დიმიტრი ბიძინაშვილი – “სუსში კალაძეზე სერიოზული კომპრომატები დევს… თბილისის მერი ეკა ბესელიას ბედს გაიზიარებს”

დიმიტრი ბიძინაშვილი - "სუსში კალაძეზე სერიოზული კომპრომატები დევს... თბილისის მერი ეკა ბესელიას ბედს გაიზიარებს"დაიწყებს თუ არა კალაძე თავისი გუნდის შექმნას, რა კომპრომატები დევს მასზე სუსში, რატომ ვერ უპირისპირდებიან ივანიშვილს “ოცნების” წევრები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
დიმიტრი ბიძინაშვილი:
– კახა კალაძემ რამდენჯერმე გააპიარა საკუთარი თავი და სცადა დაემტკიცებინა, რომ განსაკუთრებული მერია. რამდენჯერაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა, იმდენჯერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილისგან.
ჩვენ წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაიპიარა კალაძემ თავი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გაჩერებით, როცა სინამდვილეში ეს მშენებლობა რამდენიმე წლის წინ გააჩერეს.
როგორც კი დედაქალაქის მერმა ეს თავის თავზე დაიბრალა, სუსმა მისი კადრი, ვაკის გამგებლის მოადგილე, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
თბილისის მერი მაინც არ გაჩერდა და ზეწოლაც გაგრძელდა – “ოცნების” წევრებმა გამოიტანეს ინფორმაცია, რომ პარტიის ვაკის რაიონული ოფისიდან ფული მოიპარეს. ეს ფული კოორდინატორებისთვის უნდა დაერიგებინათ. ვაკის გამგებელმა კოორდინატორებს ფული ბიუჯეტიდან ჩაურიცხა.
ეს ერთ რამეზე მიუთითებს – როგორც კი კალაძე ოდნავ წამოიწევს, მის წინააღმდეგ გორდება ახალ-ახალი სკანდალები.
– ამ სკანდალებს უჩალიჩებენ თუ დედაქალაქის მერიც სცოდავს?
– ამ სკანდალებს თავადაც უწყობს ხელს. არ არის დამალული, რომ სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებშია ჩაფლული. ამის გარდა, გუნდში ვიღაცები მის წინააღმდეგ მოქმედებენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სუსში მასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული საქმეები დევს თაროზე. მათ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუდებენ წინ.
– რა საქმე დევს სუსში თბილისის მერზე?
– მის ცოლისძმაზე დევს კომპრომატები. როგორც კი თბილისის მერი თავისუფლად თამაშს გადაწყვეტს, ამ დოკუმენტებს ეგრევე გამოამზეურებენ.
წესით, კალაძეს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მას ამას ვერ გაუბედავენ. ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვლთან დაახლოებული პირი იყო, მაგრამ ვნახეთ, როგორ დაუნდობლად მოექცნენ მას.
– ბესელია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სკანდალური ფირები ნაციონალებმა გაავრცელეს.
– ნაციონალები აქ არაფერ შუაში არ არიან. მის წინააღმდეგ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ეს ქალი გუნდს დაუპირისპირდა. “ოცნების” ლიდერი სასტიკად ვერ იტანს, როცა ვინმე მის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ან დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას.
ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი სტილი – ვინც მისი თამაშის წესებით არ თამაშობს, ყველა შარში ეხვევა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ახლა მისი სამიზნე კახა კალაძეა. მან შეიძლება ეკა ბესელიას ბედი გაიზიაროს.
– რატომ ამოიღო მთავარმა მეოცნებემ კალაძე მიზანში? ეს ადამიანი დამოუკიდებლად დგამს რამე ნაბიჯებს?
– კახა კალაძე “ოცნებაში” ერთადერთი გამონაკლისია, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება. ამისთვის მას გააჩნია მთავარი – საკუთარი ფინანსური რესურსები. ამის გარდა, ის ყველაზე მსხვილი საჯარო სექტორის – თბილისის მერიის მმართველია. დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი ლამის მილიარდ ლარს შეადგენს.
მერს ზურგს, საკუთარი ფინანსების გარდა, ბიუჯეტიდან მოპარული სახსრებიც უმაგრებს. ამ ფულით მას საკუთარი თამაშის წესების დამკვიდრება შეუძლია.
ეს ბიძინა ივანიშვილთან არ გაუვა. რამდენჯერაც რამეს გაბედავს, იმდენჯერ სკანდალში გაეხვევა. როგორც უკვე გითხარით, სუსს მის ცოლისძმაზე სერიოზული კომპრომატები აქვს.
– ცოლისძმა კალაძესთან რა შუაშია? “ოცნების” ჩინოსნები საკუთარ დედებს აღარ თვლიან ოჯახის წევრად და კალაძე ცოლისძმას რატომ ვერ უარყოფს?
– სიამოვნებით უარყოფდა, მაგრამ არ გამოუვა. მთელმა საქართველომ იცის, რომ წლების წინ კალაძის ჩარევით დანიშნა ნარმანიამ უდიპლომო არეშიძე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსად. კალაძის გარეშე არეშიძე არაფერი იყო და მისი არსებობის შესახებაც კი არავინ იცოდა.
ასე რომ, თბილისის მერს არ გამოუვა ცოლისძმის უარყოფა. კალაძემ დაანიშნინა ის ნარმანიას მაღალ თანამდებობაზე და კალაძეს მოუწევს პასუხისგება ყველა იმ გადაცდომებზე, რაც არეშიძესთან არის დაკავშირებული
ყველას ძალიან კარგად ახსოვს, თუ როგორ გადაურიცხა საქალაქო სამსახურის უფროსობისას მან საკუთარ ძმაკაცს ასეულობით ათასი ლარი. ეს სუსმაც კარგად იცის. სწორედ ეს საქმეა სუსში თაროზე შემოდებული და, როგორც კი ივანიშვილი მოითხოვს, ეგრევე განაახლებენ ამ საქმის გამოძიებას.
ბიძინას კვირიკაშვილის ჩაჩოჩება და ხაზარაძის გაჩერება რომ დასჭირდა, 10 წლის წინანდელი საქმე ამოუქექა თიბისი ბანკს.
“ქართული ოცნების” შიგნით გარკვეულ პერსონებს ძალაუფლების გადანაწილების სურვილი აქვთ, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე მათ ამის უფლებას არ აძლევს. ის ცოცხალი თავით არ დათმობს პოზიციებს და წინ არავის, მათ შორის, კალაძეს, არ გაუშვებს.
– გარდა იმისა, რომ კალაძეს საკუთარი ფინანსები აქვს, ის დიდი შებერტყილი ვინმეცაა. ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ვითომ არაფერი ექნება თბილისის მერს?
– რაღაცეები ალბათ ექნება, მაგრამ ყველა პარტიის ლიდერზეა ჩამოკიდებული. პარტიის წევრები ერთმანეთს ღიად მტრობენ, მაგრამ “ოცნებას” არავინ ტოვებს. მათ ივანიშვილის ფულებთან განშორება არ სურთ.
კალაძეს შეიძლება აქვს რაღაცა ივანიშვილზე, მაგრამ ეს არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რასაც სუსი შეაგროვებდა მასზე ივანიშვილის დავალებით. სუსი ხომ ძირითადად ოპონენტების გაშავებაზე მუშაობს. შვილმოკლულ მამებს – ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ისეთი სიბინძურეები მოუგონეს, ადამიანის გონება რომ ვერ მოიფიქრებს. მათთვის არც თბილისის მერის წინააღმდეგ იქნება ძნელი შავი პიარის აგორება.
– მის წინააღმდეგ უკვე აგორებენ შავ პიარს თუ ჯერ მხოლოდ გააფრთხილეს?
– რაც აქამდე იყო, ეს ჯერ გაფრთხილებაა მხოლოდ. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა კალაძე მომავალში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ოცნების” ყველა წევრზეა კომპრომატები. ვისაც ზედმეტი მოუვა, ეგრევე გააჩერებენ.
ამ კომპრომატებს “ოცნების” ლიდერი ახლა საგულდაგულოდ გადახედავს. წინ საპარლამენტო არჩევნებია და ყველას აქვს საპარლამენტო სიაში მოხვედრის პრეტენზია.
ამ პრეტენზიებს რაღაცნაირად მოთოკავენ. ივანიშვილი მათთვის არის ბელადი და ისიც კარგად იციან, თუ როგორ მთავრდება ბელადის ნების წინააღმდეგ წასვლა.
სხვებთან შედარებით კალაძე მაინც რაღაცებს ბედავს და ეს შეიძლება ძვირად დაუჯდეს.
– მაინც რას ბედავს თბილისის მერი?
– საკუთარ თავს აპიარებს და ცდილობს, ყველაფერი სხვას გადააბრალოს. ყველაფერს თავის წინამორბედს, დავით ნარმანიას, აბრალებს. ამ დროს ავიწყდება, რომ პარტიის გენერალური მდივანია და ნარმანია დედაქალაქის მერი მისი უშუალო მონაწილეობით გახდა.
მერის ასეთი ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და რაღაცისთვის ემზადება.
“ოცნებაში” სხვა შიდა დაპირისპირებებიც მიდის. მათი ამბები ნაკლებად მადარდებს. იმაზე ვწუხვარ, რომ ამ შიდა დაპირისპირებას ეწირება ქვეყნის ინტერესები.
ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტი ჩამოშლილია. გაზრდილია კრიმინალი. რუსი ოკუპანტები ქართულ მიწებს იტაცებენ, ხელისუფლება კი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს მხოლოდ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა