კუპრავამ და მისმა მეგობრებმა შსს მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგ დააინტერესეს.
გუშინ, 9 იანვარს, მოხდა ზვიად კუპრავას გამოკითხვა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
როგორ აიძულეს შსს, ამ საქმით დაინტერესებულიყო, რა ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ სამართალდამცავები, რატომ ეწინააღმდეგებიან ნარკომანები კანონს კანაფის კულტივაციის შესახებ? – ამ თემებზე ზვიად კუპრავა “ახალ თაობას” ესაუბრება.
ზვიად კუპრავა:
– მე 5 იანვარს გავავრცელე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყვარლის რაიონში გაშენებულია კანაფის პლანტაცია. წარმოვადგინე ამის ფოტო და ვიდეომტკიცებულებები. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალებასაც მივეცი ინტერვიუ, მაგრამ ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაინტერესდა.
დაინტერესებას ვინ ჩივის, მათ ოფიციალურად თქვეს უარი საქმის აღძვრაზე. კანაფის პლანტაციასთან დაკავშირებით, 8 იანვარს ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა პრესა.გე-მ. საიტი შსს-საც დაუკავშირდა კომენტარისთვის.
შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტს დაუყოვნებლივ არ უპასუხეს და ინფორმაციის გადამოწმებისთვის დრო სთხოვეს. როგორც პრესა-გე-ს ჟურნალისტმა მითხრა, მათ ცოტა ხანში დაურეკეს სამინისტროდან და პასუხიც უთხრეს.
პრესსამსახურის პასუხი ასეთი იყო, რომ ისინი გაეცნენ ჩემს მიმართვას (საგანგებო მიმართვა სოციალური ქსელით მქონდა გავრცელებული, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი, რა ვნახეთ პლანტაციაში) და პლანტაციის მწარმოებელი კომპანია ,,ჯორჯია ინ ზე ვორლდ“-ის განმარტებასაც. ეს კომპანია ადასტურებს, რომ მოშენებული მცენარე ნამდვილად ჰიბისკუს კანაბინუსია, იგივე კენაფი, მაგრამ ამტკიცებს, რომ მას არაფერი საერთო არ აქვს კანაფთან. ამ პასუხიდან გამომდინარე შსს-მ გამოძიების დაწყება საჭიროდ არ ჩათვალა.
მანამდე არაერთხელ მივმართე შსს-ს და პროკურატურას, მაგრამ პლანტაციებით არავინ არ დაინტერესებულა. ჩემთან უბნის ინსპექტორსაც კი არ დაურეკია.
როცა პრესა-გე-სთან საუბარში შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი ამ საქმის გამოძიებას არ აპირებდნენ, სოციალური ქსელით ახალი მიმართვა გავავრცელე. მოვუწოდე ყველას, დაგვერეკა 112-ში და გვეთქვა, რომ ყვარლის რაიონში კანაფის პლანტაციაა და გადაამოწმეთ ეს ფაქტი.
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავებს.
როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეაწუხა საზოგადოების ზეწოლამ და მათ გამოძიების დაწყება გადაწყვიტეს.
– ბევრმა ხალხმა დარეკა 112-ში?
– ძალიან ბევრმა, იმდენად ბევრმა, რომ გამოძიების დაწყება გადაწყვიტეს.
– სხვანაირად რომ ვთქვათ, შეაღონეთ და ამის გამო დაიწყო გამოძიება.
– ასე გამოდის. სანამ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ მივიღეთ, ათეულობით ადამიანი რეკავდა 112-ზე. ამ კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე საათში დამირეკეს შსს-დან და გამოკითხვაზე დამიბარეს. გამოკითხვაზე 9 იანვარს 13 საათზე მივედი.
– როგორ ჩაიარა გამოკითხვამ?
– გამოძიებას სრული ინფორმაცია მივაწოდე. ვუთხარი, სად იყო პლანტაცია, რა და როგორ ვნახეთ და ა.შ. მკითხეს იმ ვიდეომასალის შესახებაც, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
ეს ვიდეომასალა ერთ ჟურნალისტს აქვს, მაგრამ შემიძლია გამოვართვა და გადავცე გამოძიებას. ამით დიდად არ დაინტერესებულან. სამაგიეროდ, აინტერესებდათ წყარო.
ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო. მართლა მაინტერესებს, რატომ დაინტერესდნენ წყაროთი და არა – ინფორმაციით. დანაშაული ინფორმაციის ფლობა კი არ არის, დანაშაული ისაა, რაც ყვარელში ვნახეთ.
წყარო, ბუნებრივია, არ დავუსახელე, სამაგიეროდ დეტალურად ავუხსენი, სად იყო ეს პლანტაცია.
– პლანტაცია ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანშია?
– შაქრიანი ყვარელს კი ეკუთვნის, მაგრამ თელავთან არის ახლო.
– იმედი გაქვთ, რომ საქმეს გამოიძიებენ?
– საქმის გამოძიების იმედი არ მაქვს. არც იმის ილუზია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბრალს წაუყენებენ.
– აბა რა აზრი აქვს ამ გამოძიებას?
– მთავარია, რომ გამოძიება დაიწყო. ადრე თუ გვიან ეს შედეგს მოიტანს. ჩემი მიზანიც ეს იყო. როგორც უკვე გითხარით, გამოძიებას ყველაზე მეტად წყარო აინტერესებდა.
გამომძიებლები დამპირდნენ, რომ ისინი აუცილებლად მივლენ ადგილზე და ექსპერტიზისთვის ნიმუშებს ამოიღებენ.
დღეის მდგომარეობით, ეს პლანტაცია არ არსებობს.
კანაფი სეზონურია და ის თუ სათბურში არაა, მთელი წელი, ბუნებრივია, ვერ იყვავილებს. იქ სათბური არ იყო. მცენარე ღია ცის ქვეშ ჰქონდათ გაშენებული.
– იქნებ კიდევ არის რაღაც შემორჩენილი?
– ზუსტად ვიცი, რომ ახლა იქ არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ მოვასწარით გადაღება. ჩვენ ეს პლანტაცია ნოემბრის ბოლოს აღმოვაჩინეთ. ყველაფერი გადავიღეთ და ამ მასალას სად წაუვლენ. ყველაფერი გადაღებულია – ფოთლები, ყვავილები, “გალოვკები”…
აქ რომ კანაფი იყო დათესილი, ამას არც მწარმოებელი კომპანია უარყოფს. უბრალოდ ამბობენ, რომ ეს კენაფია, რომელიც არ აბოლებს. და ამით “აპრავებენ” თავიანთ წარმოებას.
– მართლა არ აბოლებს?
– ამ საქმის ექსპერტი არა ვარ და თავს ვერ დავდებ, რომ კენაფი აბოლებს, თუმცა, როგორც იქაურმა ბიჭებმა მითხრეს, კენაფი საკმაოდ კარგი მოსაწევი ყოფილა. მათ ეს მოსაწევი გასინჯული აქვთ.
ამ მცენარესთან დაკავშირებით ბევრ ბოტანიკოსს და ბიოლოგს ვესაუბრე. მათ მითხრეს, რომ კენაფს შეიძლება კანაფის დაბალი კონცენტრაცია ჰქონდეს, მაგრამ მისი დამტვერვის საფუძველზე კანაფის ნებისმიერი ჯიშის მიღებაა შესაძლებელი.
წინა ინტერვიუში, როცა ამ თემაზე ვსაუბრობდი ვიხმარე, ტერმინი დამყნობა. როგორც ბოტანიკოსებმა მითხრეს, ეს დამტვერვაა და არა – დამყნობა, შეცდომისთვის მკითხველს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ რაკი არ ვარ პროფესიონალი, მაპატიებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ ეს მცენარე არ აბოლებს, ამას მხოლოდ მწარმოებელი კომპანია ამბობს.
მნიშვნელობა არა აქვს, რას იტყვიან ისინი, ფაქტია, რომ საქართველოში კანაფის წარმოება დაიწყო. ნუ გვავიწყდება ის, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონი პარლამენტში იყო შეტანილი.
საპატრიარქო რომ არ ჩარეულიყო, კანონი გავიდოდა. ამ მიმართულებით მეუფე იაკობმა იაქტიურა ძალიან და კანონი უკან გაიწვიეს. ძალიან აქტიური იყო საზოგადოება. სოციალურ ქსელშიც დიდი პროტესტი იყო. მაშინ ივანიშვილი იძულებული გახდა, უკან დაეხია.
ეს უკანდახევა მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. 3 იანვარს ივანიშვილი შეხვდა “ქართულ ოცნებას”. შეხვედრა დახურული იყო, მაგრამ გამოვიდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქმა თანაპარტიელებს კანონის გამოწვევის გამო უსაყვედურა.
ამის გარდა, ვხედავთ, რომ არის 4 ჰექტარზე გაშენებული პლანტაცია, სადაც კანაფი დაითესა და მოსავალიც აიღეს უკვე.
ახლა როგორ დავიჯერო, რომ ამ ყველაფერთან ივანიშვილი კავშირში არ არის. ადამიანი არ მალავს რომ ამ სფეროს მიმართ დიდი ინტერესი აქვს. ამას არც საზოგადოება არ დაიჯერებს.
კანაფის პლანტაციაზე დაწერილ ჩემს პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას 3.000-ზე მეტი გაზიარება აქვს. ამ საკითხის მიმართ უდიდესი ინტერესია, ოღონდ ხალხი ნეგატიურად არის განწყობილი.
საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგია კანაფის კულტივაციის. ამას თავად ნარკომანებიც კი ეწინააღმდეგებიან.
– ნარკომანები რატომ ეწინააღმდეგებიან?
– ადამიანს, რაც არ უნდა ნარკომანი იყოს, არ უნდა, რომ მისი შვილიც ამ გზას დაადგეს. არაერთ ნარკომანთან მისაუბრია ამაზე და ყველას ასეთი პოზიცია აქვს.
საქართველოში არც ეკლესიას, არც ხალხს, არც პოლიტიკოსებს და ნარკომანებსაც კი არ უნდა ამ კანონის მიღება. ერთადერთი, ვინც ამ საკითხის გატანით არის დაინტერესებული, ბიძინა ივანიშვილია.
– ივანიშვილი არაა პატარა ძალა.
– პატარა ძალა არაა, მაგრამ ხალხთან არაფერი გაუვა. ყველა ამის წინააღმდეგი წავა და ივანიშვილს ისევ მოუწევს უკანდახევა. რუს ოლიგარქს საქართველოში კანაფის პლანტაციებს არ გავაშენებინებთ.
გაიჟღერა ვერსიამ, რომ ეს მცენარე სამედიცინო მიზნებისთვის არის დათესილი. ეს არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილი არის ნარკობარიგა. ჰექტრებზე როდესაც თესავ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ცხადია, რომ ეს არ გინდა პირადი მოხმარებისთვის და, რა თქმა უნდა, სარეალიზაციოდ არის გამზადებული,
ამიტომაც უნდობლობას ვუცხადებ ვერსიას, რომ მცენარე სამედიცინო მიზნით არის დათესილი

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა