„უპატარძლო ქორწილია“ – სალომე ზურაბიშვილს უშიშროების საბჭოში არ უშვებენ

„უპატარძლო ქორწილია“ - სალომე ზურაბიშვილს უშიშროების საბჭოში არ უშვებენჩვენი ხელისუფლების ქმედება კრილოვის იგავს მახსენებს „გედის, კიბორჩხალას და ქარიყლაპიას“ შესახებ, ყველა სხვადასხვა მხარეს რომ ექაჩება, სწორედ ამ პრინციპით აწყობენ სახელმწიფოს მმართველობას, ამიტომ არის რომ ჭაობში ვართ და არაფერი ვითარდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს კომენტირებისას განუცხადა.

„ასეთი ტიპის საბჭოს ძირითადი ფუნქცია არის ფორსმაჟორულ, ანუ კრიზისულ სიტუაციებში პროცესების მართვა. ეს არის პროცესი, როცა ყველა ინსტიტუტმა უნდა დაიწყოს კოორდინირებული მუშაობა ერთად. მსგავსი ტიპის საბჭოში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა შტო – აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება და პრეზიდენტის ინსტიტუტი, მითუმეტეს, რომ ის არის უმაღლესი მთავარსარდალი. მაგრამ ახლა ყველაფერი მიჩეხ-მოჩეხეს, კანონი დაწერეს უაზრო და ახლა აბრალებენ ამ ყველაფერს კანონს. „უპატარძლო ქორწილი“ უნდათ ეტყობა და იმიტომ ამბობენ უარს პრეზიდენტის მონაწილეობაზე. არ მგონია ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, ეს არის უფრო უხარისხო დაგეგმარების პრობლემა, თორემ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა საბჭოში, ამით არც არავის სცხელა და არც არავის სცივა. ზოგადად, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ინსტიტუტების პატივისცემით კი არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, არამედ იმის მიხედვით, რომ ეს სალომეა, ის მარგველაშვილი იყო, ის უსუფაშვილი იყო და რაღაცას ცუდად ლაპარაკობს და ა.შ. ამ დონეზე, პიროვნული მოწონება-არმოწონებით ხდება საკანონმდებლო ცვლილებები და ჭრა-კერვა. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მაკოორდინირებელ საბჭოში უნდა იყოს პრეზიდენტიც და საკანონმდებლო ხელისუფლებაც იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს ამოცანები სწორად არის დასახული, მაგრამ ის ეჭვობს, რომ ამოცანებიც არ არის სწორად ჩამოყალიბებული.

შეგახსენებთ, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო – ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ,,საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და იქ პრეზიდენტი ვერ იქნება“. პრეზიდენტი კი უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში ჩართვას ითხოვს.