ვახტანგ ძაბირაძე – “ბესელიას ჯგუფს ივანიშვილის გარეშე ძალიან გაუჭირდება”

ვახტანგ ძაბირაძე - "ბესელიას ჯგუფს ივანიშვილის გარეშე ძალიან გაუჭირდება"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, “ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს?
– თუ უმრავლესობაში იგულისხმება სამთავრობო უმრავლესობა, 76 მანდატი, რომელიც მთავრობის დასამტკიცებლად არის საჭირო, მაშინ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ უმრავლესობას “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს. დანარჩენი დროის საკითხია, ვინ გადაწყვეტს და რას გადაწყვეტს და როგორ გადაწყვეტს, გამოიყენებს სასამართლოს თემას თუ არ გამოიყენებს.
ორი პროცესი მიდის პარალელურ რეჟიმში. ამიტომ, სასამართლოს თემა თუ არ იქნებოდა, იქნებოდა სხვა თემა.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ “ქართულ ოცნებაში” ახლა მიდის გამოკვეთა იმ გუნდის, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე იქნება წამყვანი, რომელიც საარჩევნო სიას დააკომპლექტებს.
არის ნაწილი, რომლის ამ გუნდში მოხვედრის შანსი მინიმალურია. ამიტომ, ამ ხალხის ნაწილი ამას გააპროტესტებს და შეეცდება, რომ ეს ორი წელი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენოს და არის მეორე ნაწილი, რომელიც ასეთ პროტესტს ღიად არ გამოთქვამს და კულუარებში დაიწყებს ვაჭრობას, რათა გაარკვიოს მისი პოლიტიკური მომავალი. ეს ხალხი ჩუმად იქნება, რომც ვერაფერს მიაღწიოს და უმრავლესობის შემადგენლობაშიც იქამდე იქნება, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება.
– მთელი ეს პროცესი სულ ეს არის?
– ცხადია, არა, სასამართლო სისტემა, რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყანაში პრობლემაა. არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ეტაპი, რომ სასამრთლოს მოსახლეობის მაღალი ნდობა ჰქონოდა. ამ რეიტინგის მოსამართლეების უვადოდ გამწესება კი ნიშნავს, რომ ეს შანსი საერთოდ უნდა გავუშვათ ხელიდან.
გოგიჩაიშვილმა, ბესელიამ და სხვებმა საკუთარ ტყავზე იწვნიეს ეს მოსამართლეები, ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, თუ ეს ადამიანები საკუთარ ინტერესებს საზოგადოებრივ ინტერესებს დამთხვევენ, ეს მათ პოლიტიკურ მოქნილობაზე მიუთითებს. ამიტომ არანირი ცუდი ელფერი ამას არ დაკრავს.
– სად არის ივანიშვილი მთელ ამ პროცესში?
– ის ცდილობს უმრავლესობის შენარჩუნებას, რაც არცთუ მარტივი ამოცანაა, რადგან მის უპირობო ლიდერობას აღიარებს მხოლოდ ის, ვისაც ექნება 2020 წლის გარანტია.
– გამორიცხავთ, რომ ივანიშვილი ცდილობდეს, სწორედ აქედან შექმნას მესამე ცენტრი?
– ამ ქვეყანაში ვერაფერს გამორიცხავ, ვნახოთ, შეუძლებელია, რომ ეს არ დაეტყოს პროცესს, მით უფრო, ეს გამოჩნდება არჩევნების მოახლოებისთანავე.
მოსამართლეების საკითხი, ასე თუ ისე, ამოიწურება, ან ისე დასრულდება ან ასე, მუდმივად ხომ ვერ გაგრძელდება. ამიტომ ამ გუნდს ახალი თემა დასჭირდება უკვე არჩევნებისთვის, მით უფრო, თუ პარტიის შექმნას აპირებენ, მათ აუცილებლად დასჭირდებათ დამატებითი იდეოლოგია. ვნახოთ, რა იქნება ეს იდეოლოგია.
მე მაინც ვფიქრობ, რომ პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა მარტივი არ არის.
– რატომ?
– ეტყობა ხოლმე. არ გამოდის ეს ვარიანტი. ამიტომ, არაფერს არ გამოვრიცხავ, შეიძლება ვიღაცას ამის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ რამდენად რეალურია და რამდენად შეიძლება ასე შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, ეს მეეჭვება, მერწმუნეთ, კითხვები გაჩნდება.
– ივანიშვილის ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, თუ ამბოხებულები ცალკე გავლენ 2020 წლისთვის, რა შანსები ექნებათ?
– ბევრ რამეზე იქნება ეს დამოკიდებული. ამ ადამიანებმა ხალხის მხარდაჭერა თავად უნდა მოიპოვონ ყოველგვარი ბიძინა ივანიშვილის და მისი ფაქტორის გარეშე. ცალკე აღებული ეს პიროვნებები არცთუ მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან. მათ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევთ.
დღეს “ქართულ ოცნებაში” დიდი ნდობით და რეიტინგით არავინ გამოირჩევა, ცხადია, ივანიშვილს არ ვგულისხმობ. შეიძლება ერთი ნაბიჯით ვიღაც ვიღაცაზე წინ იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ლიდერია. ივანიშვილის შემდეგ ლიდერობა რომ იკისროს, ასეთი ფიგურა “ქართულ ოცნებაში” არ ჩან.
ამ ჯგუფს კი ბევრი პრობლემა ექნება. მათ ამის სერიოზული გაანალიზება მოუწევთ. იმის თქმა, რომ უალტერნატივო გზა ექნებათ, თუნდაც ჩაანაცვლონ “ევროპული საქართველო” ან მოსახლეობაში მხარდაჭერას მარტივად მოიპოვებენ, არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა