ვანო ზარდიაშვილი – „ბრალდება ჩემ მიმართ აბსოლუტურად აბსურდულია”

ვანო ზარდიაშვილი - „ბრალდება ჩემ მიმართ აბსოლუტურად აბსურდულია"საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირების გამწვავების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს მმართველი გუნდის ის დეპუტატი, რომელსაც მოსამართლეების კლანის მთავარ ლობისტად ასახელებენ.

ვანო ზარდიაშვილი თვლის, რომ ვიღაცებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომიდან გამოაქვთ არასწორი ინფორმაცია და ცდილობენ მოსამართლეების თემა პირადი მიზნებისთვის და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენონ.

ვანო ზარდიაშვილმა ასევე ისაუბრა პუშკინის სკვერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართულ აუდიენციაზე. დეპუტატი ამბობს, რომ ის მოსამართლეებს საჯარო სივრცეში შეხვდა და ამაში დაფარული არაფერი ყოფილა.

„ბრალდება აბსოლუტურად არის აბსურდული. არარეალური და ყველანაირ საფუძველს მოკლებული ბრალდება, თუ ასეთი ბრალდება არსებობს, მე ასეთი არ მომისმენია. ეს მე მგონი მისი სუბიექტური ინტერესია და მისი სუბიექტური ხედვა. აქედან გამომდინარე მეტი კომენტირება მის უკვე შეუძლებელია.

“კითხვის შინაარსი თავიდანვე დამახინჯებულია – სადაც ხვდებით სკვერში და ფარულად. როდესაც შეხვედრა მოხდა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას და ეს საერთოდ სკვერიც არ იყო. ეს იყო პირველი სკოლის ხედი იყო, აქედან გამომდინარე ფარულ შეხვედრებზე საუბარი არის ზედმეტი,“ – ამბობს ზარდიაშვილი.

დეპუტატი იმ ბრალდებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც ის სასამართლო სისტემის ერთ-ერთ მმართველად სახელდება. ზარდიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსის მხრიდან მოსამართლის ანდა სასამართლო სისტემის მართვა შეუძლებელია.

„ეს არის თითქმის შეუძლებელი, ვინც იცნობს კონსტიტუციას, სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებლად ის ადამიანი ამოიკითხავს, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური ბრალდებები და ცილისწამება და არა რაიმე სამართლებრივად შესაძლებელი ფუნქცია ან შესაძლებლობა,“ – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეც ისაუბრა და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.

“ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი, მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით იმსახურებს უმკაცრეს სასჯელი,  შესაბამისად ამ საკითხზე კომენტირება იქნება ზედმეტი ჩემი მხრიდან.  პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად, მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად მოვითხოვ ამ გამოძიების დასრულებას და შესაბამისად ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,“-განაცხადა ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, სწორედ ზარდიაშვილი დაასახელა ეკა ბესელიამ მთავარ წყალგამყოფად მმართველ გუნდში. ზარდიაშვილის პოზიცია დღეს ღიად დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარემ, ვისი თქმითაც მოსამართლეების თემაზე ხმაური სხვა არაფერია თუ არა ქარიშხალი ჭიქაში.

რუსთავი 2