ბურჯანაძე – ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ

ბურჯანაძე - ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ – ნინო ბურჯანაძის ისევ მოსკოვშია და ისევ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

ეს განცხადება პარტია “დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რუსული ტელეკომპანია “პირველი არხის” გადაცემაში გააკეთა. გადაცემაში საუბრის მთავარი თემა ნატო-ს გაფართოება იყო.

ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების არ ეთანხმება. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამბობს,რომ  ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საუბარი წინდაუხედაობა და ქვეყნის ინტერესების იგნორირებაა.

ბურჯანაძის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება სარგებელს არ მოუტანს არც რუსეთს და არც რეგიონს, პოლიტიკოსის თქმით, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ვალდებულია საკუთარი ინტერესების გარდა, მეზობელი ქვეყნების ინტერესებიც გაითვალისწინოს.

“საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოვებაზე საუბარი, არის ვითარების გამწვავება და გასაგებია, რომ კარგს არაფერს მოუტანს რუსეთს, არც დასავლეთს შორის ურთიერთობებს და არც ზოგადად რეგიონს. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობაზე საუბარი ეს უკეთეს შემთხვევაში წინდაუხედაობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში საქართველოს ინტერესების იგნორირებაა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის შედეგ. მაშინ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ ვერ შევძელით საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან არიდება. რუსეთს ჯიბრზე საქართველოს ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რუსთავი 2