ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სს “ელმავალმშენებელის” ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო პროცესი 2019 წლის 24 იანვარს დაიწყო.

“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით. გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინებების საფუძველზე სს “ელმავალმშენებელი”-დან ამოღებულია 2017-2019 წლების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულ დოკუმენტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დანიშნულია და მიმდინარეობს თემატური რევიზია.

გამოძიების დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის მიერ, მიმდინარეობდა სს “ელმავალმშენებელის” 2016-2019 წლების პერიოდის საგადასახადო შემოწმება და ინვენტარიზაცია, რომელიც ამჟამადაც გრძელდება”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულებმა კოლექტიური შრომის დავა დაიწყეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა, არ აუღია.

ბიემჯი