ლევან ჩაჩუა – “ივანიშვილის რეიტინგი ნულს ჩამოსცილდა”

ლევან ჩაჩუა - "ივანიშვილის რეიტინგი ნულს ჩამოსცილდა"რატომ გახდნენ მიუღებელი მოსამართლეები სამართლიანობის ბურჯები? რისთვის სჭირდება ხელისუფლებას სახელგატეხილი კადრები? რა მოვლენებია მოსალოდნელი საქართველოში? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
– რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა სისტემის მსხვერპლი უწოდა მოსამართლე ლევან მურუსიძეს, რომელიც უკვე უვადოდ გაამწესეს. ამ დღეებში “ოცნების” აქტივი გვიმტკიცებს, რომ სააკაშვილის დროს მოსამართლეები ცუდად იქცეოდნენ, ახლა კი კარგად იქცევიან და სამართლიანობის ბურჯები გახდნენ. რასთან გვაქვს საქმე?
– ხალხის მორიგ გაბრიყვებასთან. “ქართულმა ოცნებამ” თავიდანვე ჩაიდინა დანაშაული, როცა პასუხი არ მოსთხოვა სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებს, უკანონო და უზნეო დავალებების შემსულებლებს. მოსამართლეები ამ დანაშაულებრივ წრეში პირველ რიგებში იდგნენ. ისინი საუკეთესოდ ასრულებდნენ სააკაშვილის მოწოდებას “ყველანი ციხეში” და სააკაშვილი-მერაბიშვილი-ახალაიას გულაგებში გვიშვებდნენ იმათაც, ვინც მათი თანამოაზრე არ იყო.
მაშინ გამამართლებელი განაჩენების მონაცემი 0,01% იყო. ამ ციფრს “ოცნებაც” ახსენებს, მაგრამ იმავდროულად აწინაურებს მაშინდელ დამნაშავე მოსამართლეებს. ესაა დიდი დანაშაული ხალხის წინაშე და დარტყმა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეიტინგზე. ბიძინა ივანიშვილი ბრმად ასრულებს სხვების დავალებებს. მას არ ჰყოფნის პოლიტიკური გამოცდილება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომ იმოქმედოს.
– ეს პროცესები გარედან იმართება და ივანიშვილი ამას ვერ ეწინააღმდეგება?
– რასაკვირველია. ის თავიდან ბოლომდე უსიტყვოდ ასრულებს ლიბერალური ინტერნაციონალის დაკვეთებს. ეტყობა, თავისი ქონების მძევალია. კომპრომისებზე სხვა ქვეყნებიც მიდიან, ისინი თავის სიტყვასაც ამბობენ. ვერ დამისახელებთ პოსტსაბჭოთა სივრცის, ან ევროპის რომელიმე სახელმწიფოს, რომელიც მუდმივად სხვისგან მართული იყოს. ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები ყოველთვის თავის ეროვნულ ინტერესებს იცავენ და საკუთარ ხალხზე ზრუნავენ. ჩვენთან არის დაკვეთა, რომ შენარჩუნდეს ძველი, დაჭაობებული მანკიერი სისტემა, რომლის ნაწილია ორპარტიულობა. ივანიშვილი ამას ემსახურება.
– ამოცანა ძველი სისტემის შენარჩუნებაა?
– ეს აუცილებელია, რათა პოლიტიკაში და ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა იყვნენ. ამიტომ არ ისჯებიან დამნაშავეები, ცხადდება კოაბიტაცია, ხალხი ვერ პოულობს სამართლს. ახალ ძალებს, რომლებსაც ქვეყანაზე გული შესტკივათ, ებრძვიან. დაფინანსებაზე აღარ არის საუბარი. ბიჯეტიდან ფულს იღებენ ერთი და იგივე პარტიები, რომლებსაც კვალიფიციურის სტატუსი მიაკუთვნეს.
– რატომ ერთი და იგივე? ბოლო დროს “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” აღარ შედიოდა ამ კატეგორიაში, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილებით ეს ხარვეზი გამოსწორდა. შედეგად, თოფაძე და ტყემალაძე მაღალი ხელფასებით ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
– მეც იმას ვამბობ, რომ ამ პოლიტიკურ სისტემაში დიდი უსამართლობა და განუკითხაობა ტრიალებს. “მრეწველები” იმ ორპარტიულ სისტემასთან არიან შეზრდილი და პრივილეგიებით სარგებლობენ. ახალ ძალებს გასაქანს არ აძლევენ. მათთვის დახურულია ტელევიზიები. კიდევ კარგი, რომ არსებობს თავისუფალი გაზეთი “ახალი თაობა”, რომელიც სხვადასხვა აზრს აქვეყნებს.
– მოსამართლეთა კორპუსიც ორპარტიულობას უნდა მოერგოს?
– რასაკვირველია. ამიტომ ხდება ასეთი ანტიხალხური და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება სასამართლოს სფეროში. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილი ხალხს შეეხვეწა, ჩვენ მიერ შერჩეულ კანდიდატს მხარი დაუჭირეთ და ყველაფერს დავალაგებო.
პირველი, რაც დაალაგა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. მაშინ გაუქმდა მორატორიუმი მიწების უცხოელების გასხვისებაზე. საპროტესტო აქციები დაგვჭირდა, რომ ეს არ მომხდარიყო. კიდევ ერთი ნაბიჯი მარაკეშის პაქტი იყო. ამ პაქტით მიგრანტების შესახებ საქართველომ ვალდებულება აიღო, საქართველოში მიიღოს და დააბინაოს შეუზღუდავი რაოდენობის მიგრანტები. ბოლო წვეთი გახდა მოსამართლეების საკითხი და ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესება, მათი გამართლება. ამით ივანიშვილის რეიტინგი ნულს ჩამოსცილდა.
– გამოდის, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას, დაიშლება თუ არა “ქართული ოცნება”?
– მთავარია, წამყვანი პოზიცია ეკავოთ “ქართულ ოცნებას” და ნაცმოძრაობას, მათი წიაღიდან გამოსულებმა კი არ დაიწყონ დამოუკიდებელი თამაში. “ქართული ოცნების” შიგნით ხდება კონკურენცია ჯგუფებს შორის, ძირითადად კი შეთანხმებული პროცესები მიდის.
ივანიშვილს აწყობს, რომ მის მიერ მართული მარიონეტები გასვრილები იყვნენ. ეს ეხებათ პოლიტიკოსებსაც და მოსამართლეებსაც. ხალხს ამზადებენ ე.წ. “მესამე ძალისთვის”. ივანიშვილის გათვლით, ეს ფლანგი მართული უნდა იყოს. ხალხი შეკვეთილ “მესამე ძალას” კი არა, ახალ, დამოუკიდებელ ძალას ელოდება. “არც ნაცები, არც ქოცები” სწორი ლოზუნგია, მაგრამ ხელისუფლება ამას იყენებს.
– და “მესამე ძალას” ხელოვნურად ქმნის?
– ივანიშვილს არ აწყობს მისგან ყველანაირად დამოუკიდებელი და გაუსვრელი ადამიანების გააქტიურება პოლიტიკაში. პოლიტიკური მინდორი მან დიდი ხანია, დააცარიელა და მოკლა ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ახლა ქმნის მართვადი ძალების კონტურებს.
ამ კონფიგურაციაში მოიაზრებიან როგორც ალეკო ელისაშვილი, ისე ეკა ბესელია, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენების მთავარი გმირია. ოდიოზური ფსევდოოპოზიცია შევარდნაძესაც ჰყოლია და სააკაშვილსაც. ივანიშვილისთვის მთავარია, არ გააჭაჭანოს ის ძალები, რომლებიც მას არ ემორჩილებიან, რომლებიც მას არ ჰყავს ნაყიდი და რომლებზეც კომპრომატები არ მოეპოვება.
– ამასთან დაკავშირებით როგორი პროგნოზი გაქვთ?
– საპროტესტო მოძრაობა გარდაუვალია იმ ფონზე, როცა უკმაყოფილება იზრდება. ივანიშვილს მართული სასამართლო და პოლიციური რეჟიმი აზვირთებული ხალხის შესაკავებლად სჭირდება.
– რატომ გგონიათ, რომ ჩვენი ამტანი ხალხი აზვირთდება? პატარ-პატარა აქციები ისედაც დიდი ხანია, იმართება.
– ამ აქციებიდან ზოგიერთი მართული იყო, ზოგიერთის კი ხელისუფლებას არ ეშინოდა. ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს ის, რომ სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფი ერთმანეთის მიმართ სოლიდარული არ არის. ხალხს მოთმინება ევსება და ლოკალურ გამოსვლებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვება.
აქციებს “ქართული იდეაც” ვგეგმავთ. ერთი მათგანი 16 მარტს პარლამენტის უკან, საშვთა ბიუროს მხარეს გაიმართება. პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის მხარეს შვილმოკლული მამების აქციებია. ჩვენ მათ ხელს არ ვუშლით.
– ისევ მიგრანტების ჩამოსახლებას გააპროტესტებთ თუ სხვა საკითხს წამოსწევთ?
– ეს აქცია ისევ მიგრაციის თემას მიეძღვნება. წინა მიტინგი ხალხმრავალი გამოდგა, მაგრამ მას არც ერთი დეპუტატი არ გამოხმაურებია. სამწუხაროა, რომ ამ პარლამენტში ყველა კონიუნქტურის მიმდევარია. ზოგს ჰგონია, რომ მთავარი ფრაქციის შექმნაა. ჩვენი მიზანი ფრაქცია არ არის. მთლიანად სისტემის შეცვლა და სამართლიანობა გვინდა.
ამისთვის ბრძოლაა საჭირო. უახლოეს ხანში რეგიონებს მოვივლით, ხალხს საინფორმაციო ვაკუუმიდან გამოვიყვანთ. ვაკუუმს ტელევიზიები ქმნიან. ვისაც გაზეთებზე წვდომა აქვს, ის ინფორმირებულია. საზოგადოებას ჩვენც დაველაპარაკებით. მომავალი საპროტესტო აქცია ამ ადამიანების მონაწილეობით გაიმართება.
ეს ფართომასშტაბიანი მიტინგი იქნება. საქართველო მიგრანტების ნაკადებს ვერ გაუძლებს. მიგრანტების მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ. ეს ხალხის მოთხოვნაა. თუ ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნების მიმართ ყრუ იქნება, პოლიტიკურ მოთხოვნებსაც წამოვაყენებთ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა