გიორგი არევაძეს 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

გიორგი არევაძეს 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდარუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ქეთინო ლუაშვილის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, გიორგი არევაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ 20.000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლის განჩინებით, გირაოს თანხის გადახდა 14 დღის ვადაში უნდა იქნას უზრუნველყოფილი, რის შემდეგაც არევაძე პატიმრობიდან გათავისუფლდება, მანამდე კი ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩება.

ბრალდების მხარე გიორგი არევაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

გიორგი არევაძე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 14 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გიორგი არევაძემ, შპს „ხიდისყური-2 000“-ის ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება განიზრახა. კერძოდ, მისი დავალებით, შპს „ხიდისყური-2000“-ის დირექტორი ჯ. მ. მუნიციპალიტეტს უბრუნებდა იჯარით მიღებულ ნაკვეთებს, შემდეგ კი მიწები სპეციალური აუქციონის საშუალებით გასხვისდებოდა. მათივე ინფორმაციით, გიორგი არევაძეს ორგანიზებით, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2006 წლის 28 აპრილს დამზადდა სანოტარო წესით დამოწმებული ფიქტიური მინდობილობები, რომელთა მიხედვით, თითქოს მიწის მესაკუთრეები ნაკვეთების გასხვისების უფლებას ანიჭებდნენ ქალაქ თბილისში მცხოვრებ პირებს. აღნიშნულ დოკუმენტებზე მინდობილობის გამცემი პირების ხელმოწერები კი გაყალბებულია. მთლიანობაში, გიორგი არევაძე თაღლითურად დაეუფლა 44,73 ჰა მიწის ნაკვეთს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 102,5 ჰა მიწის ნაკვეთის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 -დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი არევაძეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა 2004-2007 წლებში ეკავა, მანამდე კი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო.

ინტერპრესნიუსი