კახა კუკავა – “მანქანის ბაკიდან ბენზინის მოპარვა 90-იანი წლების მერე არ გამიგია”

კახა კუკავა - "მანქანის ბაკიდან ბენზინის მოპარვა 90-იანი წლების მერე არ გამიგია"ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის მატების მიზეზებზე “ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია გამწვავებულია. ხელისუფლება ამას უარყოფს, თუმცა ფაქტი ჯიუტია. რას იტყვით თქვენ, ვერ აკონტროლებს ხელისუფლება კრიმინალს?
– რომ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება კრიმინალს, მე ამის დიდი სტატისტიკა არ მჭირდება, რომელიც ყოველთვის არასარწმუნოა, იმიტომ რომ თვითონ მთავრობა ადგენს. ყველა ჩვენს ქუჩებში და უბნებში ვცხოვრობთ და ყველა ვხედავთ, ჩვენ ირგვლივ რა ხდება. მანქანის ბაკიდან ბენზინის ამოღება, მე ნუცუბიძეზე რომ ვცხოვრობდი 90-იან წლებში, იმის მერე არ გამიგია. აგრეთვე არ გამიგია ეს ქუჩის რაზბორკები, ჩხუბი და 5 ლარის გულისთვის ერთმანეთს რომ დანას ურტყამენ და მთელი ღამით ხმაურობენ მერე.
– ამაზე პოლიცია არ რეაგირებს?
– მე არ მინახავს, რომ ამ კრიმინალის გამო პოლიცია მოსულიყოს, მაშინ როდესაც გვახსოვს ჩვენ, რომ იყო დრო, როდესაც პოლიცია გამართულად მუშაობდა და დანის დარტყმა კი არა, ხმამაღალ საუბარზეც დროული რეაგირება ხდებოდა. ანუ ის, რომ ქვეყანაში არის კრიმინალის ზრდა, ეს უდაოა. აქვე მინდა დავაზუსტო სამართლიანობის გულისთვის, რომ წმინდა დანაშაულის სტატისტიკაზე უფრო მეტად იმატებს კრიმინალური მენტალიტეტი, რომელსაც არცერთი სტატისტიკა არ ზომავს, რაც კიდევ უფრო საშიშია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შეიძლება წინა ხელისუფლების დროს ქალაქში ხდებოდა ათასი ქურდობა, ახლა ხდება ორი ათასი ქურდობა, მაგრამ სინამდვილეში კიდევ უფრო მძიმედაა საქმე, ანუ ორჯერ კი არ გაიზარდა დანაშაული, კრიმინალური მენტალობა, რომელიც ისევ ბრუნდება ახალგაზრდობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს წლებში იქნება კრიმინალური აფეთქება, თუ ეს ხელისუფლება დარჩა.
ის, რაც საშიში იყო რამდენიმე წლის წინ და ვერავინ “ქუჩურად ბაზარს” ვერ ბედავდა, იმიტომ, რომ კარგად იცოდა, მაშინვე მოექცეოდა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ქვეშ, დღეს ეს კარგ ტონად ითვლება.
– რა მოხდა, რა შეიცვალა?
– იმიტომ, რომ “ქუჩის ბაზარს ვინც ბაზრობს” ისინი სამართალდამცავი ორგანოების ფოკუსში კი არ ექცევიან, არამედ მმართველი პარტიების შტაბებს ქირაობენ და ფულს უხდიან. ჩვენი პარტია აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას აგრეთვე რამდენიმე საქმეზე.
– რა საქმეს გულისხმობთ?
– იმას, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები გაათავისუფლეს ციხიდან, უქირავა მთავრობამ ბინა თბილისის სხვადასხვა უბნებში და გარკვეული დავალებებისთვის ამ ხალხს იყენებს. ამას დეტალურად ვიძიებთ და დავდებთ მასალებს.
– რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს ადამიანები? არჩევნებისთვის?
– არა მარტო არჩევნების დროს. რა თქმა უნდა. სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დროს მუშაობდნენ კრიმინალები, თუმცა არჩევნებს შორისაც არის ცალკეული საქმეები, რომლებშიც ეს კრიმინალური ავტორიტეტები მონაწილეობენ და გარკვეულ ფუნქციას ასრულებენ.
ჩვენ დეტალებს ვიძიებთ, დანამდვილებით რაც ვიცით და რაც ჩვენმა ძიებამ დაადგინა, არის ის, რომ ადამიანს რომელიც გათავისუფლებულ იქნა ვადამდე პატიმრობიდან, ბინა უქირავეს ქალაქის უბანში.
– ხელისუფლება თავად ახალისებს კრიმინალს?
– ხელისუფლების პრობლემა სხვა რამეშია, ხელისუფლება, როგორც ასეთი, საქართველოს ერთიანი არ ჰყავს. საქართველოში არსებობს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, რომელიც არის ცალკე, ასევე პარლამენტში პატარ-პატარა ჯგუფები არის ცალკე, ეს ბოლო პერიოდში კარგად გამოჩნდა და მთავრობაში ცალკეული მინისტრები არიან ყველა ცალ-ცალკე.
ამ ადამიანებში მუდმივი და სისტემური ბმა, რომ ისინი არიან საქართველოს ხელისუფლება, არ არსებობს. არის თემატური ბმა, მაგალითად, როდესაც კონსტიტუციაა მისაღები, ივანიშვილი ამას ავალებს კობახიძეს, როცა არჩევნებია გასაყალბებელი, ამას ავალებს რომელიღაცა სხვა მინისტრს, მაგრამ ამ სიტუაციაში დანაშაულთან ბრძოლა შეუძლებელია.
თქვენ რომ შეეკითხოთ შს სამინისტროს, რატომ იმატებს კრიმინალი, შს სამინისტრო გიპასუხებთ და, შესაძლოა, სამართლიანად, რომ ყველაფერს აკეთებს, რასაც შს სამინისტრო უნდ აკეთებდეს და სწორიც არის. როდესაც პრობლემა სისტემურია, იმას ერთი სამინისტრო ვერ მოუვლის. შს სამინისტრომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა დააპატიმროს, თუ არჩევნების წინ კობახიძე იტყვის, გამოუშვით, 5 ათას ხმას გვიკეთებსო, აქ დამთავრდა კრიმინალთან ბრძოლა.
– რაში ხედავთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს?
– ხელისუფლების ცვლილების გარდა, აქედან გამოსავალი არ არსებობს. ამ ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა! შეუძლებელია, რომ ადამიანი 80 წლის მანძილზე ერთნაირი ენერგიით მუშაოდეს. ამიტომ დადგინდა, რომ 8 წელი არის მაქსიმუმი, როცა შეიძლება ხელისუფლებამ რაღაცა აკეთოს. “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა თავისი თავი. ინტელექტუალური, მორალური, ფიზიკური, ყველაფერი ამოწურა, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვეღარაფერს გამოასწორებენ, აღარ შეუძლიათ ეს, მათ სიტყვას ფასი აქვს დაკარგული.
დანაშაულთან ბრძოლა პატარა ამბავი ხომ არ არის?! ჩვენ ხომ გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს რამხელა მასშტაბური საქმეები ჩატარდა ამის გამო. ათიათასობით ადამიანი პოლიციიდან დაითხოვეს, სპეცრაზმები შეიქმნა და საერთაშორისო მასშტაბით დევნიდნენ დამნაშავეებს და უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა. ახლა ვინმეს წარმოუდგენია, რომ ამ სამუშაოებს ჩაატარებს დღევანდელი მთავრობა?!
– რატომ ვერ ჩაატარებს, ასე ჯობდა წინა ხელისუფლება?
– აქ სხვა მიზეზია. იმ სამუშაოებს ვინ ატარებდა წინა ხელისუფლების დროს? ვერ იტყვით ასე ერთ ადამიანს, რომ ამას მერაბიშვილი აკეთებდა ან ახალაია აკეთებდა. ამას ხელისუფლება აკეთებდა მთლიანობაში. როცა ახალაია ქურდებს ცემდა ციხეში, მას ხელისუფლების ზურგი ჰქონდა. ვინმემ ის კი არ ჩათვალოს, რომ მე პატიმრის ცემას ვიწონებდე, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, ყველაფერი იყო გუნდური.
დღეს რომ გახარიამ ქურდი დაიჭიროს, არ გააკეთებს ამას იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ დარწმუნებული არ არის, რომ მეორე დღეს არ გამოაშვებინებენ.
– ანუ ხელისუფლებაში არ არის გუნდურობა?
– არ არის, რა თქმა უნდა. ვის როდის მოხსნიან, არ იციან. ღარიბაშვილის და კვირიკაშვილის მოულოდნელმა გადადგომამ დაანახა ბახტაძესაც, გახარიასაც და ნებისმიერსაც, რომ შეიძლება არაფერი არ დააშავონ, მაგრამ ხვალ დილის 11 საათზე დაურეკონ და უთხრან, რომ გადაყენებული არიან. აქედან გამომდინარე ყველა ფრთხილად არის.
– “ოცნება” აქტიურად ემზადება 2020-სთვის.
– საპარლამენტო არჩევნების მოგებისთვის შევარდნაძეც ემზადებოდა 2003 წელს. ის, რომ არ აღიარებენ რესურსების ამოწურვას, რესურსების არქონის ერთ-ერთი დამადასტურებელია, თორემ ამას რომ აცნობიერებდნენ, იმას მაინც გააკეთებდნენ, რომ მშვიდობიანი წასვლისთვის მომზადებულიყვნენ.
ამასაც რომ ვერ აცნობიერებენ, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ 2020-ში, სავარაუდოდ, ჩვენ რაღაც დრამატული მოვლენები არ აგვცდება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა