მარინა გელანტია – “დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, მარჯვენა ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს”

მარინა გელანტია - "დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, მარჯვენა ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს"მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად პაციენტისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

„გუშინ საღამოს ჩატარდა კონსილიუმი. კონსილიუმში ჩვენი კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკაში ამ დარგში ცნობილმა სპეციალისტებმა. მათ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და დღემდე განხორციელებული კვლევები და გამოკვლევები. ამ ეტაპისთვის ინსულტი არ იქნა დადასტურებული. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტულად, ასევე მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში. ამ კვლევების შედეგებს დამატებით მოგახსენებთ. ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები, ფუნქციური ენცეფალოგრამა და ნეიროფიზიოლოოგიის დამადასტურებელი კვლევები.

ამჟამად პაციენტის მარჯვენა ხელ-ფეხის მოქმედება პარალიზებულია, თუმცა თავად კონტაქტურია და ადეკვატურია“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

მისივე ინფორმაციით, რამდენი ხანი დარჩება გიორგი მამალაძე საავადმყოფოში, ეს კვლევის შემდეგ გაირკვევა.

კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე ასევე გამოეხმაურა დეკანოზის ოჯახის წევრების განცხადებას, რომლის მიხედვითაც ექიმები არ ასაჯაროვებდნენ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის ზუსტ მდგომარეობას.

„დაუმსახურებელი და უსაფუძვლო იყო ოჯახის ახლობლების მიერ გაკეთებული განცხადებები კლინიკის ადმინისტრაციის და ექიმების მიმართ. იმედი მაქვს, ეს განცხადებები ემოციურ ნიადაგზე იყო გაკეთებული“, – აღნიშნა მარინა გელანტიამ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

იპნ