გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართაგალტ & თაგარტმა კონფერენციაზე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა.

კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

გალტ & თაგარტის კვლევაში დეტალურად არის განხილული ენერგეტიკის დარგის საკვანძო საკითხები – ელექტროენერგიის მოხმარების და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერსპექტივები. კვლევაში, ასევე, განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, საუბარია მიმდინარე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მათ პოტენციურ შედეგებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად, მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5.4 გვტ-ია. ამ პროექტების განხორციელებით საქართველო შეძლებს არა მარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, არამედ ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორიც გახდება.

გალტ & თაგარტის მოსაზრებით, დაგეგმილი პროექტების სრულად განხორციელება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა. კვლევის ეტაპზე მყოფი პროექტები შესაძლოა, საბოლოო შეფასებისას არ აღმოჩნდეს ტექნიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ამ პროექტების იდენტიფიცირებისას არსებული საინვესტიციო გარემო განსხვავებულია დღევანდელისგან. გალტ & თაგარტის მოსაზრებით, სექტორში მიმდინარე რეფორმები ახალ შესაძლებლობებს აჩენს და ბაზრის ახალი სტრუქტურა ახალი ტიპის ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„ღონისძიების მთავარი მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან სექტორის აქტიური მონაწილეები – კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, როგორ აღიქვამს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ პერსპექტივებს კერძო სექტორი“, – განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge