მამუკა გამყრელიძე – “სააკაშვილმა გადაწყვიტა ემიგრანტების დახმარებით საზოგადოების შეჯანჯღარება”

მამუკა გამყრელიძე - "სააკაშვილმა გადაწყვიტა ემიგრანტების დახმარებით საზოგადოების შეჯანჯღარება"“ახალი თაობის” კითხვებს ძალა ერთობაშია-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, მოძრაობა ძალა ერთობაშია-ს წევრები აქტიურად წერენ, რომ მოქმედების დროა. რა იგულისხმება ამაში და რამდენად მოდის თანხვედრაში მიხეილ სააკაშვილის ქმედებებთან?
– გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია, შეიკრიბა იმ მიზნით, რომ მოახდინოს ხალხის გაერთიანება. ყველა ადამიანმა უნდა გადალახოს თავისი ამბიციები, განსხვავებები შეხედულებებში და უკეთესი მომავლისთვის იბრძოლოს. ის დემოკრატიული პროცესი, რაც დაიწყო 2012 წელს, ხელისუფლების დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადაბარების, ასე უნდა გაგრძელდეს. მე არ მგონია, რომ სააკაშვილს ვინმესთან დაპირისპირება სურდეს.
– კვლავ თვითონ უნდა ხელისუფლების გადაბარება?
– ხელისუფლების გადაბარება რომ არ უნდოდეს პოლიტიკოსს, გასაკვირი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ის იბრძოლებს ხელისუფლებისათვის და ეს მისი ლეგიტიმური სურვილი და მოთხოვნაა.
მეორე საკითხია საზოგადოების გადაწყვეტილება, ვის მისცემენ ხმას და ვის აირჩევენ.
გაერთიანებულ ოპოზიციაში…ჯერჯერობით კოლეგიალური გადაწყვეტილებების მიღება ხდება. თუ ეს შეიცვლება, მაშინ აქედან დაიწყებს გადინებას ხალხი. სააკაშვილს ეყოფა ჭკუა იმისთვის, რომ გადაქაჩვა არ დაიწყოს თავისკენ საბნის. ძალიან ძლიერი ფიგურაა პოლიტიკურად სააკაშვილი და არა მგონია, მან რაღაცა ზედმეტი მოინდომოს, ან მოითხოვოს.
მას ყოველთვის ექნება ის რესპექტი და ის მხარდაჭერა ხალხისგან, რაც აქვს და რაც დაიმსახურა. ასევე ექნება უარყოფითი დამოკიდებულებაც საზოგადოების რაღაცა ნაწილისგან, ალბათ ესეც დაიმსახურა. ძალიან ჭკვიანია. პოლიტიკური ცხოველის ინსტინქტები აქვს ამ ადამიანს, კარგი გაგებით.
– რამდენად სწორი ნაბიჯი იყო, ალტერნატიული მთავრობის დანიშვნა? ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი იყო ჩასული მასთან შესახვედრად, რა გზავნილები ჩამოიტანეს?
– გია ვაშაძე იყო წასული და მე ჯერჯერობით არ შევხვედრივარ მას და არც სხვებს, ვინც იქ იმყოფებოდა.
ალტერნატიულ მთავრობები არ არის ახალი, ეს იდეა დიდი ხანია გაერთიანებულ ოპოზიციაშია, გასაკვირი ამაში არაფერია. ჩვენ ცოტა სხვა ფორმით გვინდა გავაკეთოთ – არა ალტერნატიული მთავრობის შექმნა, არამედ დაყოფა საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკის, სხვადასხვა სეგმენტებად და ამ სეგმენტებში პასუხისმგებლობის გადანაწილება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოვავლინოთ ყველაზე ეფექტური ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით. თავისი უნარებით, ცოდნით და ასე შემდეგ.
ხოლო ის, რომ დანიშნო მთავრობა და ამ მთავრობამ გამოიწვოს ზედმეტი რყევები, ეს სისულელე იქნება.
– ოპოზიციონერი ლიდერები ბიძინას ეუბნებიან, მოგიწყობთ რევოლუციას, ჯარი, პოლიცია არავინ მხარს არ გიჭერსო. რამდენად არის ახალი რევოლუციისთვის მზადება თქვენს გაერთიანებაში?
– მე მინდა ძალიან მკვეთრად განვაცხადო, რომ ყველანაირი რევოლუციისგან თავს შევიკავებ მეც და ჩემი მეგობრებიც. არანაირი წინაპირობა რევოლუციის არ არის და საერთოდ სისულელეა ამაზე ლაპარაკი. რა რევოლუცია, რომელი რევოლუცია, ჩვენ მშვიდად გვინდა რაღაცნაირად მიღება ხელისუფლების გადაბარების.
ხელისუფლების გადაბარებას კი ნამდვილად მოვითხოვთ. ეს დემოკრატიული პროცესია და ამ პროცესს სჭირდება გაგრძელება.
– რამდენად ელოდებით, რომ დემოკრატიულ ჩარჩოებში განვითარდება ეს პროცესები?
– აი ამას კი, სიმართლე გითხრათ, არ ველოდები.
– სწორედ ამას მოჰყვება ხოლმე რევოლუციები.
– აქ რევოლუციაზე კი არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია ხელისუფლების პროტესტზე. თუ არ მოხდება დემოკრატიული პროცესის გაგრძელება, თუ მივიღებთ ისეთ არასამართლიან არჩევნებს, როგორიც იყო წინა არჩევნები და ამას აღნიშნავს მთელი მსოფლიო და ყველა დამკვირვებელი, მაშინ საზოგადოების გადასაწყვეტია, გამოხატავს ამაზე პროტესტს თუ არ გამოხატავს.
რევოლუციას ოპოზიცია კი არ აწყობს, არამედ ხელისუფლება უწყობს საკუთარ თავს რევოლუციას. პირადად მე რევოლუციის წინააღმდეგი ვარ, თუმცა მას არ გამოვრიცხავ. ზოგადად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ არ მინდა. დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა დარჩეს საქართველო, რომ საქართველოს იმიჯი გაძლიერდეს მსოფლიოში. უნდა აჩვენოს საქართველომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნორმალურად შევცვალოთ ხელისუფლება, მსოფლიომ დაგვინახოს როგორც განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა.
– ჩვენს ქვეყანაში როდესაც ხელისუფლებები იცვლება, დასავლეთის დიდი მხარდაჭერით მოდის ხოლმე ახალი ხელისუფლება. ბოლო პერიოდში სააკაშვილი ზედმეტად აქტიურია, რაიმე გარანტიები ხომ არ მიიღო მან დასავლეთისგან?
– არ დაგეთანხმებოდით იმაში, რომ მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერით მოდის ხელისუფლება, რუსეთის მხარდაჭერითაც ხდება ხელისუფლების ცვლილებები ჩვენს უახლეს ისტორიაში.
რა თქმა უნდა, ყველას ინტერესების გათვალისწინება ხდება, ისეთი გზაჯვარედინია საქართველო, რომ იკვეთება დასავლეთის, რუსეთის და აღმოსავლეთის ინტერესებიც. ეს ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ვნახოთ, როგორი იქნება დასავლეთის დამოკიდებულება, როგორი იქნება რუსეთის ჩარევა ამ სიტუაციებში. მე, სამწუხაროდ, უფრო მძიმედ ვხედავ რუსეთის ჩარევას და ეს ძალიან არ მსიამოვნებს.
– თავად სააკაშვილს რამდენად აქვს მხარდაჭერა, როდესაც ასე აქტიურობს?
– იცით, როდესაც სააკაშვილზე მეკითხებიან, ჰგონიათ, რომ მე და სააკაშვილი ახლო მეგობრები ვართ. ასე ნამდვილად არ არის.
– ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოდან გატანილი ეროვნული საგანძური იყიდება საზღვარგარეთ, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაიტანეს და ამ თანხების მობილიზება ხდება სააკაშვილის მიერ. ამაზე რას იტყვით?
– დიდი ბოდიში, მაპატიეთ და ძუძუს მოჭმის, საშვილოსნოს ამოჭრის და აივანზე დაბმული მგლების სერიიდან გახლავთ ესეც.
– აბა მხოლოდ ემიგრანტების იმედად არის?
– არა მგონია, ემიგრანტების იმედად იყოს. ჩემი აზრით, მან გადაწყვიტა ემიგრანტების დახმარებით საზოგადოების შეჯანჯღარება. ჩვენი საზოგადოება აპათიაში წავიდა. თუმცა დიდხანს არ გაგრძელდება ასე. მალე დადგება არჩევნების ხანა და ჩვენ უნდა ვემზადოთ ამისათვის.
სააკაშვილმა დაინახა, რომ მისი აქტიური მხარდამჭერების დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ და ამიტომ დაიწყო ამ ძალის მობილიზება.
ეს მდორე სიტუაცია უნდა დასრულდეს აუცილებლად, უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. დამყაყებისკენ მიდის ხელისუფლება და ახალი სისხლი და ცვლილებებია საჭირო.
თუ ამას მიხვდება საზოგადოება, ძალიან კარგი იქნება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა