გელა ნიკოლაიშვილი – “ციხეები ისევ გაივსო”

გელა ნიკოლაიშვილი - "ციხეები ისევ გაივსო"“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.
– ბატონო გელა, აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში დანაშაულმა იმატა. ამის მიზეზად კი სახელდება ის, რომ არის დაუსჯელობის სინდრომი. რა მდგომარეობა ამ კუთხით?
– დავიწყებ დაუსჯელობის სინდრომით და ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. აი, ახლაც ციხიდან გამოვედი და აქაც საუბრობენ იმას, რომ იმდენად მოიმატა პატიმრების რაოდენობამ, რომ თითქმის მიუახლოვდა სააკაშვილის დროს პატიმრების რაოდენობას.
– ანუ გაივსო ისევ ციხე?
– დიახ გაივსო და ამის მიზეზი არის ის, რომ საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა ტარდება სისხლის სამართლებრივი დევნის. ასევე სასამართლოებმა, განსხვავებით პირველი წლებისგან, საკმაოდ მოუკლეს როგორც გირაოს შეფარდებას, ასევე გამამართლებელ განაჩენებს.
– სასამართლოს მხრიდან არსებული ლმობიერება ხომ არ გახდა ქვეყანაში დანაშაულის მატების მიზეზი? ეს შეცდომა ხომ არ იყო?
– მე არ მგონია, რომ ეს შეცდომა იყო. მაშინ ისეთ ვინმეებს კი არ ამართლებდნენ, ვისაც არ ეკუთვნოდა. მაშინ იყო ობიექტურად კრიტერიუმები და ნამდვილად თანაბარი პირობები დაცვასა და ბრალდების მხარეებს შორის და თანაბრად აფასებდნენ მოსამართლეები.
– შეიცვალა ეს მიდგომები?
– ახლა რატომღაც, ბოლო პერიოდია, ისეთი კრიტერიუმებია, რომ მოსამართლეები გადაიხარნენ პროკურატურის მხარეს. მე არ ვიცი, ეს მითიტებაა, პოლიტიკაა, თუ რა. მე ვერ შევადარებ იმას, რაც იყო სააკაშვილის დროს – იქ აზრი არ ჰქონდა ადვოკატის შრომას და ადვოკატის მიერ მტკიცებულებების წარდგენას, თეთრზე მაინც შავს ამბობდნენ, მაგრამ დღეს თანაბარი პირობები აღარ აქვს დაცვას და ბრალდების მხარეს.
ბრალდების მხარის მიმართ სასამართლო გახდა გაცილებით ლოიალური და ლმობიერი, ხშირად მის არამყარ მტკიცებულებებზე თვალს ხუჭავს და მყარ მტკიცებულებებად აცხადებს. ეს რომ ასეა, მე ამას ვადასტურებ.
ასევე პროკურატურის მხრიდანაც გამკაცრდა საპროცესო შეთანხმებების გაფორმება ბრალდებულებთან. თუ ადრე იგივე დანაშაულზე ფორმდებოდა პირობითი, ან ძალიან მინიმალური წლებით, ახლა ან საერთოდ არ ფორმდება, ან თუ ფორმდება, მაგალითად, თუ მუხლია 7-დან 10 წლამდე, საპროცესოს სთავაზობენ 6 წელს, რასაც აზრი არ აქვს და პატიმარს ურჩევნია, ბოლომდე იბრძოლოს. ისეთი არარეალური რაღაცეებია, რომ მე პირიქით მაქვს პრეტენზია.
– რაზე გაქვთ პრეტენზია?
– იმაზე, რომ საკმაოდ გამკაცრებულია გადაწყვეტილებები. ერთადერთი, რაც არ გამკაცრებულა და რაც კანონის ფარგლებში ისევ არის, ეს არის ციხეში პატიმრების მიმართ მოპყრობა. ეს მართლაც არის ადამიანური, ნორმალური, არ დაახლოებია იმ სასტიკ მეთოდებს და რეჟიმს, რაც იყო სააკაშვილის დროს.
აქ არის სტანდარტი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. დიახ, ადამიანმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულისთვის, მაგრამ ადამიანურ პირობებში.
– რით ხსნით სასამართლოს მხრიდან ასეთ გამკაცრებს და პროკურატურის პოზიციების გაზიარებას? იმით ხომ არა, რომ დანაშაულმა იმატა ქვეყანაში?
– ამას ფსიქოლოგიური განწყობაც აქვს. ყოველდღე ამით იწყება ნიუსები, რომ ის გაძარცვეს, ეს დააყაჩაღეს, აგერ დანაშაულის სტატისტიკამ მოიმატა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლეებზეც მოქმედებს, რომ იქმნება კრიმინოგენური სიტუაცია და მერე ჩვენ არ დაგვაბრალონო.
– საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქვეშ მოექცა სასამართლო?
– არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის, არამედ პოლიტიკოსების გავლენის ქვეშაც, იმიტომ, რომ საზოგდოებრივი აზრი თავისთავად მოქმედებს პოლიტიკოსების პოზიციებზე, ან თუნდაც პირიქით – პოლიტიკოსების პროპაგანდა მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და ყველაფერი ერთად არის ამ შეცვლილი პოლიტიკის შედეგი.
– რას იტყვით დანაშაულის მატებაზე?
– სტატისტიკა ადრე არ იყო სრულად და ობიექტურად გამჟღავნებული. როდესაც სრულად აღწერ, ბუნებრივია, ეს მოიმატებს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ გახსნის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. მე არ ვიტყვი, რომ 80 და 90%-ით უნდა იყოს გახსნა, ეს არანორმალურია, მაგრამ 40% როცაა გახსნის მაჩვენებელი, ეს უკვე კარგ მაჩვენებლად ითვლება. თუ გვესმის, რომ აქ მოხდა მკვლელობა, მოხდა დაყაჩაღება, ორ-სამ დღეში, ან იმავე დღეს გვესმის, რომ გახსნეს დანაშაული.
ვერ ვიტყვით, რომ არაეფექტურად მუშაობენ. თუმცა ხშირად იმაზე მეტად მკაცრები არიან, ვიდრე უნდა იყვნენ.
– ჩადებები ხშირია?
– ასე მასობრივად ამ ბოლო ხანებში აღარ მსმენია, მაგრამ არც უამისობაა. არის იგივე მუქარები ასეთი ადამიანების მიმართ.
– აქტიურად საუბრობენ, რომ ციხე ისევ ქურდებისგან იმართება, რომ ქვეყანაშიც იმატა ამ მენტალიტეტის ადამიანთა რიცხვმა და ქვეყანასაც ასე თუ ისე აკონტროლებენ. ამაზე რას იტყვით?
– ეს არის სრული სისულელე, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ კანონიერი ქურდების მიმართ და საერთოდ ყველა დანაშაულის მიმართ უფრო გაამკაცრა მუხლები. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ მუხლს, რომელიც ამ 7 წლის განმავლობაში ლიბერალიზაციისკენ წასულიყო. ან შემცირებულიყო სასჯელები. მუხლი რომელიც შეიცვალა, ყველა შეიცვალა გამკაცრების თვალსაზრისით.
კანონიერი ქურდი არ არის დღეს საქართველოში. უკვე ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციაც ხდება. ვიღაცასთან რომ წაკამათდე, ვთქვათ, მევალე შეგხვდა და შენი ვალი მოსთხოვე, ან დაემუქრე, ამისთვის უკვე ციხეა და ეს არანორმალურია. ან თუნდაც მცირე კონფლიქტიც კი ოჯახში ოჯახურ ძალადობად ითვლება და გავსებულია ციხეები ასეთი დანაშაულის ჩამდენი ადამიანებით. გლდანის ციხის ნახევარი სწორედ ამ მუხლით არის გავსებული.
– ამ ტიპის დანაშაულებებმაც იმატა?
– იმატა კი არა, ციხეების ნახევარი ამ მუხლით არის სავსე. ნებისმიერი ოჯახური კონფლიქტი, თუნდაც მეზობელმა რომ დარეკოს, ამ ბინიდან ხმაური ისმისო, მაგისთვისაც ციხეა.
ყველა მიმართულებით არის მიდგომა გამკაცრებული, კანონები გამკაცრებული და არ ვიცი, რის გამო მატულობს დანაშაული. ასე ვერ შეაფასებ. ამერიკა დემოკრატიული ქვეყაანა, მაგრამ ვხედავთ. როგორი დანაშაულებები ხდება. მთავარია. რომ რეაგირება იყოს სამართალდამცავების მხრიდან და იხსნებოდეს დანაშაული.
როგორც ჩანს, ეს არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის სამწუხარო ნორმა – მთავარია, რამდენად იხსნება ეს დანაშაული და როგორ ებრძვის სახელმწიფო დანაშაულს და კრიმინალს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა