დიმიტრი ბიძინაშვილი – “კალაძემ ივანიშვილს ფული მოუტეხა”

დიმიტრი ბიძინაშვილი - "კალაძემ ივანიშვილს ფული მოუტეხა"რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა დედაქალაქის საკრებულოს წევრები ჩამოამწკრივა და მათ ფონზე ერს ახალი გადაწყვეტილება ამცნო. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და კ2 კოეფიციენტების გაყიდვა.
ერის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ხმაურიანი სამადლობელი ფეისბუქ-პოსტებით შეხვდა. მათი თქმით, კალაძის წყალობით თბილისში ქაოტური მშენებლობები დასრულდება.
მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წევრ დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით კი, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილება სულაც არ არის ქაოტური მშვნებლობების შეჩერების სურვილით გამოწვეული.
ბიძინაშვილის თქმით, თბილისის მერს ამის გაკეთება მისმა შეფმა ბიძინა ივანიშვილმა აიძულა.
რატომ მიიღო კალაძემ ეს გადაწყვეტილება, რაში გამოიჭირა ის ივანიშვილმა, რატომ არის სახიფათო თბილისის მერის გაძლიერება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
დიმიტრი ბიძინაშვილი:
– კომედიური ჟანრის ფილმს ჰგავდა, როცა კალაძე გამოვიდა და გვითხრა, რომ უარს ამბობს სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვაზე. მან საკუთარ თავს საკუთარი ხელით აუკრძალა კოეფიციენტების გაყიდვა. ერთის მხრივ, რაღაც მომენტში თბილისელების გული მოიგო. მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილს დაანახა, რომ ის თავისი ხელით იზღუდავს იმ უფლებას, რისი გამოყენებაც მას, როგორც მერს, შეუძლია.
– ივანიშვილის დასანახად რატომ გააკეთა ეს?
– თავი და თავი ეს არის. კალაძე აქტიურად არის ჩართული სამშენებლო ბიზნესში და ამით ძალიან დიდ ფულს შოულობს. როგორც ჩანს, აქედან ივანიშვილამდე წილი არ მიდის.
ამის გამო ოლიგარქი თბილისის მერს გაუბრაზდა და მოსთხოვა, სამშენებლო კოეფიციენტების გაცემა შეეწყვიტა. ივანიშვილმა კალაძეს ასევე მოსთხოვა, რომ მის გარეშე ბიზნესის კეთებას შეშვებოდა.
ეს მოთხოვნა კალაძემ დაუყოვნებლივ შეასრულა. თბილისის მერმა “ოცნების” ლიდერის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? მის წინააღმდეგ ივანიშვილს უამრავი მტკიცებულებები აქვს და ფაქტობრივად მუჭაში ჰყავს მოქცეული.
– წინა ინტერვიუებში თქვენ თქვით, რომ ვაკის გამგებლის მოადგილის დაჭერით, ივანიშვილმა კალაძე გააფრთხილა. მერის ეს გადაწყვეტილება ამ პროცესებთან არის კავშირში?
– რა თქმა უნდა, კავშირშია. რუს ოლიგარქს თბილისის მერი ყურებით ჰყავს დაჭერილი და რასაც უნდა, იმას აკეთებინებს. სამშენებლო კოეფიციენტების ნებართვების გაცემის აკრძალვა გამოწვეულია იმით, რომ ივანიშვილმა კალაძეს დამოუკიდებელი თამაში და თბილისში საკუთარი ბიზნესინტერესების გატარება არ აპატია.
ივანიშვილმა გაიგო, რომ სამშენებლო კოეფიციენტებს კალაძე იმ სამშენებლო კომპანიებს უზრდიდა, რომლებთანაც თავად იყო დაკავშირებული. ამით თბილისის მერი ძალიან დიდ ფულს შოულობს და ამ ფულიდან ოლიგარქთან არ მიჰქონდა წილი. ამან ყველაფრის მოურავი ძალიან გაანაწყენა.
არავისთვის ახალი არ არის, რომ ის საქართველოს, როგორც შპს-ს, ისე უყურებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც თბილისია. მას თბილისიდან წილი შემოაკლდა და კალაძეს აღარ მისცა უფლება, რომ მას ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილებები სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდაზე.
– ამბობთ, რომ კალაძეს ივანიშვილთან წილი აღარ მიჰქონდა. დარწმუნებული იყავით, რომ ამის გამო ქოცების ლაშქარი ქოქოლას დაგაყრით, ივანიშვილს იმდენი ფული აქვს, ვიღაცის წილი რაში სჭირდებაო. ქოცები იქეთ იყვნენ და ეგ კითხვა მეც მაქვს, ადამიანს ამდენი ფული რომ აქვს, რაღა ჯანდაბად უნდა, სხვას წილში ჩაუჯდეს.
– მე ისიც მომისმენია რომ ბიძინას იმდენი ფული აქვს, რომ ქართველების არაფერი არ ჭირდება. მათი არგუმენტების გასაცამტვერებლად შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო.
რუს ოლიგარქს ძალიან ბევრი ფული აქვს, მაგრამ 1 ლარად გადაეცა პუშკინის სკვერი. აღარაფერს ვამბობ თაბორის მთაზე.
საინტერესო ამბავია კრიპტოვალუტის გადამამუშავებელი ქარხნები. სანამ ქარხნები ამუშავდებოდნენ, ივანიშვილმა ის ადგილი თავისუფალ სავაჭრო სივრცედ გამოაცხადა.
ადამიანს ამდენი მილიარდი აქვს და მისთვის დენის ტარიფია იმაზე ბევრად დაბალი, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის. მას დენი ფაქტობრივად უფასოდ მიეწოდება.
მეტსაც გეტყვით, თბილისის მერიამ ბიუჯეტის თანხები დახარჯა იმისთვის, რომ მისთვის ცალკე გენერატორები დაედგათ.
თუ ასეთი ქველმოქმედია და ჩვენგან არაფერი უნდა, რატომ არ ხარჯავს “ოცნების” ლიდერი თავის ფულს? აგვიხსნას, რატომ აკეთებს ჩვენი ფულით თავის ბიზნესს.
არაერთი მასალა გასულა მედიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპატრონებიან მისი ოჯახის წევრები ქვეყნის ქონებას და სტრატეგიულ ობიექტებს. ყველამ იცის, რომ რკინიგზაში ბიძინას დეიდაშვილს აქვს სერიოზული ინტერესები.
– კალაძის მტკიცებით, სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდით, თბილისში ქაოტური მშენებლობები შეწყდება. იქნებ ამ ქაოტური მშენებლობების გამო შემოსწყრა მას ივანიშვილი?
– გამორიცხულია. აქ უთახმოების მიზეზი არის ის, რომ კალაძეს ივანიშვილთან წილი არ მიჰქონდა. რაც შეეხება ქაოტური მშენებლობების შეჩერებას, მერი გვეუბნება რომ ამ ქაოსის აღმოფხვრა უნდათ და ამ დროს სამგორის მეტროსთან თვრამეტი 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე გასცა ნებართვა.
არც ის დაგვავიწყდეს ისიც, რომ მერმა “ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მისცა.
– ეს მშენებლობა ხომ შეჩერდა?
– ოპოზიციის აქტიურობის შედეგად, ეს მშენებლობა ახლა შეჩერებულია. სასაცილოა, როცა კალაძე ამბობს, რომ ქაოსი უნდა შეჩერდეს, ამ ქაოსს ის თავის ხელით ქმნიდა. ამით დიდ ფულს შოულობდა, მერე ამ ფულის ივანიშვილთან წაღება აღარ მოინდომა და ამის გამო დაისაჯა.
– წილის მიტანის შემთხვევაში კალაძე დაიბრუნებს სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდის უფლებას?
– რა თქმა უნდა. მანამდე, სანამ ივანიშვილთან დალაგდება, ის შავ ხვრელებს მაინც დატოვებს, რომ თბილისში თავისი ბიზნესი აწარმოოს. ამ ყველაფერს ის “ოცნების” ლიდერისგან მალულად გააკეთებს.
– დაეძაბება თბილისის მერს ოლიგარქთან ურთიერთობა?
– თბილისის მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს.
– “ოცნების” ლიდერთან მოუწევს ყველაფრის შეთანხმება?
– ყველა მის გადაწყვეტილებაში ოლიგარქის მარჯვენა და მარცხენა ხელები იქნებიან ჩართული. აწი თბილისში ისე იქნება, რა სურს ბიძინას და არა ისე, რა სურს კალაძეს.
ქაოსური მშენებლობები არ გაჩერდება, უბრალოდ, თბილისის მერი თავის უფროსს ამ საქმიდან ფულს ვეღარ მოუტეხავს.
– თუ ეს ყველაფერი მართლა ფულის გამო მოხდა, ივანიშვილს იმისაც ხომ არ შეეშინდა, რომ კალაძე მასზე ბევრ ფულს იშოვიდა. მილიარდების შოვნა საქართველოში ასე ადვილი არაა, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს.
– კალაძემ უკვე იშოვა ფული, მაგრამ ივანიშვილზე მეტ ფულს ვერ იშოვის. ეს ივანიშვილმაც კარგად იცის, მაგრამ არ უნდა, რომ თბილისის მერმა სერიოზული კაპიტალი დააგროვოს. დიდი ფულის პატრონი კალაძე მას შეიძლება ძალაუფლებაში შეეცილოს. ეს ოლიგარქს არაფერში სჭირდება.
მთავარი მიზეზი მათი დაპირისპირებისა ფულის მოტეხვაა, რასაც “ოცნების” ლიდერი მტკივნეულად განიცდის. ის ფულზედამოკიდებულია და ყველაფრისგან ფულის მიღება უნდა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა