ნანა ჩაჩუა: ,,საქართველოს მოსახლეობა შეშინებული, დაღლილი და მოტყუებულია“

ნანა ჩაჩუა: ,,საქართველოს მოსახლეობა შეშინებული, დაღლილი და მოტყუებულია“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურადაც დაადასტურა, რომ  საქართველოში კრიმინალი 54 %-ით არის გაზრდილია. 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. სხვა მძიმე დანაშაულებებთან ერთად განსაკუთრებით საგანგაშოდ ჩანს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა.  ამ შემთხვევაში საუბარია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლზე. სტატისტიკით ეს დანაშაული მხოლოდ ერთ წელში 150 %-ით არის გაიზარდა  — სულ ასეთი 1663 შემთხვევაა აღრიცხული.

მართალია, სამართალდამცველი სტრუქტურა ამ ფაქტს სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით ხსნის და იქვე შიფრავს, რომ თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით კვალიფიცირდება ყველა შემთხვევა, როდესაც სიკვდილის რეალური მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ სპეციალისტები ამ დანაშაულს ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალური და ფსიქიკური მდგომარეობით ხსნიან.

დეპრესია, სტრესი, არასწორი კვება, სიღარიბე, სამუშაო ადგილების დეფიციტი, უმუშევრობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო – სამი სიტყვით რომ ვთქვათ: მძიმე სოციალური ფონი.

პირადი კონფლიქტებისა და სირთულეების გარდა, გარემო, სადაც ადამიანი დიდ დროს ატარებს, პირდაპირ გავლენას ახდენს მის განწყობაზე. ამიტომ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ თავისუფლად შესაძლებელია, საკუთარი პრობლემები უფრო გაგვირთულოს და დაგვიმძიმოს. საბოლოოდ კი ამ ყველაფერს შეუძლია, შედარებით სუსტი ნებისყოფის ადამიანს რადიკალური გადაწყვეტილებაც მიაღებინოს.

სწორედ ამგვარად ხსნის ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტების 150 %-იან ზრდას. ქვეყანა, სადაც 3 მლნ 729 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ათობით გახმაურებული მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის ამბავს ვიგებთ, მისი თქმით, ბუნებრივია, მეტყველებს იმაზე, რომ სტატისტიკაც წლიდან წლამდე საგანგაშო ხდება.

უფრო ზუსტად, ფსიქოლოგი თანმიმდევრულად გვიხსნის მოვლენების განვითარების ყველა გარემოებას:

„თანამედროვეობა ადამიანის მნიშვნელობის გაუფასურების საფრთხის წინაშე დგას. საზოგადოება თანდათან კარგავს საზიარო ნორმებს: მეგობრობას, მეზობლობას, ნათესაურ კავშირებს, ნათელ-მირონობას, ოჯახურ ვალდებულებებს და ა.შ., ანუსოციალურობის იმ ნაწილს, რაშიც და რისი მეშვეობითაც უნდა განიცადოს საკუთარი თავი, საკუთარი ,,მე“. ცნობილი ფრანგი მოაზროვნე დიურკჰაიმისუიციდის ყველაზე მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორად სწორედ საზიარო ნორმების შესუსტებას მიიჩნევდა. ამავდროულად, სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ადამიანის სასიცოცხლო ველიც საკმაოდ ვულგარიზებულია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არა შემეცნებითი და ემოცური გამდიდრების, არამედ სოციალური ტოქსინების წყაროდაა გადაქცეული ზოგადად მასმედია და ინტერნეტში განთავსებული ე.წ.კომენტარები. ამ ზიზღის, სიძულვილის, დაუნდობლობისა და  სისასტიკის ავტორები რომ კონკრეტული პერსონებია, გასაგებია, მაგრამ თავად მოდერატორების დამოკიდებულების გადასამოწმებლად პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, რამდენჯერმე კონსტრუქციული, საქმიანი დაკეთილგანწყობის გამომხატველი კომენტარები გადავაგზავნე და უმეტესწილად ისინი დაბლოკეს. სწორედ ეს არის საზოგადოების ვულგარიზების პირველი და უტყუარი ნიშანი — ხმაურიანი, ინფორმაცია, სკანდალი, რომ მოიცვას ადამიანთა მეტი და მეტი სიმრავლე და ,,განსჯა“ ეხებოდეს არაარსებითს.  დიახ, ადამიანი დაშორდა თავისსავე თავს, საზოგადოებას, ბუნებას, უმაღლეს  ღირებულებებს ანუ ღმერთს,“- ამბობს ნანა ჩაჩუა.

პირადი პრობლემების გარდა, ფსიქოლოგი მძიმე სოციალურ ფონსაც ეხება.

„მძიმე სოციალური ფონი, ეკონომიკური შეჭირვების პრობლემატურობა, მართლაცდა, ფილიგრანული სიზუსტითაა ასახული მასლოუს მოთხოვნილებათა   პირამიდის სქემაში. პირამიდის ფუძეს წარმოადგენს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, მხოლოდ  მისი დაკმაყოფილების, რეალიზების შემდეგ ხდება აქტუალური უსაფრთხოების, მიკუთვნებულობის, თვითპატივისცემისა და, ცხადია, თვითრეალიზების მოთხოვნილებები. გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,ტრაგედია უგმიროდ“, აკუტაგავას ,,იასუკიტის ჩანაწერებიდან“ შიმშილის გამო მათხოვარი ბიჭუნას საქციელი და მრავალი სხვა. ამიტომაც გადაიქცა საყოველთაო შიშადსიღარიბის შიში, რადგან ფიზიოლოგია, კერძოდ, შიმშილი არც თუ ისე ადვილი სამართავია. მხოლოდ ცნობიერების უმაღლესი ინსტანციიდან შეიძლება მისი მართვა და რეგულირება.  ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი მეუღლის ნინა პოლტორაცკაიასმიერ საქართველოს სიძველეთა მიმართ პასუხისმგებლობის დონე ყველას ვერ მოეთხოვება. მსგავსი სულიერება მხოლოდ ერთეულთ შეუძლიათ. გამოსავალი ადამიანთა შრომითი დასაქმებაა. ,,არსობის პური“ საკუთარი შრომით უნდა იყოს მოპოვებული. შრომის მოთხოვნილება სუბსტანციური მოთხოვნილებაა. მხოლოდ შრომის შედეგში ხედავს ადამიანი თავის ძალას, თვითდადასტურებას, განცდას იმისას, რომ მე ვარ მე,“ – განამარტავს ნანა ჩაჩუა.

და ბოლოს, თვითმკვლელობამდე მიყვანის მესამე, მთავარ ფაქტორს, ნანა ჩაჩუას თქმით,  ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემასთან – სიღარიბესთან მივყავართ.  პასუხისმგებლობას კი ფსიქოლოგი სახელმწიფოსა და მედიას აკისრებს.

„საქართველოს დღევანდელი მოსახლეობა (არა მხოლოდ საქართველოს) შეშინებული, დაღლილი და მოტყუებულია.  ეშინია სიღარიბის. დაღლილია შიშით და მოტყუებულია ე.წ. დემოკრატიით. თუმცა იქ, სადაც სიცოცხლის იმპულსი მძლავრობს, ნეგატიური პოზიტიურად  ანუ განსაცდელი მადლად გარდაიქმნება. სიცოცხლის იმპულსით კი ქართული სული საკმაოდ გაჯერებულია. მიუხედავად ამისა ზოგჯერ ყოველდღიურობას, ყოფითობას მომენტალურად მაინც შეუძლია საბედისწერო ,,გამოცდის“ მოწყობა. ფსიქოლოგიური დაძაბულობის, გაუსაძლისობისგანცდა ერთგვარი რისკია. ამ რისკის შექმნა, მისი ნებისმიერი ფორმით ხელშეწყობა დანაშაულია, მძიმე დანაშაული! ამ მიმართულებით კი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლების სამივე შტოს ერთნაირად ეკისრება.  თუმცა მასმედიას მაინც ყველაზე მეტად, რადგან იმედს მხოლოდ უჯერო სიტყვა ჰკლავს – სხვა არც და ვერც ვერაფერი,“ – ამბობს ნანა ჩაჩუა.

შეგახსენებთ 2018 წლის სტატისტიკას: დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ 11%-ით არის გაზრდილი, განზრახ მკვლელობის ფაქტები – 21%-ით, 127 % მკვლელობის მცდელობაზე მოდის, 150%-ით კი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტების ზრდაა დაფიქსირებული.

კომერსანტი