გუკა რჩეულიშვილი – “ერთ თვეში შეიძლება ციხეში შემაბრუნონ, დედაჩემს და დეიდაჩემსაც ვეღარ ვაჩერებ”

გუკა რჩეულიშვილი - "ერთ თვეში შეიძლება ციხეში შემაბრუნონ, დედაჩემს და დეიდაჩემსაც ვეღარ ვაჩერებ"ცენტრ პოინტსა და ემ კვადრატს შორის დაწყებული მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. “ახალი თაობა” ცენტრ პოინტის ერთ-ერთ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს ესაუბრა.
– გუკა, რატომ ვეღარ შედგა მოლაპარაკება ცენტრ პოინტსა და ემ კვადრატს შორის, თითქმის ხომ დასრულებული იყო ეს პროცესი და დოკუმენტებიც ხელმოწერილი, რატომ ჩაიშალა ეს პროცესი?
– ცენტრ პოინტსა და ემ კვადრატს შორის ყველაფერი დალაგებული იყო, ყველა პირობაზე შეთანხმებული ვიყავით.
– მაშინ რა მოხდა?
– ამ პროცესს ჩაშლასაც ვერ დავარქმევთ, ემ კვადრატის პირობები ჩემთვისაც და დაზარალებულებისთვისაც მისაღები იყო. უბრალოდ, ემ კვადრატს ჰქონდა რამდენიმე წინაპირობა წამოყენებული, რომლებიც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა და სახელმწიფო და ემ კვადრატი ვერ შეთანხმდნენ.
– რა პირობებზეა საუბარი?
– ჯამში ექვსი წინაპირობა იყო. აქ იყო იურიდიულად გასუფთავება საკითხების და მთლიანად ცენტრ პოინტის, ასევე ფინანსური შეღავათები, მომატება კოეფიციენტების და ასევე ნინოშვილის მიწაზე გენგეგმის და კოეფიციენტის დამტკიცება.
ნაწილი წინაპირობები შეასრულა სახელმწიფომ, მაგრამ ორი წინაპირობა ვერა. ვერ მოუხსნეს დღგ-დან ორი ობიექტი. სულ 9 ობიექტია ჩვენი დასამთავრებელი, იქიდან 7-ზე შესაძლებელი იყო ამ ფინანსური შეღავათის გაკეთება, ხოლო ორზე არ გამოდიოდა, რადგან საკანონმდებლო ჩარჩოში ვერ სვამდნენ, ისე, რომ მარტო ემ კვადრატს შეხებოდა. ეს შეღავათი ეხებოდა მთელ სფეროს და მაგდენი თანხის დაბრუნების საშუალება სახელმწიფოს არ ჰქონდა.
ნინოშვილის ობიექტს რაც შეეხება, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰქონდათ პრეტენზია რომ ამ ადგილას არაფერი არ აშენებულიყო, ურბანისტების დასკვნაც ასეთია, რომ არ უნდა აშენდეს, ამიტომ ამ ტერიტორიაზე არაფერს აშენებინებენ ემ კვადრატს და ამ ორი მიზეზის გამო, ფინანსური შეღავათები რომ ვერ გაუკეთეს ბოლომდე და კოეფიციენტი რომ ვერ მისცეს ნინოშვილის ქუჩაზე, ამიტომ ჩიხში შევიდა მოლაპარაკებები.
– ამიტომ ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები?
– ემ კვადრატის სცენარი ჩაიშალა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა სცენარი არ გვაქვს. მაგიდაზე სხვა სცენარებიც მიდევს, თითქმის ბოლოში ვარ გასული და ერთ კვირაში ყველა დეტალზე ვისაუბრებ.
– რა სცენარია?
– ამ ყველაფერს მარტის დასაწყისში საჯაროს გავხდით. მოლაპარაკებებში აქტივების რამდენიმე მყიდველიც ჩავრთეთ, რითაც შეიძლება ამ პრობლემის დამთავრება. ყველა ვალდებულებას იხდის ცენტრ პოინტი, არც ემ კვადრატის შემთხვევაში, არც სხვა შემთხვევებში ფულს არავინ იხდის, ის ფული ჩვენ გვაქვს აქტივების სახით, რომელიც დაყადაღებულია.
ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს აქტივები იყიდონ, მხოლოდ ჩვენი აქტივების რეალიზაციაში გვეხმარებიან, დანარჩენი, კომპანიას აქვს იმდენი აქტივი, რომ ჩვენს ვალდებულებებს აბსოლუტურად ჰყოფნის. ამ მოლაპარაკებებში ჩავრთე ამ აქტივების რამდენიმე მყიდველი და ეს ფულიც დაზარალებულებს მოხმარდება.
ახალი დეველოპერი არ შემოგვყავს. ახლა უკვე სახელმწიფოს არჩევანია. დრო აღარ გვაქვს, დაზარალებულებს ვეღარ ვაჩერებ. სიმართლე გითხრათ, დედაჩემსაც და დეიდაჩემსაც ვეღარ ვაჩერებ, ძალიან უჭირთ. ჩვენ ყველა დათმობაზე წავედით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ჩიხში შევიდა ეს სიტუაცია.
– ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ახალ წელს მაია რჩეულიშვილი და რუსდან კერვალიშვილი სახლში შეხვდებოდნენ. თუმცა უკვე თებერვალიც მიიწურა და არაფერი შეცვლილა. რამდენ ხანს გაიწელება ეს პროცესი?
– წინა წლის ახალი წლიდან მოყოლებული ამ რეჟიმში ვყავართ, რომ აი მორჩა, გავედით ბოლოში, დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ არაფერიც არ დამთავრდა.
აღმოჩნდა, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს საერთოდ არაფერი გაკეთდა ამ კუთხით, ახალი პრემიერის დროს ნაწილობრივ გაკეთდა, ლტოლვილები გაასახლეს, დანარჩენი წინაპირობებიც დააკმაყოფილეს ემ კვადრატის, მაგრამ, როგორც ზემოთ გითხარით, იმ ორზე ვერ შეთანხმდნენ.
– გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან?
– რასაკვირველია, გამოსავალი არის, კომპანიის აქტივი უფრო მეტია, ჩვენ აქტივები იმდენი გვაქვს, რომ ყველანაირად ვაბალანსებთ ჩვენს ვალდებულებებს. დანარჩენი უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
წინა მთავრობიდან მოყოლებული, 2008 წლიდან, არც ერთმა მთავრობამ არ მოინდომა პასუხისმგებლობის გაზიარება და ასე მარტივად არ არის საქმე.
– რისი თქმა გინდათ, რომ სათანადოდ არ გიდგათ მხარში სახელმწიფო?
– დიახ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ან ვერ აკეთებს. საპროცესო მხოლოდ იმ შემთხვევაში გაფორმდება, როცა დაზარალებულების მიმართ არსებული ვალდებულება დაკონტრაქტებული იქნება. რეალურად სახელმწიფოს მხრიდან რა სისწრაფითაც მოხდება ამის დამთავრება, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. მე ჩემი საქმე შესრულებული მაქვს და ველოდები სახელმწიფოს.
– საპროცესო შეთანხმება ახსენეთ და საუბარია, რომ ხანდაზმულობის ვადა იწურება. ამ კუთხით რა ხდება?
– არაფერიც არ ხდება, მაია და რუსოც კვლავაც ციხეში არიან. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ დაახლოებით ერთ თვეში შეიძლება მეც მომიწიოს ციხეში შებრუნება და მაშინ აბსოლუტურად უიმედო იქნება ყველაფერი. მე ხომ საპროცესოთი ვარ გათავისუფლებული და თუ ეს საპროცესო არ გაფორმდა, მომიწევს ციხეში შებრუნება, რადგან ვადა იწურება.
– არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ერთ თვეში მოგვარდეს საკითხი?
– აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, ყოველდღიური ურთიერთობები მაქვს თბილისის მერიასთან და ყველა იმ უწყებასთან, ვისაც კი ეს საკითხები რაღაც კუთხით ეხება.
წელიწადნახევარია, ამ რეჟიმში ვმუშაობ. გამოსავალი არის ნამდვილად, ეს ერთი კვირაც ვაცდი და ერთ კვირაში ყველაფერს საჯაროდ ვიტყვი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა