იაგო ხვიჩია – „სავალდებულო სამხედრო სამსახურის საჯარო სამსახურთან მიბმის იდეა სულელურია“

იაგო ხვიჩია - „სავალდებულო სამხედრო სამსახურის საჯარო სამსახურთან მიბმის იდეა სულელურია“შესაძლოა საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება აეკრძალოთ იმ პირებს, ვისაც სავალდებულო სამსახური გავლილი არ აქვს. ეს იდეა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამინისტროს ამის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, თუმცა როგორც გაირკვა ეს მხოლოდ იდეა და მსჯელობის შემდეგ გადაწყდება.

„ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებული არ არის. ნებისმიერი ცვლილება შემუშავებული და წარდგენილი იქნება მხოლოდ შეგროვებული პრობლემატიკის სრულფასოვანი ანალიზისა და ყველა უწყებასთან, თვითმმართველობებთან და პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ,”-აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული იდეის შესახებ „ახალი თაობა“ გირჩის ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიასა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს იდეა უშინაარსო და ალოგიკურია. მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ არ უქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური და რატომ არ გადადის ქვეყანა საკონტრაქტო სისტემაზე სრულად.

_ როგორ აფასებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს იდეას იმის თაობაზე, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არათუ სავალდებულო დარჩეს, არამედ საჯარო სამსახურში მუშაობაც კი შეიზღუდოს. ეს თქვენთვის რას ნიშნავს?

_ არაფერს. მე ამისთვის არანაირი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. უბრალოდ გაუგებარი და უშინაარსოა. მაინტერესებს, რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახურსა და საჯარო სამსახურს შორის?! მე ვყოფილვარ საჯარო მოსამსახურე ოდესრაც და არასდროს არ მიგრძვნია, რომ რამე პრობლემა მქონდა იმის გამო, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ მქონდა გავლილი.

აქედან გამომდინარე, ეს უფრო პოპულისტური რაღაც მგონია. არ ვიცი მიიღებენ თუ არ მიიღებენ, მაგრამ არც იმაზე ვინერვიულებ თუ მიიღებენ. რაც უფრო ნაკლები ახალგაზრდა დასაქმდება საჯარო სამსახურში, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. შესაძლოა ეს აბსურდი და უშინაარსოა, მაგრამ თუ ნაკლები პრეტენდენტი ეყოლება საჯარო სამსახურს, ჩემი აზრით ეს ცუდი არ არის.

_ რატომ ფიქრობთ ასე? გგონიათ კერძო სექტორს წაახალისებს?

_ არა, არაფერს არ გამოიწვევს. არც მგონია, რომ ეს მიიღონ, იმიტომ რომ არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს ამ ორ რაღაცას შორის. ალოგიკურია, შინაარსი არ გააჩნია, მაგრამ თუ მიიღებენ, სანერვიულო არაფერია. თუ ახალგაზრდების დიდი ნაწილი კერძო სექტორში წავა, თავისი ცხოვრების მანძილზე უფრო პროდუქტულები იქნებიან.

_ თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო სტრუქტურაზე, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობს. რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს?

_ წინააღმდეგი ვარ, რომ აბსურდულ გადაწყვეტილებებში ლოგიკური შედეგები ვეძებოთ. შეიძლება ეს იყოს იმით განპირობებული, რომ ვიღაც საჯარო პირმა ასე ჩათვალა საჭიროდ რომ თავისი კარიერისთვის ეს უკეთესია. აქედან გამომდინარე, როცა ზუსტად არ ვიცით რა მოხდა. ნებისმიერი პროგნოზის კეთება არასწორია ამ დროს. ამის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე საუბარი ჩემი მზრიდან სპეკულაცია გამოვა.

_ ანუ მაინც პოპულიზმად მიიჩნევთ?

_ უშინაარსო ქმედებად მიმაჩნია. არავინ არ იცის, საერთოდ არის თუ არა პოპულისტური. შეიძლება პოპულისტურიც კი არ იყოს, რადგან ხალხსაც არ მოეწონოს. მე რომ შემეხება, თქვენ რომ შეგეხებათ, სხვას რომ შეეხება. თუ ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც აინტერესებს საჯარო სამსახური, ჩვენ ხომ არ მოგვეწონება ეს?! ხომ ვიცით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური კავშირში არ არის თავდაცვისუნარიანობის სიძლიერესთან.

_ დისკრიმინაციულადაც ხომ არ მიიჩნევთ ამ იდეას?

_ არა მგონია, უბრალოდ სულელურია. პირობას დაგიდებ, რომ თუ ამას არ გააკეთებ მაშინ საჯარო სამსახურში არ მიგიღებ, ეს სულელურია. ზოგადად სავალდებულო სამხედრო სამსახური დისკრიმინაციულია. პრობლემა სხვა რამეა. როდესაც იძულებით რაღაცას გაკეთებინებენ, დისკრიმინაციული როგორ არ არის.

_ იყო დაპირება, რომ უნდა გაუქმებულიყო სავალდებულო სამხედრო სამსახური. თავდაცვის წინა მინისტრმა გააუქმა კიდეც, მაგრამ დღევანდელმა ისევ აღადგინა.

_ თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს არ გაუუქმებია ზოგადად გაწვევა. მან გააუქმა თავისი უწყების მიერ. თორემ იწვევდა შსს, სასჯელაღსრულების სამინისტრო.

_ კი ბატონო, გააუქმა ის, რაც თავის დაქვემდებარებაში იყო. საბოლოოდ რატომ არ ამბობს ხელისუფლება ამაზე?

_ ეს ხომ პოლიტიკური გემოვნების საკითხია. ჩვენი ხელისუფლება ბევრ ისეთ რაღაცასაც არ აკეთებს, რაზეც დიდი ხანია კამათი დასრულებულია. ვიღაცებს ჩამოვრჩებით. რატომ ვერ ბედავს ამ გადაწყვეტილების მიღებას, მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებაში ვიღაცას ეს მიაჩნია სწორად, ესეც სპეკულაციაა.

_ ისიც ხომ არ არის მიზეზი, რომ რაღაც უწყებებში ვთქვათ სჭირდებათ უფასო დარაჯი და ა. შ?

_ შესაძლოა ეგეც იყოს, მაგრამ ამით ფულს არ ვზოგავთ. ეს არის პოლიტიკური პოზიციონირება. თითქოს თავს ვიწონებთ, რომ აი ქვეყანას ვიცავთ. სავალდებულო სამხედრო სამსახური ასევე ფასი ჯდება. უფასო ხომ არ არის?! კომისრები და ვიღაცები აღსრულებას ახორციელებენ. მათი რესურსების გათვალისწინება ხარჯებზე ორიენტირებული არ მგონია. დაცვა ყველგან ხომ არ არის საჭირო? შეიძლება მათი ტექნოლოგიებით ჩანაცვლებაც. მაგ კითხვაზე პასუხი გადის იმაზე, გვინდა თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური როგორც პოლიტიკური მოვლენა. ამაზე გავდივართ, თორემ საჭიროების შემთხვევის გათვალისწინებით რომ შევხედოთ, აბსოლუტურად სხვა შედეგს მივიღებდით და გვეცოდინებოდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური აქამდეც უნდა გაუქმებულიყო.

იაგო ხვიჩია - „სავალდებულო სამხედრო სამსახურის საჯარო სამსახურთან მიბმის იდეა სულელურია“ირაკლი სესიაშვილი გვეუბნება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის საჯარო სამსახურთან მიბმა „ფეიქ ნიუსია“. ამბობს, რომ ყოველ შემთხვევაში პარლამენტში მსჯელობა არ ყოფილა. დეპუტატის თქმით, მუშაობენ იმისთვის, როგორ წახალისდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

_ როგორ აფასებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს იდეას იმის თაობაზე, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არათუ სავალდებულო დარჩეს, არამედ საჯარო სამსახურში მუშაობაც კი შეიზღუდოს?

_ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის „ფეიქ ნიუსი“. არანაირი მსგავსი პროექტი არც პარლამენტში შემოსულა და როგორც ვიცი არც მთავრობას აქვს.

_ არა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა იდეა და თქვა, რომ ინიციატივა არ არის, თუმცა მსჯელობას ვგეგმავთო.

_ მე მსგავსი წინადადება არ მინახავს და არც ჩვენს კომიტეტში ყოფილა მსგავსი იდეის განხილვა. ვიცი, რომ მსგავსი ინიციატივის განხილვა არ მოხდება. დანარჩენი, ვინ რაზე მსჯელობს და რა შეიძლება გახდეს წახალისება სავალდებულო სამსახურისთვის წახალისება, ეს არ ვიცი.

მე შემიძლია გითხრათ, ჩვენ რაზე ვმუშაობთ, რომ წავახალისოთ სავალდებულო სამსახური. მაგალითად არის ის, რომ სხვადასხვა უწყებებში სემცირდეს წვევამდელთა გაწვევა და მთლიანად ორიენტირებული იყოს, რომ სამხედრო ინტერესებს მოხმარდეს. ამ თემაზე სხვა კომენტარი არ მიმაჩნია მართებულად.

_ თუ დღის წესრიგში დადგება, იდეას მხარს აე დაუჭერთ?

_ არ დგას. ასე შეგიძლიათ ყველაფერზე მკითხოთ, დღის წესრიგში რომ დადგესო. როცა დღის წესრიგში არ დგას, მიჭირს ამაზე მსჯელობა.

_ ბევრჯერ იყო დაანონსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება. რატომ არ მიიღეთ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება?

_ ძველი თემაა ეს. იცით, რომ ჩვენ ტოტალური თავდაცვის პრინციპი გვაქვს, იცით რომ მთავრობამ პარლამენტთან ერთად შეიმუშავა სარეზერვო სამსახურის შესახებ კონცეფცია და შესაბამისი ცვლილებები მიიღო. ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. სავალდებულო სამხედრო სამსახური რჩება ტოტალური თავდაცვის სისტემის პრინცეპებიდან გამომდინარე და ამასაც თავისი მნიშვნელობა არ აქვს.

ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ თავის დროზე გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური და დღეს ისევ დაუბრუნდნენ ამ სისტემას.

_ ამერიკაში დღესაც გაუქმებულია და ვერავინ იტყვის, რომ სხვაზე ნაკლები თავდაცვისუნარიანობა აქვს.

_ ბევრი არგუმენტი არსებობს, რატომ უნდა იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ იმ წვევამდელთა რაოდენობა, იმ უწყებებში, რომლებიც სამხედრო მიზნებზე არ არიან ორიენტირებული. თავდაცვის მინისტრმა შეიმუშავა კარგი კონცეფცია და ყველა გადის იმ მომზადებას, რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე გადის. შესაბამისად, ეს მომავალში სხვა უწყებებსაც შეეხება. ამ და სხვა გეგმებზე უახლოეს ხანებში ვისაუბრებთ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა