გია ხუხაშვილი – „გადამწიფებულ თინეიჯერ კობახიძეს ექსპერტები კაკულია და ცაგარელი ჰგონია“

გია ხუხაშვილი - „გადამწიფებულ თინეიჯერ კობახიძეს ექსპერტები კაკულია და ცაგარელი ჰგონია“პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიებისა და არასამათავრობო სექტორის შემდეგ ექსპერტებს მიადგა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში არის 5 ექსპერტი, რომლის პოლიტიკური პროგნოზიც არასდროს გამართლებულა.

„ქართულ პოლიტიკაში გვყავს ხუთი ექსპერტი, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში ჰქვია ექსპერტი. თითოეული მათგანი არის ერთგვარი ვანგა ქართულ პოლიტიკაში, რომელთა არცერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა. წარმოიდგინეთ ფეხბურთში ექსპერტი, რომლისთვისაც შეუძლებელია რომელიმე ანგარიშის გამოცნობა. როცა ვერცერთ ანგარიშს გაარტყამს ფეხბურთის ექსპერტი, ხომ აღარ დაუძახებთ მეხუთედ, მეექვსედ..

არიან ადამიანები, ეგრეთ წოდებული ექსპერტები, რომლებიც ვერცერთ პროგნოზს ვერ არტყამენ ვერც 2012 წლის შემდეგ და ვერც მანამდე და დღემდე ითვლებიან ექსპერტებად. ჩვენ კი რატომღაც გვიწევს მათ კომენტარებზე კომენტარების გაკეთება, რაც დროის ფლანგვაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

როგორ აღიქვა ირაკლი კობახიძის განცხადება და დაინახა თუ არა ის, რომ ირაკლი კობახიძემ ისიც იგულისხმა? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ ექსპერტებსაც მოგადგათ. როგორ გაიგეთ მისი განცხადება?

_ იცით, რა არის? გავეცანი მის განცხადებას და მინდა გითხრათ, რომ არასერიოზულია. პირველ რიგში დავეთანხმები იმაში, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის მოღვაწეობას შიშველ პროგნოზირებაზე აკეთებენ, ექსპერტებად მეც არ ვთვლი. მის ამ მოსაზრებას ამ ნაწილში გავიზიარებდი, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ექსპერტის ფუნქცია პროგნოზის კეთება საერთოდ არ არის.

ექსპერტი რეალურად ის ადამიანია, რომელიც ანალიზს აკეთებს, ამის შესაბამისად განსაზღვრავს ტენდენციებს და რაღაც რეკომენდაციებსაც დებს. ეს არის ექსპერტი. რაც შეეხება პროგნოზირებას, ეს არ არის ექსპერტის პირდაპირი ფუნქცია. როგორც ჩანს, ამ „მუდმივ თინეიჯერს“, უფრო სწორად „გადამწიფებულ თინეიჯერს“ არ ესმის ეს.

მას ჰგონია, რომ ექსპერტი არის ლელა კაკულია, ან მიხეილ ცაგარელი. არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობდა, მაგრამ ის ამბობდა, რომ ექსპერტის ფუნქცია არის პროგნოზების დასმა. ხომ არ ავიწყდებათ, რასაც ამბობდნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე?! მხედველობაში მაქვს ის, რომ პირველივე ტურში იგებდნენ. თუ კარგი პროგნოზები იცის, მაშინ გვითხრას.

მისი განცხადებების შეფასება ძალიან ძნელია. იმიტომ, რომ ის ყოველთვის არასწორ მოცემულობას ეყრდნობა და მერე ცდილობს, რომ იმ არასწორ მოცემულობაზე რაღაცა ლოგიკა ააგოს. ეს დამახასიათებელია გარკვეული ფსიქიკური აშლილობების დროს. მე ახლა ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და, შესაბამისად, კატეგორიული ვერ ვიქნები, მაგრამ თავს თუ მიხედავს, ცუდი არ იქნება.

_ ხომ არ დაინახეთ, რომ თქვენც გიგულისხმათ იმ 5 ექსპერტს შორის?

_ არ ვიცი. ის ისეთ რაღაცაზე საუბრობს, რაც მე არ მეხება. იმიტომ, რომ მე პროგნოზების კეთება არ მახასიათებს. მით უმეტეს, ის საუბრობს, როგორც 2012 წლამდე პერიოდზე, ის შემდგომ პერიოდზე. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა, მისგან განსხვავებით, მე ამარჩია ზუსტად იმიტომ, რომ ჩემს ანალიზს ენდობოდა და პირველი მე გამიცნო. შეიძლება მან გულში რაღაცა გაიფიქრა, მაგრამ მის რიტორიკასა და იმ პარამეტრებს, რაზეც ის საუბრობდა, მე ვერ ვაკმაყოფილებ. მისდა სამწუხაროდ.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მისი მხრიდან კრიტიკა ქების ტოლფასია.

_ ის, რომ მან არ დაასახელა კონკრეტული ექსპერტები, რას ნიშნავს? არ ჰყოფნის ამის გამბედაობა?

_ რა თქმა უნდა. ეშინია, ფრთხილობს და ვერ ასახელებს. მე ვფიქრობ, რომ მისი ეს რიტორიკა მიმართულია სხვა მხარეს. ეს არ იყო მისი რიტორიკა.

_ ვისი იყო?

_ მე ვფიქრობ, რომ ის ცდილობდა, ვიღაცისთვის ესიამოვნებინა. ცდილობდა, გაემეორებინა ის, რაც ვიღაცისგან მოისმინა. როგორი დამჯერი შვილია, ამის დემონსტრირებისთვის დასჭირდა ამის თქმა. ასე ვთქვათ, ვაზელინით როგორ წერს ტელეეკრანებიდან ფრთიან ფრაზებს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ამაშია საქმე და სხვა არაფერში.

_ ივანიშვილისთვის სიამოვნებას ცდილობდა?

_ არ ვიცი. პოლიტიკური პატრონისთვის. მე, როგორც ექსპერტი, კატეგორიული არ ვიქნები, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი განცდა დამრჩა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შესაბამისად მგონია, რომ მე ხუთეულში ვერ მოვხვდებოდი. იმიტომ, რომ დამერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილი ჩემზე ასე ნამდვილად არ ფიქრობს. ბევრად უფრო მძიმე ფიქრები აქვს ჩემთან დაკავშირებით.

_ ბევრად მძიმეში რას გულისხმობთ?

_ დეტალებში არ შევალ.

_ კობახიძე ამ განცხადებით იმასაც ხომ არ ცდილობდა, რომ ექსპერტები რაღაცნაირად გაგაჩუმოთ, ან თუნდაც საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ექსპერტებს არ ენდონ?

_ როგორ გგონიათ, კობახიძის ავტორიტეტი როგორია? მისი ავტორიტეტი პლინტუსს ქვემოთ არის. თქვენ როგორ გგონიათ, მის ნათქვამს რამე ფასი აქვს?! მის ნათქვამზე ვინმე წამოეგება?! შეიძლება მას ეს ილუზია ჰქონდეს. სადაც ზურაბიშვილის პლაკატებზე საკუთარი დაუვარცხნელი პორტრეტები დახატა, შეიძლება ასე ჰგონია, მაგრამ, როგორც ნათქვამია, ნეტარ არიან მორწმუნენი. ამ ახალგაზრდას ძალიან მძიმე აშლილობა სჭირს. სიმართლე გითხრათ მეცოდება და მის მიმართ არანაირი აგრესია არ მაქვს. როგორც ჩანს, მას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და კიდევ ერთხელ ვურჩევ, ამ პრობლემებს მიხედოს.

_ აღიქვამთ თუ არა სერიოზულად, ფაქტია, რომ ის ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირია.

_ ის არ არის არც პირველი, არც მეორე და არც მეათე. თქვენ იმის ილუზია გაქვთ, რომ ის რამეს წარმოადგენს?! მე არ მაქვს ამის ილუზია.

_ ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ასეა.

_ ეს არის ფორმალური მხარე. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ერთია ფორმალური მხარე და მეორეა რეალობა. რეალურად ამ ქვეყნაში არავინ არ არსებობს. ამიტომ, ასე გადანომვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. არის ერთი ბაბილონის გოდოლი, რომელიც ერთი ადამიანის – ბიძინა იავიშვილის – მხრებზე დევს. ყველა დანარჩენი პაიკია. ეს არის ჭადრაკის ერთგვარი იმიტაცია, სადაც არის ერთი ფიგურა და დანარჩენი ყველა პაიკია. ასეთ სისტემაში ვცხოვრობთ.

კი ბატონო, შეიძლება კობახიძეს დაარქვათ მეორე პირი ან დაარქვათ მესამე. ორივე სწორი იქნება. იმიტომ, რომ იქ ყველა ერთი დიდი რუხი მასაა და მეტი არაფერი.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა