ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ლ.მ. ყაზბეგში დააკავეს

ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ლ.მ. ყაზბეგში დააკავესხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთ პირი – 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ყაზბეგში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნ.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ხოშარაულის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი 43 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან აცნობეს, პაციენტი უკვე პალატაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, იგი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.

43 წლის ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ ზურგის არეში მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს. პაციენტს საოპერაციო ბლოკში ჭრილობა დაუმუშავდა და პოსტოპერაციულ განყოფილებაში მოათავსეს.