დიმიტრი ბიძინაშვილი – “ივანიშვილმა კალაძეზე შური იძია”

დიმიტრი ბიძინაშვილი - "ივანიშვილმა კალაძეზე შური იძია"დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რა ხდება სინამდვილეში, რა გაუბედა ივანიშვილს კალაძემ? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
– ვაკის გამგებლის  მოადგილის დაკავებას მეოცნებეთა შორის დიდი ამბები მოჰყვა – კორუფციის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლაო. ამ დაკავებამდე ერთი დღით ადრე სუსმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა. მართლა დაიწყეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა?
– ეს დაკავებები მოჩვენებითია და შიდაპარტიულ გარჩევებს უკავშირდება. ამათ მართლა რომ სდომნოდათ კორუფციასთან ბრძოლა, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს რამდენიმე წლით ადრე დააკავებდნენ. ჯერ კიდევ 2014 წელს იყო გაცხადებული, რომ ეს ადამიანი უამრავ კორუფციულ სქემებში იყო ჩართული. მის საქმიანობაზე ოპოზიცია და არასამთავრობოები ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” ამაზე ყური არავინ არ შეიბერტყა.
მმმართველმა პარტიამ მხოლოდ ამ დღეებში აღმოაჩინა, რომ ამ ადამიანმა აიღო ქრთამი. შიდა დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო, ამ ქრთამის აღებაც ისე ჩაივლიდა, როგორც სხვა კორუფციულმა გარიგებებმა ჩაიარა.
– უკვე ორჯერ ახსენეთ შიდა დაპირისპირება, რას გულისხმობთ? რას იყოფენ ან რას ვერ იყოფენ “ოცნებაში”?
– რა ხდება და მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილება. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლილი და თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია. მეოცნებეებმაც კარგად იციან, რომ კორუფციაში არიან ჩაფლულები, მაგრამ ამაზე თვალებს ხუჭავენ.
ხმას ერთადერთ შემთხვევაში იღებენ, როცა კორუმპირებული ჩინოსნის დაჭერა სჭირდება საქმეს ან რომელიმე კონკრეტულ ადამიანს.
– რას გულისხმობთ?
– კორუმპირებულებზე ნადირობა იწყება მაშინ, როცა რომელიმე მაღალჩინოსნის რეიტინგი ვარდება. ამ შემთხვევეაში რეიტინგი ბიძინა ივანიშვილს დაუვარდა. შემცირდა მისი გავლენებიც.
მისი რეიტინგის ვარდნის ფონზე, “ოცნების” ერთ-ერთი ფრთა საგრძნობლად მოძლიერდა. ბოლო დღეებში განხორციელებული დაკავებები სწორედ ამ ფლანგის დასუსტებას ისახავდა მიზნად.
– ვის ფლანგს ასუსტებს ივანიშვილი?
– კახა კალაძის ფლანგზე განხორციელდა შეტევა. ამ დაკავებების წინ ჩვენ ვიხილეთ აღტკინებული კალაძე. თბილისის მერი გამარჯვებული სახით გვაუწყებდა, რომ მან ვაკის პარკში სასტუმროს ,მშნებელობა შეაჩერა.
დედაქალაქის პირველი პირი ამას ტყუილად იბრალებს. ვაკის პარკში მშენებლობა 2012 წელს შეჩერდა. 2012 წლიდან მოყოლებული ამ ტერიტორიაზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ ჩატარებულა. პროცესის განახლება დღის წესრიგშიც კი არ იდგა.
– აბა რას ეკვეთა კალაძე ინვესტორს?
– ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად წამოწეული თემა.
– რაში დასჭირდა ამ თემის წამოწევა?
– სასტუმროს მშენებლობის თემის წამოწევამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში საშინელი ტრაგედია მოხდა – დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ტრაგედიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობა მერისგან ითხოვდა განმარტებებს. იმის ნაცვლად, რომ განმარტებები გაეკეთებინა, კალაძე გამოვიდა და სასტუმროს თემით შეეცადა ყურადღების გადატანას.
ის მთელი დღე ტელეეკრანებიდან არ ჩამოსულა – გვიყვებოდა, თუ რა მაგარია მერია და როგორ გმირულად გააჩერა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. ამ ამბიდან მეორე დღეს ქრთამის აღების ბრალდებით ვაკის გამგებლის მოადგილე დააკავეს, რაც ივანიშვილის შურისძიება იყო.
– ვისზე იძია შური?
– კალაძეზე. ოლიგარქმა მერს მისი ფლანგის გაძლიერება არ აპატია.
– იქნება ეს დაკავება მართლაც კორუფციასთამ წინააღმდეგ ბრძოლაა? თავად თქვით, რომ ის ადამიანი არაერთ კორუფციულ სქემაში იქნა მხილებული.
– კორუფციასთან ბრძოლის მოტივი გამორიცხულია. მართლა რომ სდომნოდათ კორუფციასთან ბრძოლა, ვაკის გამგებლის მოადგილეს ბევრად ადრე დააკავებდნენ. ივანიშვილმა ახლა გასცა ბრძანება და მოხდა კიდევაც დაკავება.
– ივანიშვილის ნებართვის გარეშე სუსი ვერ დააკავებდა კორუმპირებელ ჩინოსანს?
– ჩინოსნების დაკავების საკითხს პირადად ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. ვერცერთი უწყება ამას დამოუკიდებლად ვერ გაბედავს.
დარწმუნებული ვარ, წყალტუბოს გამგებლის დაკავების დავალებაც ოლიგარქმა გასცა. ისიც ვიღაცის კადრი იყო და იმ ვიღაცასაც დაუქნიეს ხელი.
“ქართული ოცნება” იმართება – მთავარია, ვიღაცის ინტერესები არ გადაკვეთო და შეგიძლია, უპრობლემოდ აიღო ქრთამი.
– ვისი ინტერესების გადაკვეთაა სახიფათო?
– პირველ რიგში ივანიშვილის. სარისკოა ასევე “ოცნების” ზედა ეშელონის რამდენიმე წარმომადგენლის ინტერესების გადაკვეთა.
მთელი მმართველი პარტია კორუფციაშია ჩაფლული. ქრთამს თითქმის ყველა იღებს.
მე გაგახსენებთ რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ გახმაურებულ დაკავებას. “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და აქტიური სახე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რა მომენტში დააკავეს ეს ახალგაზრდა კაცი.
ეს დაკავება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. იმ პერიოდში იწერებოდა საარჩევნო სიები. ყველამ კარგად ვიცით, რომ ოთარ აბესაძეს თბილისის საკრებულოში მოხვედრაზე ჰქონდა პრეტენზიები.
მისი სურვილი ზედა ეშელონებში ვიღაცის ინტერესებს არ დაემთხვა. ეს ოთარ აბესაძის დაკავებით დასრულდა. ისიც ჩააჩოჩეს და სხვა პრეტენზიულებსაც უთხრეს, რომ თუ არ გაჩერდებოდნენ, მათაც დააკავებდნენ. დღესაც იგივე ხდება – ივანიშვილმა კალაძეზე შური იძია.
– ამ ფორმით რატომ იძია შური? ისე რომ ეთქვა კალაძისთვის, დაოკდიო, არ დაოკდებოდა ვითომ?
– ივანიშვილს ამ ფორმით მოუნდა კალაძისთვის გაფრთხილების მიცემა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის, დაკავებითაც გააფრთხილეს კალაძე.
მას აგრძნობინეს, რომ დამოუკიდებლად თამაში ასეთი შედეგით შეიძლება დასრულდეს. თბილისის მერი როგორც კი დამოუკიდებლად დაიწყებს თამაშს, მას ოლიგარქი ეგრევე თავში ჩაარტყამს.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავარმა მეოცნებემ პარტიის გენერალური მდივანი სხვა რამისთვისაც დასაჯა.
ბოლო დროს კალაძის გამო “ოცნებას” ხალხის რისხვა დაატყდა თავს.
მთელმა საქართველომ იცის, რომ ყაზტრანსგაზის არაფორმალური მმართველი თბილისის მერია. კალაძეს არ უნდოდა, მაგრამ იძულებული გახდა, ყველაფერი, რაც ყაზტრანსგაზის გამო მოხდა, საკუთარ თავზე აეღო.
– რაში გამოიხატება, რომ მან ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო? ტრაგედიის მესამე დღეს გამოვიდა და ოპონენტებს უთხრა, გამოექანეთო.
– თბილისის მერმა რაც არ უნდა იღლიცინოს, საზოგადოება ყაზტრანსგაზის საქმიანობაზე მას აკისრებს პასუხისმგებლობას.
კალაძეს მორალი რომ ჰქონოდა, ამ ტრაგედიებზე მორალურ პასუხისმგებლობას მაინც აიღებდა. ყველასთვის ცნობილია რომ ყაზტრანსგაზი არის მისი.
მორალი რომ ჰქონოდა, კი არ იღლიცინებდა, არამედ გამოვიდოდა და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა. თანამდებობიდან გაათავისუფლებდა ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსს, რომელიც, ამავე დროს, ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორია.
– როგორი იქნება სამომავლოდ კალაძის ამბავი, ივანიშვილმა მხოლოდ გააფრთხილა თუ წაუსნიკერსებს და გააგრძელებს მისი ფლანგის აწიოკებას?
– ეს არის გაფრთხილება. კალაძე თუ რაღაცებს არ დაიწყებს, პროცესი შეჩერდება. როგორც კი რაღაცას გაბედავს, თავში ჩაარტყამენ. ეს არის და ეს მათი კორუფციასთან ბრძოლა.
თავში გითხარით, რომ ეს არის შიდა გარჩევები და მეტი არაფერი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა