ბათუ ქუთელია – „საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ევროატლანტიკური უსაფრთხოება მოიგებს“

ბათუ ქუთელია - „საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ევროატლანტიკური უსაფრთხოება მოიგებს“ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ნატომ შემდეგ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. ამბობს, რომ კარგად ესმის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ და პროცესი გრძელდება, მაგრამ მას აღმოსავლეთ გერმანიის პრეცედენტი მოაქვს მაგალითად, რომელიც საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების ოკუპაციის ქვეშ იყო.

გენერალი ანაკლიის პორტის მშენებლობასა და საქართველოს მეტ ჩართულობაზე შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ერთობლივი პროექტებით უნდა განხორციელდეს.

ჰოჯესის მოსაზრებების და მათი პრაქტიკაში განხორციელების შესახებ „ახალი თაობა“ აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს ბათუ ქუთელიას ესაუბრა.

_ როგორ შეაფასებთ ბენ ჰოჯესის განცხადებებს და როგორ ფიქრობთ, მისი განხორციელება პრაქტიკაში რამდენად განხორციელებადია?

_ ბენ ჰოჯესი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო მეთაური იყო თავისი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვებით. განსაკუთრებით ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ის საქართველოს მეგობარია და ძალიან ხშირად ჩამოდის ხოლმე მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ ხოლმე თბილისში. ასევე დეტალურად არის ინფორმირებული ამ დისკურსზე, რაც ეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემას. აქედან გამომდინარე მე აბსულუტურად ვეთანხმები ყველაფერს იმას, რაც მან ინტერვიუში თქვა. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან რეალისტური.

მეორე საკითხია, ამ რეალისტური გეგმის განხორციელებას რა კომპონენტები სჭირდება თავის ადგილზე.

_ რა კომპონენტები სჭირდება?

_ ეს არის საერთაშორისო კონტექსტი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების კონტექსტი და ასევე საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები. ის კომპონენტები, რომლებიც   აუცილებელია, ჩვენს მომხრეებს ჰქონდეთ, რათა დააჩქარონ საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

_ რა მოლოდინი გაქვთ ამ თვალსაზრისით?

_ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. ამით არამარტო საქართველო მოიგებს, არამედ მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოება მოიგებს ბევრს, ბევრს მოიგებს რეგიონალური უსაფრთხოება, ასევე იქნება ძალიან ძლიერი და სწორი ასიმეტრიული პასუხი რუსული აგრესიისთვის ევროპის მხრიდან, რომლის ერთ-ერთი ამოცანაც არის გაფართოების დაშვება. სწორედ ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება. ასევე ეს შედის ნატოს სტრატეგიულ ინტერესებში. როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კუთხით.

მეორე საკითხია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამას საქართველოს მხრიდან სჭირდება მაქსიმალურად უზრუნველყოფა იმ ძირითადი კრიტერიუმის, რასაც ჰქვია განუხრელი დემოკრატიული ტრანსფორმაცია.

აქ გარკვეული პრობლემები არის. ბოლო წლებში შეინიშნება სწორედ დემოკრატიის კუთხით ძალიან ბევრი უკან გადადგმული ნაბიჯი. რამაც შესაძლოა გაართულოს პროცესი. შესაბამისად, ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

_ არიან ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის ითვალისწინებენ რუსეთის პოზიციას და ვერ დგამენ ნაბიჯებს. ვგულისხმობ გერმანიას, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს. ხომ არ არის საჭირო მეტი დიპლომატიური მუშაობა?

_ ბუნებრივია. სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა პოზიცია აქვს. ასეთივე პოზიციები გვახსოვს ჩვენ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებაში. მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უზრუნველყვეს პროაქტიური დიპლომატიური მუშაობა. ძალიან ძლიერი ფრონტი გაშალეს ამ მიმართულებით. ასევე სწორად გამოიყენეს მიმდინარე გეოპოლიტიკური კონტექსტის სხვა პროცესები. მიაღწიეს ძალიან მყარ კონსენსუსს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიულობის ხარისხის გაუმჯობესება იყო ერთ-ერთი მთავარი საშუალება ამ მიზნის მიღწევისთვის.

სწორედ ეს უნდა გააკეთოს საქართველომაც.

პროაქტიურ დიპლომატიურ პოლიტიკას ასევე სჭირდება მყარი ეროვნული კონსენსუსი ქვეყნის შიგნით და ასევე რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები, რათა სკეპტიკოსებს არ მივცეთ არგუმენტები ჩვენსსაწინააღმდეგოდ.

_ ამ თემაზე ქვეყნის შიგნით კონსენსუსს თუ ხედავთ?

_ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80% უჭერს მხარს მეტ-ნაკლები ცვალებადობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ეს როგორც საგარეო პოლიტიკურ არენაზე, ასევე ხელისუფლებაზე ზემოქმედების კუთხით, რათა მან არ დაუშვას ნაბიჯების უკან გადადგმა დემოკრატიის კუთხით. იმიტომ, რომ დემოკრატიის გაუარესება ავტომატურად ნეგატიურად აისახება აი ამ ჩვენს პროცესზე.

_ ბენ ჰოჯესმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტებზეც. არსებობს ხოლმე ამ თემაზე შიში, რომ, შესაძლოა, ეს რუსეთმა გამოიყენოს და პროვოკაციები მოაწყოს. ალბათ არსებობს ეს რისკიც. როგორ შეიძლება ამ რისკის მაქსიმალურად თავიდან აცილება?

_ ეს რისკი არ არსებობს, თუკი იქნება კონკრეტული ქმედებები. უმოქმედობა იწვევს რუსეთის აგრესიას. გადაუწყვეტელობა პოლიტიკური თუ კონკრეტული ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების ვერგადადგმის კუთხით. სისუსტე დემოკრატიულობის კუთხით სისუსტე იწვევს სწორედ აგრესიას.

რუსეთის ქცევის ყველა მაგალითმა აჩვენა ეს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო პრინციპული და თანმიმდევრული იქნება ნატო შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სისტემის აშენების კუთხით, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ რუსეთმა გადადგას პროვოკაციული ნაბიჯები.

თორემ, რუსეთი აქამდეც დგამდა და დგამს ძალიან ბევრ პროვოკაციულ ნაბიჯს. მათ შორის ბოლოს ყირიმის ანექსია და შემდეგ უკვე უკრაინელი სამხედროების დაპატიმრება იყო. ასეთი პროვოკაციული ქმედება მან შეიძლება ბევრი მონახოს. ასე რომ, სტრატეგიული გათვლების გაკეთება იმაზე, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს, არის შეცდომა და მცდარი ნაბიჯი. ამან წარსულში ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა.

_ ანუ ყველაფერი მაინც ნატოს პრინციპულობაზეა დამოკიდებული?

_ დიახ. როგორც ნატოს პრინციპულობაზე, ასევე ჩვენს პრინციპულობაზე.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა