გიორგი ბარამიძე – „სააკაშვილის და ბურჯანაძის გარიგება სრული აბსურდია“

გიორგი ბარამიძე - „სააკაშვილის და ბურჯანაძის გარიგება სრული აბსურდია“მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა შუალედურ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ შეთანხმდნენ და საერთო კანდიდატები დაასახელონ.

რამდენად რეალურია აღნიშნული ინფორმაცია, რა თემებზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიები რა პასუხი აქვს იმ ჭორზე, რომ სააკაშვილი და ბურჯანაძე გარიგდნენ? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საუბრობს.

_ მოახლოებულია შუალედური არჩევნები. ვრცელდება სხვადასხვაგვარი ინფორმაციები. მაგალითად, ზუგდიდის მერის კანდიდატად განიხილება ნიკა მელიას კანდიდატურა. გაჟღერდა სანდრა რულოვსის კანდიდატურაც.

_ სხვადასხვა ვარიანტები განიხილება, ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე. განიხილება ისიც, საერთოდ ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება იმ ვითარებაში, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით რაც ივანიშვილმა გააკეთა, ყველამ დაინახა. არამარტო ოპოზიციამ და ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ მსოფლიომ. როგორი გაყალბება, ძალადობა იყო.

_ ანუ არჩევნების ბოიკოტსაც განიხილავთ?

_ ბუნებრივია. ეს ხომ ლეგიტიმურია ამ ვითარებაში?! არის ასეთი მოსაზრებაც, რომ მიუხედავად ამ რეპრესიული სისტემისა, მაინც მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და გავმართოთ ბრძოლა. ორივე არგუმენტს აქვს მყარი პოზიცია. უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოსა და შემდეგი განხილვების დროს მივიღებთ.

_ თუ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში მიიღებთ თუ პარტიულ ფორმატში?

_ თუ მივიღებთ, ალბათ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას.

_ ასეთი ინფორმაციაც გაავრცელა „პრაიმ ტაიმმა“, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ გაქვთ რაღაც შეთანხმება და შესაძლოა შეთანხმდეთ და ასე წარადგინოთ კანდიდატურები. არის თუ არა მსჯელობა ამ საკითხზე?

_ ჯერ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა სხვადასხვა პარტიები გავდივართ კონსულტაციებს. იცით, რომ დაწყებული გვაქვს კამპანია მილიონი ხელმოწერის შეგროვების თაობაზე, რათა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და უფრო სამართლიანი გახდეს. იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიც არის პარტიის მხარდაჭერა, პროპორციულად იმდენი მანდატი ჰქონდეს. ეს ახლა დარღვეულია. მაჟორიტარული სისტემა მსოფლიოში აპრობირებულია, მაგრამ საქართველოში ბოროტად იყენებს ხელისუფლება. საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული სამწუხაროდ ეს სულ ასეა.

გამოჩნდა, რომ მცირე გამონაკლისების გარდა, მაჟორიტარები პატარ-პატარა ოლიგარქებს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე ეს სისტემა მახინჯია. ბუნებრივია, პარტიები ფართო სპექტრის არის და არც მეგობარი პარტიები არიან და არც იდეოლოგიურად   მსგავსი პარტიები. მაგრამ ეს პარტიები მსჯელობენ იმაზე, რომ თუ არ მოხდა საზოგადოების ამ მოწოდების გათვალისწინება, რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამას. სწორი არის ის, რომ პარტიებმა განურჩევლად მრწამსისა, მოახდინონ კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებში, კანდიდატების ურთიერთმხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს სისტემა შენარჩუნდება.

_ ანუ ამაზე მსჯელობთ არა მხოლოდ შუალედური არჩევნებისთვის, არამედ 2020 წლის არჩევნებისთვისაც?

_ ეს არის ზოგადი მოსაზრება. დიდი მნიშვნელობა აქვს ტერმინებს. ჟურნალისტი ხართ და ჩემზე კარგად იცით. ამიტომ არ გაიგოთ ისე, რომ სერიოზული კონსულტაციებია დაწყებული. ასეთი რამე არ ხდება, მაგრამ, ბუნებრივია, ოპოზიციური პარტიები ვფიქრობთ, როგორ გამოვიყენოთ ოპოზიციის უპირატესობა.

საუკეთესო შემთხვევაში ხელისუფლებამ შემდეგ არჩევნებზე შეიძლება აიღოს 35%, ყველაზე ცუდ შემთხვევაში 40%. 60-65% ოპოზიციის მხარეს რჩება. მაჟორიტარული სისტემა თუ შენარჩუნდა, ხელისუფლებას მანიპულაციის მეტი საშუალება იქნება. თუ ოპოზიციას ეყოლება საერთო კანდიდატები და ყველა ერთის წინააღმდეგ ფორმულა იმუშავებს, მაშინ ოპოზიცია გამარჯვებული გამოვა.

ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი იდეოლოგიურ თანხვედრაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილი არის ამ ქვეყნისთვის ბოროტება, რომელიც ერთად უნდა მოვიცილოთ.

_ ანუ ამ თემაზე საუბრობთ ყველა ის პარტია, რომლებიც თანამშრომლობთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ვინც მილიონ ხელმოწერას აგროვებთ?

_ ამ თემაზე იყო მოსაზრებები გამოთქმული.

_ შუალედურ არჩევნებში ”ევროპულ საქართველოსთან” შეთახმება უკვე მიღწეულია, რომ ერთიან კანდიდატებს დაასახელებთ?

_ მაგას მოგახსენებთ. ზუსტად ამ შეკითხვაზე გპასუხობთ. ამ კონტექსტში სწორია, რომ თუ სადმე დადგებიან ოპოზიციური კანდიდატები, იქ მოხდეს ერთმანეთთან კოორდინირება. ბუნებრივია, აქ არც ნაცმოძრაობაა“, გამონაკლისი და ალბათ არც „ევროპული საქართველო“ გამოაკლდება.

ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების დასამარცხებლად ალბათ თანამშრომლობა გვექნება. ეს ყველა ოპოზიციური პარტიის ინტერესებში შედის. თუმცა, საბოლო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით საუბრები ლოგიკურიც არის და მისასალმებელიც. იმედი მაქვს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმებები მოხდება.

_ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელდა, რომ შესაძლოა შალვა შავგულიძე დაასახელოთ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად. ყოფილა ამ საკითხზე მსჯელობა?

_ მე რომ, გითხრათ რომ ყოფილა, დაწერთ, რომ… სხვადასხვა კანდიდატურებზე იყო მსჯელობა, ასეთი ზოგადი პასუხით შემოვიფარგლები.

_ როგორც მივხვდი, მათ შორის, შავგულიძეზეც.

_ ყველა ადამიანი შეიძლება იყოს დასახელებული. შეიძლება თქვენც იყოთ დასახელებული. თეორიულად ესეც შეიძლება.

_ კულისებში ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებულ ოპოზიციას ”ევროპული საქართველოც” შემოუერთდეს. ყოფილა ამაზე რაიმე სახის მსჯელობა? დაგვიდასტურებთ?

_ არა. მე არ მომისმენია ამგვარი მსჯელობა და არა მგონია რეალისტური იყოს. მე როცა ვამბობ, რომ თანამშრომლობის სულისკვეთება არის სხვადასხვა პარტიებში, იმ პარტიებში რომლებიც მილიონ ხელმოწერას აგროვებს, ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებაზე და ბლოკზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ საერთო ინტერესებზე და საერთო თამაშის წესებზე. ეს ყველა პარტიის ინტერესშია, რაც უნდა განსხვავებულები იყვნენ ეს პარტიები ემოციურად თუ პლატფორმის თვალსაზრისით.

ხალხის ნაწილი ფიქრობს ხოლმე, ერთიანდებიან, ერთი პარტია იქმნება, ბლოკს ქმნიან და ა. შ. ეს ასე ნამდვილად არ არის. თანამშრომლობა შესაძლებელია ცალკეულ საკითხებზე. ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა ერთის წინააღმდეგ პრინციპის ამოქმედება. ამაში იგულისხმება ყველა ცივილიზებული პარტია. რა თქმა უნდა, ამაში პრორუსული პარტიები არ იგულისხმება, რომლებიც ივანიშვილის ჯგუფის განაყოფია.

_ პატრიოტთა ალიანსს გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა.

_ ბურჯანაძე?

_ იცით, რომ ამ შემთხვევაში ბურჯანაძის პარტია მონაწილეობას იღებს მილიონი ხელმოწერის შეგროვებაში.

_ სხვათა შორის, ასეთი ჭორიც გავრცელდა, რომ სააკაშვილი და ბურჯანაძე გარიგდნენ. ეს გამოიწვია გუბაზ სანიკიძის განცხადებებმა, რომელმაც სააკაშვილზე თქვა, რომ პოლიტიკურად იზრდება, სწორ გზავნილებს აჟღერებს და ა. შ. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

_ ეს არის სრული აბსურდი და ბოდვა. რაში შეიძლება სააკაშვილი და ბურჯანაძე გარიგდნენ?! რა შეიძლება იყოს საერთო შეხების წერტილი, გარდა იმ შემთხვევისა, რაც გითხარით, რომ ყველას ინტერესია, მოვიცილოთ ივანიშვილი.

_ პერსონალურად გუბაზ სანიკიძესთანაც არ განიხილავთ საერთო ინტერესებს?

_ გუბაზ სანიკიძე, გიორგი ბარამიძე თუ ცალკეული სხვა ადამიანები არ წყვეტენ გლობალური პოლიტიკის საკითხებს.

_ ანუ ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ სანიკიძე შემოუერთდეს, ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობას?

_ არაფერი მიმანიშნებელი არ არის ამის. სანიკიძე ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. მე არ შემინიშნავს, რომ გუბაზს ამის სურვილი ჰქონდეს. საიდან მოდის ასეთი აბსურდები, არ მესმის. მე გესაუბრეთ თანამშრომლობაზე პარტიებს შორის, მერე ამას ვიღაც დაარქმევს გარიგებას. რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ უნდა ვითანამშრომლოთ, რომ ეს მონსტრი ივანიშვილი მოვიცილოთ. ოღონდ ეს თანამშრომლობა შემოიფარგლება ერთმანეთთან კოორდინაციით. განსხვავებული ხედვების მიუხედავად, თამაშის წესების დადგენა მაინც შესაძლებელია.

ვის შეიძლება დაებადოს ტვინში ეგეთი რაღაცა, რომ შეიძლება გარიგდნენ მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე? სააკაშვილი საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო ბურჯანაძე ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება არ შეიძლება. სად შეიძლება გარიგდნენ? რომელი თმობს პოზიციას? თუ ბურჯანაძე დათმობს თავის პოზიციას, შემოტრიალდება და იგივე პოზიციას დაიჭერს, როგორიც ჰქონდა ვარდების რევოლუციის დროს გარკვეული პერიოდი, სანამ პრორუსულ პლატფორმას დაადგებოდა, მაშინ შესაძლებელია უფრო აქტიური თანამშრომლობა. მაგრამ რამდენად გულწრფელი იქნება, ეს სხვა საკითხია.

იმათ თავისი მოსაზრებები აქვთ, იმათ ისე ესმით პატრიოტიზმი და საქართველოს ინტერესი, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ სხვანაირად გვესმის პატრიოტიზმი და ესეც გაცხადებული გვაქვს.

რა თანამშრომლობაც არის, ის უნდა გავაკეთოთ მოზომილად და არა რაღაცა უფრო ღრმა თანამშრომლობაზე, გაერთიანებაზე და პარტიაში გაწევრიანებებზე. ეს ნამდვილად მცდარია და ალბათ ესეც ივანიშვილის „ტროლების“ ჭორებია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა