რატომ გაჩერდა კომპანია “ბეიკერი”, რომელიც პატიმრებისთვის პურს აცხობდა

რატომ გაჩერდა კომპანია "ბეიკერი", რომელიც პატიმრებისთვის პურს აცხობდაუფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემის საცხობებში მომუშავე პატიმრები სამუშაოდან გაათავისუფლეს.
– ბატონო მამუკა, თქვენი განცხადება წავიკითხე, რომელიც ციხეში დასაქმებულებს შეეხება. რა პრობლემა აქვთ ციხეებში დასაქმებულებს?
– კახიშვილის მინისტრობის დროს კომპანია “ბეიკერს” გადაეცა უფლება და მან ციხეში შეძლო შეექმნა გარკვეული ინფრასტრუქტურა შენობა-ნაგებობებითა და სხვა ინფრასტრუქტურით.
კომპანიამ იჯარით აიღო მიწის ნაკვეთი. გარდა იმისა, რომ თვითონ გააკეთა ყველაფერი და 60-ზე მეტი პატიმარი ჰყავდა დასაქმებული, ბიუჯეტშიც გარკვეულ თანხებს იხდიდა. მსჯავრდებულები აცხობდნენ პურს და ამაში ხელფასს იღებდნენ. პატიმარს შეეძლო, თავიც ერჩინა და გარკვეული დანაზოგი ოჯახშიც გამოეგზავნა.
რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ ციხიდან ის პირები, რომლებიც გაათავისუფლეს. მათ, გარდა იმისა, რომ გული წყდებათ, რომ ვეღარ იმუშავებენ, ერთი თვის ხელფასიც ასაღები დარჩათ. არ იციან, “ბეიკერი” ბოლო თვის ხელფასს როდის ჩაურიცხავს.
ჩემი ინფორმაციით, კომპანია “ბეიკერმა”, რომელიც წარმატებით ახორციელებდა აღნიშნულ პროექტს, რატომღაც კონკრეტული დაწესებულების ათამდე მსჯავრდებული სამსახურიდან დაითხოვა. სავარაუდოდ, სხვა დაწესებულებებშიც მოხდა მსგავსი ფაქტი, სადაც “ბეიკერი” პროექტს ახორციელებდა.
– კომპანიასთან კომუნიკაცია ხომ არ გქონიათ?
– არ მქონია და არც ვაპირებ დაკავშირებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მივმართავ, მოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და თუ დადასტურდა, გვაცნობონ, რატომ დატოვა “ბეიკერმა” პენიტენციური სისტემა, რატომ დაემშვიდობა პატიმრებს?
“ბეიკერის” წარმომადგენელმა უთხრა პატიმრებს, ჩვენი პროექტი დამთავრდა, ჩვენ მეტად ვეღარ ვიმუშავებთო. გამოდის, რომ 60-მდე პატიმარი დარჩა უსამსახუროდ და უხელფასოდ. ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ ცუდი ამბავია.
მე კითხვები მაქვს ქალბატონ თეა წულუკიანთან და “ბეიკერის” წარმომადგენლებთან – მსჯავრდებულებს და მსჯავრდებულთა უფლებადაცვით საკითხებზე მომუშავე საზოგადოებას, გვაინტერესებს, რა ხდება? რატომ ხდება და რა იყო პატიმრების გათავისუფლების მიზეზი?
– ვერსია არ გაქვთ, თუ რატომ შეიძლება ხდებოდეს ეს?
– ვერსიები შეიძლება გვაქვს. ეს ისეთი სისტემაა, შეიძლება რაღაც დივერსიის საფუძველი გახდეს.
– “ბეიკერი” თავის დროზე კონკურსის წესით შეირჩა თუ ტენდერით?
– ამ კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა.
– ვისი ორგანიზაციაა?
– ეს არის ჩვეულებრივი შპს. შეიკრიბა რამდენიმე ადამიანი და გააკეთა ბიზნესი, ისინი საცხობის ბიზნესით იყვნენ დაკავებული და, ბუნებრივია, ამ ბიზნესით შევიდნენ პენიტენციურ სისტემაში. უფლება მიეცათ, მოეხდინათ ინვესტირება, სისტემაში შეექმნათ მინი ქარხნები.
– ამ მინი ქარხნებში მომუშავე პატიმრებს ხელფასი რამდენი ჰქონდათ?
– თვეში 300 ლარი გამოსდიოდათ. 300 ლარი ზოგს ციხის გარეთ არ აქვს ხელფასი. ჩემი ვერსიით, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და “ბეიკერს” შორის შავმა კატამ გაირბინა. მათ ჭიდილში მსჯავრდებულები ზარალდებიან.
– პატიმრებს პური ნორმალურად მიეწოდებათ?
– პატიმრებს პური მიეწოდებათ. რაღაც ერთსაათიანი შეფერხება იყო. პირდაპირი შესყიდვის წესით ხდება პურის შესყიდვა და მიწოდება პატიმრებისთვის. პატიმრების გამომცხვარი პური 5 თეთრით ნაკლები ღირდა.
– რადგან თქვენ ამბობთ, შესაძლოა, “ბეიკერსა” და იუსტიციის სამინისტროს შორის შავმა კატამ გაირბინაო, ანუ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება იყო?
– მე ამას ვვარაუდობ, რადგან “ბეიკერი” არის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აწყობილ ბიზნესს ასე უბრალოდ არ მიატოვებს. ეს პროექტი ზარზეიმით მივიღეთ მაშინ, თუმცა, საბოლოოდ, ცუდად დამთავრდა.
– სხვა მხრივ, რა მდგომარეობაა პენიტენციურ სისტემაში?
– სხვა მხრივ პენიტენციურ სისტემაში იდეალური მდგომარეობაა. კახიშვილის შემდეგ არაფერი კეთდება, მაგრამ იმდენი რამ გაკეთდა კახიშვილის დროს, რომ არსებული სისტემა დიდხანს იმუშავებს.
ჩვენ გვაქვს უნიკალური მაგალითი იმისა, რომ ბრიტანეთის მოქალაქემ, რომელიც საქართველოში დააპატიმრეს, საქართველოს ციხეში დარჩენა არჩია იქ დაბრუნებას.
თუმცა, მე, როგორც პატიმრების უფლებების დამცველს, მსურს, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ პატიმრების რესოციალიზაციას. მეტი სოციალური პროექტები განახორციელონ.
სწავლებებია საჭიროა. ასევე, მეტი ციხე უნდა აშენდეს და იქ პატიმრები გადანაწილდნენ. არ შეიძლება ათასკაციანი ზონები. მაქსიმუმ 300 კაციანი ზონები უნდა იყოს.
– ერთ ზონაში 1.000 პატიმარია?
– დიახ, ზოგ ზონაში ასეა. მაგალითად, გეგუთში 1.500 პატიმარიც არის.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა