აკაკი ზოიძე – ”ექიმებს, რომლებიც 1 დაავადებაზე 17 რეცეპტს წერენ, შეამოწმებენ”

აკაკი ზოიძე - ”ექიმებს, რომლებიც 1 დაავადებაზე 17 რეცეპტს წერენ, შეამოწმებენ”ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული დარღვევების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის 17 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის 39 ფაქტი; აღნიშნული წესის განმეორებით დარღვევის 3 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის 2 ფაქტი დაფიქსირდა.

დარღვევების გამო 2018 წელს  23 ავტორიზებულ აფთიაქს ნებართვა გაუუქმდა.

ვინ აკონტროლებს მედიკამენტების ხარისხს, რა საკონონმდებლო ცვლილებების მოლოდინშია სახელმწიფო, როგორ აპირებენ ექიმის მიერ პაციენტისთვის არასასურველი რაოდენობის მედიკამენტის გამოწერის პოლიტიკასთან ბრძოლას და როდიდან ამოქმედდება რეფორმა, რომელიც „პრობლემურ ექიმებს“ სააშკარაოზე გამოიყვანს _ ამაზე „ახალ თაობას“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ესაუბრა.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ამ დარღვევების ფონზე,   მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება არ არის საჭირო?

_ აუცილებელიც არის და საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისი მზადებაც მიდის სამინისტროს მიერ. ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული, იმიტომ, რომ ხარისხის კონტროლი არის მთავარი მიმართულება, რაზეც ჩვენ პირველ რიგში უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ის, რაც დღეს კეთდება, არსებული შეზღუდვების პირობებში მაქსიმუმია, მაგრამ გაცილებით მეტი თანხები სჭირდება ხარისხის კონტროლს და მეტი უნდა გამოიყოს მომავალში.

ახლა წამლის სააგენტო შეიქმნა და ამ ახალი სააგენტოს პირობებში, შესაბამისი რესურსების მობილიზაციასთან ერთად და ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, მიგვაჩნია, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდება ხარისხის კონტროლის პროცესები. ძალიან მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს. ეს არის ჩვენთან ძირითადი პრობლემა -_ ხელმისაწვდომობა წამლებზე და ხარისხი.

_ რა განსხვავებული ფუნქცია აქვს წამლის სააგენტოს? მოხდა რეორგანიზაცია.

_ კი, მოხდა რეორგანიზაცია, მაგრამ მოხდა არსებული ბიუჯეტის ფარგლებში და სავარაუდოდ, მომავალში კიდევ დასჭირდება შევსება. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, საკანონმდებლო ცვლილებს მივიღებთ და კადრების დამატება და მათთვის ბიუჯეტის გაზრდაც საჭირო გახდება.

120.000 -ია სულ თითო საკონტროლო საქმიანობაზე გამოყოფილი და ბოლო წლები თითქმის არ იცვლება ეს ბიუჯეტი. როცა ფარმაცევტული ბაზარი დიდია და 12.000 დასახელების სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი თუ მოხმარების საგანი ცირკულირებს, რთული არის თითოეული მათგანის გაკონტროლება ასეთ პირობებში. იქნება ეს საკონტროლო შესყიდვები და თითოეული მედიკამენტის გაკონტროლება.

კი, რეგისტრაციის პროცესი არსებობს, ასევე ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა მექანიზმები, რომლებითაც ხდება ხარისხის ვერიფიცირება, მაგრამ ბაზარზე რაც ცირკულირებს, იმ მედიკამენტების საკითხი არის პრობლემატური _ მათი შემოწმება სრულყოფილად.

_ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებსაც მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები და ფასდაკლების დღეებიც კი ერთნაირი აქვთ, კარტელური გარიგება ხომ არ აქვთ?

_ ეს კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს და, თუ არ ვცდები, სწავლობენ კიდეც და მგონი, ჯობს, შედეგებს დაველოდოთ.

_ ხშირად ექიმები პაციენტს იმაზე მეტ და ძვირ წამლებს უწერენ, ვიდრე საჭიროა.   საუბარია ექიმების კომერციულ ინტერესზე ფარმაცევტულ კომპანიასთან. ამ შემთხვევების აღმოფხვრა რა რეფორმით არის შესაძლებელი და თუ მუშაობთ ამაზე?

_ კი, არის ეს პრობლემა. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის გამჭვირვალობა. ელექტრონული რეცეპტული სისტემა უკვე გვაქვს შექმნილი და წელს თბილისში, მომავალი წლიდან კი მთელი საქართველოს მასშტაბით სავალდებულო გახდება და მკაფიოდ გამოჩნდება, ვინ რამდენ წამალს წერს და როგორ წერს.

ანალიზის საშუალება იქნება და კონკრეტულად ასეთი შემთხვევებისა და „პრობლემური ექიმების“ შემოწმება მოხდება, რომლებიც ერთ დაავადებაზე 17 მედიკამენტს წერენ. ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება და საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ. მერწმუნეთ, რომ საკმაოდ ძლიერი ბერკეტია ეს.

_ რა სახის მონიტორინგი იქნება? ადმინისტრაციული სახდელიც ხომ არ დაეკისრებათ?

_ ჯერ ჯობს, ეს პრობლემა გავაანალიზოთ და მერე მოვიფიქრებთ, რა ზომების მიღება შეიძლება. შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ გამოქვეყნება ამ ექიმების ვინაობის, ვინც ასეთ მიდგომებს მიმართავს. ამ შემთხვევაში ესეც დიდი სტიმული იქნება, როცა რეპუტაციას ეხება საქმე. როცა საზოგადოებას ეცოდინება, რომ ის არის ექიმი, ვინც ზედმეტ წამალს უწერს ავადმყოფს, იმიტომ, რომ ფარმაცევტული კომპანია მას ფულს უხდის, არა მგონია, რომ ამ ხერხმა მასზე არ იმოქმედოს.

_ თუ სახელმწიფო მედიკამენტების ფასის დარეგულირებას შეეცდება, ეს ბიზნესში ჩარევა იქნება?

_ არავითარი ბიზნესში ჩარევა არ იქნება ეს. მთელ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არ არეგულირებდეს ამა თუ იმ მეთოდით, ზოგადად სამედიცინო მომსახურების და განსაკუთრებით ფარმაცევტული პროდუქციის ფასებს. იქნება ეს შესყიდვები, თუ ირიბი ან პირდაპირი გზით განხორციელება.

საუბარი მაქვს განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც არის ფარმაცევტული ბაზარი და არ ვამბობ ბანანის რესპუბლიკებზე.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ პოლიტიკის საუკეთესო ვარიანტი შევარჩიოთ ამ კუთხით, როგორი უნდა იყოს ეს რეგულაცია კონკრეტულად ქართული ბაზრის და ქართული სინამდვილისათვის.

ივნისში გვექნება უკვე პირველი შედეგები ამ შესწავლის, რომელსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ერთად ვაკეთებთ. რთული თემაა და დრო სჭირდება.

ლელა მდივანი, ახალი თაობა