ფადი ასლი – ბიძინა ივანიშვილი რუსულ კომპანიებს ეხმარება

ფადი ასლი - ბიძინა ივანიშვილი რუსულ კომპანიებს ეხმარება„ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანს საერთაშორისოდ სანქცირებული რუსული კომპანიების დახმარება წარმოადგენს, რათა მათ თიბისი ბანკის გამოყენებით და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების გვერდის ავლით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ,“ – ეს ინფორმაცია დღეს  საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ გაავრცელა.

ამ განცხადებით, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილს,  სკანდალური პოლიტიკური ბრალდება წაუყენა. მით უფრო, რომ, როგორც თავად  ფადი ასლიმ განაცხადა, ეს ინფორმაცია არა მისი პირადი მოსაზრებაა, არამედ  იგი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო წყაროს. ეს კი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.   საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი რაიმეს სახის მტკიცებულებები,  რადგან ამ შემთხვევაში  მისი განცხადება მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტულად ივანიშვილისადმი, არამედ აისახება მთლიანად ქვეყნის იმიჯზე. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ განცხადებას შესაბამისი დასაბუთება მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფადი ასლის ბოდიშის მოხდა მოუწევს, რადგან  ამ ფაქტმა ქვეყნის იმიჯს შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს.

რას ამბობს საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი განცხადების სრული ვერსია ასეთია:

ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს თიბისი ბანკი და ანაკლიის პორტი. მას ამ მიზნის მიღწევა არა ბანკის ყიდვით, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორებით უნდა. ბანკის მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, მას უნდა რომ ის მასთან დაახლოებულ პირებს გადასცეს მართვაში. ამ მიზნის მისაღწევად ის საქართველოს ეროვნულ ბანკს იყენებს. რა ინფორმაციაც მივიღეთ, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანს საერთაშორისოდ სანქცირებული რუსული კომპანიების დახმარება წარმოადგენს, რათა მათ თიბისი ბანკის გამოყენებით და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების გვერდის ავლით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ.

რაც შეეხება პორტს, იმ მძიმე ბრალდებებით, რომლებიც მამუკა ხაზარაძისადა ბადრი ჯაფარიძის მიმართ გააჟღერა, ივანიშვილი ცდილობს, დააზიანოს მათი რეპუტაცია, რათა საერთაშორისო დონორებმა პროექტის დაფინანსებაზე უარი თქვან. მათ მიერ უარის თქმის შემდგომ კი, პროექტის განვითარება შეჩერდება. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა კომპანიას შეახსენებს, რომ მათ სახელმწიფოს ვალდებულებებიც აქვთ, რომელსაც ვეღარ ასრულებენ. საბოლოოდ ივანიშვილი გეგმავს, რომ შეჩერებული პროექტი თავად ჩაიგდოს ხელში , – ამბობს ფადი ასლი და იქვე დასძენს: ეს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს მოაქცევს დაკვირვების ქვეშ უცხოეთიდან და საქართველოს თავისი რეპუტაციის ფასად დაუჯდება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია.

კომერსანტი