ნუკრი ქანთარია – “უმრავლესობა რომ არ დაიშალოს, ბეწვის ხიდია გასავლელი”

ნუკრი ქანთარია - "უმრავლესობა რომ არ დაიშალოს, ბეწვის ხიდია გასავლელი”“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” გუნდში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ თუ ეს ადამიანები მაინც დაინიშნებიან უვადოდ უზენაეს სასამრთლოში, ის ვეღარ ხედავს თავის თავს ვერც ამ პოლიტიკურ ველზე და ვერც პარტიაში. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ, მოვლენები შეიძლება ამ მიმართულებით განვითარდეს?
– ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი იქნება ძალიან დიდი წყალგამყოფი. როდესაც ახალი სია შემოვა, იქ გამოჩნდება ყველაფერი. ჩვენი მიზანი არის, რომ უზენაეს სასამართლოში უნაკლო რეპუტაციისა და პროფესიული წარსულის ადამიანები მოხვდნენ.
ყველას შეეძლება, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, შემდეგ 18 კაციანი სია გადმოიგზავნება პარლამენტში, დეპუტატებს კი შეგვეძლება, ინდივიდუალურად მივიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება ამ სიიდან მხოლოდ ერთი ან ორი გავიდეს ან საერთოდ 18-ვე კანდიდატი ჩააგდოს პარლამენტმა. ეს ყველაფერი კანდიდატებზე იქნება დამოკიდებული.
ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება, საზოგადოების თვალწინ მოხდება ყველაფერი, აქ დამალული ვერ იქნება ვერაფერი.
– ასე ფიქრობთ?
– მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ რაღაც სხვას ექნება ადგილი, მაშინ, ცხადია, ყველა მივიღებთ გადაწყვეტილებას და ალბათ ეს იგულისხმა თამარ ჩუგოშვილმაც. მაშინ, რასაკვირველია, ის მართალი იქნება.
– არსებობს ინფორმაცია, რომ ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი აღარ იქნებიან სიაში, მაგრამ სია მათ მიერ იქნება შედგენილი.
– არა, სიას ჩინჩალაძე უკვე ვეღარ დაწერს! შეიძლება ვიღაცეები მაინც მოხვდნენ ამ სიაში, მაგრამ თითოეული მათგანის განხილვა ხომ იქნება პარლამენტში, აქ უკვე ვეღარ გავლენ ისინი. ვერავინ ვერ წაუვა მათ ხარვეზიან პროფესიულ ბიოგრაფიას, მე ეს მაძლევს იმედს. საბოლოო სიტყვას ჩვენ ვიტყვით და არა – ისინი. ვნახოთ. ახლა საბოლოო პროცესს უნდა დაველოდოთ და მე ეკასაც, გედისაც ვთხოვდი, რომ მათ არ იჩქარონ გადაწყვეტილება.
– მათ პარტია არ დაუტოვებიათ, მაგრამ იმ ფონზე, რაც ხდება, შესაძლებელია ამ ადამიანების უკან მობრუნება?
– რატომ არა, პარტიის თავმჯდომარეს მათთვის არ უთქვამს, რომ პარტია დატოვონ. ვითარებამ მოიტანა, რომ მათ გაუჩნდათ ასეთი ფიქრი და ამ ფიქრებს აქვს საფუძველი. ასეთი ფიქრი შეიძლება მართლაც გაუჩნდეს ადამიანს, მეც მქონდა ადრე და ახლაც ვფიქრობ, მაგრამ მაინც უმჯობესია, დაველოდოთ, საბოლოოდ რა მოხდება.
გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ, ამას ვამბობ. დაველოდოთ ამ ეპიზოდს და ყველაფერი გამოაშკარავდება.
– ეს ეპიზოდი გუნდში ბევრისთვის შეიძლება წყალგამყოფი იყოს?
– ბუნებრივია. ჩვენ მთელი ქვეყანა გვიყურებს და ახლა ეს ხალხი რომ ავირჩიოთ, რომლებსაც საზოგადოების ნდობა არ აქვს, რა თქმა უნდა, ეს არის წითელი ხაზი. ამ ფონზე გაპარება არ გამოვა, ეს უკვე თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობაა. პროცესი კი უნდა დამშვიდდეს და რაციონალურ კალაპოტს დაუბრუნდეს.
– მოსამართლეების 2024 წლამდე უვადოდ დანიშვნის გადავადებას ემხრობით?
– ასეთი კანონპროექტი 9 დეპუტატის მიერ უკვე შემოტანილია. ერთი მხრივ ვეთანხმები, რომ ეს შეიძლება იყოს მისაღები, მაგრამ მეორე მხრივ არის კითხვები, რამდენად იქნება სწორი და ა.შ. თუმცა, შეიძლება გამოსავალი იყოს ამ შემთხვევაში ქვედა ინსტანციებში.
– საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის ღია პოზიცია ამ საკითხზე არ მოუსმენია. როგორი იყო მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მისი დამოკიდებულება, მისი განწყობები?
– პირველ, მეორე შეხვედრაზე გახსოვთ მე ვთქვი, ქრესტომათიაში შესატანი მასტერკლასი ჩაატარა-თქო. შემდეგ და შემდეგ უკვე გარკვეული ცვლილებები იყო ჩემთვის არასახარბიელო, მთლიანობაში ატმოსფეროს თვალსაზრისით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მკვეთრი პოზიცია – ამას ვემხრობი და ამას არა – არ დაუყენებია.
ის გვეთანხმება, რომ კრიტერიუმების შემდეგ ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობით მივიღოთ გადაწყვეტილება. მისი პოზიციაა, რომ ინსტიტუტი არ დაზიანდეს და ამაში ვეთანხმები.
– არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება და ის არ დაიშლება, მაგრამ თუ მოვლენები ასე განვითარდა, შეიძლება უმრავლესობა დაიშალოს?
– კი, რა თქმა უნდა! ყველაფერი არის მოსალოდნელი. დღეს შეიძლება არა, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება ასე მოხდეს, ეს არის მოსალოდნელი. ამიტომ არის ბეწვის ხიდი გასავლელი, წონასწორობის დაცვაა საჭირო. ეს იმ დაპირებების შესრულებაშიც უნდა გამოიხატოს, რომლებიც ჩვენ საზოგადოებას მივეცით თუნდაც არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის.
ეს ეხება საპარლამენტო პოზიციების გადანაწილებასაც, საკადრო საკითხებსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იგივე სტრატეგიას და სხვა საკითხებსაც.
მე, მაგალითად, ამას ველოდები და არც ის დაპირება დამვიწყებია, რომელიც ჩვენ ხალხს ამ მიმართულებით მივეცით.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა