”ის ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით” – 27 წლის დ.ვ.-მ დედა სცემა და მიიმალა – რა მოხდა ხილიანზე ხანძრის გაჩენამდე

”ის ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით” - 27 წლის დ.ვ.-მ დედა სცემა და მიიმალა - რა მოხდა ხილიანზე ხანძრის გაჩენამდეხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით. მათივე თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც გაუჩინა. მეზობლების ინფორმაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ოჯახის დიასახლისი ცოცხალია და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.

ადგილზე მუშაობა დაასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგნელის ინფორმაციით კი, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებული დ.ვ. იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, სადაც რამდენიმე საათის წინ ხილიანზე ხანძარი გაჩნდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

ინტერპრესნიუსი