ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს“

ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს“„ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რაც ხმაურიანი განცხადებებით მოხდა. განსაკუთრებით ჭარბობდა აგრესიული რიტორიკა ოპონენტების მისამართით. პარალელურად, „ოცნება“ ახალი სახეების ძიების სტრატეგიაზე გადადის.

პოლიტიკური განვითარების სავარაუდო ვერსიებისა და „ოცნების“ ტაქტიკის შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.

_ „ოცნებაში“ ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. კალაძესთან დაპირისპირება გამორიცხა, მაგრამ მაშინდელი კოალიციის წევრმა გუბაზ სანიკიძემ დაგვიდასტურა, რომ მათ დაპირისპირება ჰქონდათ. ივანიშვილმა ღარიბაშვილი კალაძის გავლენების შესუსტებისთვისაც დააბრუნა?

_ ღარიბაშვილის დაბრუნების რამდენიმე მიზეზს ვხედავ. ახლა გაჟღერებული ინფორმაციით დავიწყებ საუბარს, რომლის მიხედვითაც „ოცნება“ ქირაობს კომპანიას და იწყებს ახალი სახეების რეკრუტირებას. იმ ინფორმაციაში ეწერა, რომ კი უცხოურ კომპანიას იწვევენ, მაგრამ მისი კურირება დაევალა კახა კალაძეს.

ეს ერთგვარი მოულოდნელობა იყო, იქიდან გამომდინარე რომ ღარიბაშვილის დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად აღვიქვი ის, რომ ის არის პარტიაში არსებული ძალების საპირწონე. კერძოდ, როდესაც ივანიშვილმა დააანონსა პარტიის განახლება, ყველა ელოდა ახალ სახეებს. ამ ეტაპზე პარტია ძირითადად დაკომპლექტებულია სამი პერსონის კადრებისგან _ ჯერ კიდევ შემორჩენილია კვირიკაშვილის კადრები, არის კობახიძის კადრები და კალაძის კადრები.

_ თავად ივანიშვილის კადრები არ არის?

_ არის, მაგრამ თვითონ ხომ არ დაიწყებდა რეგიონებში სიარულს ხალხის შესარჩევად. მთავარი სწორედ ის სამი პერსონაა. აქედან გამომდინარე, ივანიშვილს რომ სდომოდა პარტიის გადახალისება, მას სჭირდებოდა ალტერნატიული დასაყრდენი, რომელსაც ის ამ გადახალისებას დაავალებდა და ამავე დროს მისი იმედიც ექნებოდა.

ღარიბაშვილის შემოსვლა სხვა ფაქტორებთან ერთად ამითიც იყო განპირობებული. ის განიხილა მან როგორც ალტერნატიული დასაყრდენი, რომლის იმედადაც ის დაიწყებდა ამ საკადრო გადახალისების პროცესს. მაგრამ ცხადია ისიც, რომ ტრადიციულად ივანიშვილი ერთ ფავორიტზე არ აკეთებს აქცენტს. როგორც ჩანს, საკადრო რესურსის მობილიზების თემა გადაანაწილა. ერთი მხრივ ეს დაევალება ღარიბაშვილს, მეორე მხრივ კი კალაძე მაინც დარჩა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი.

ბახტაძე ამ პოლიტიკურ დუღილში ნაკლებად ერევა. განათლებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის გამოყოფა იმ მასშტაბის რეფორმაა, რომლის მსგავსიც „ოცნებას“ არ განუხორციელებია, თუკი მას ბოლომდე მიყვანა ეღირსა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის დაბრუნებას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. ეს არის პარტიიდან გადინების პროცესის შეჩერება. თვალსაჩინო იყო ის, რომ ვინც წავიდნენ პარტიიდან, ძირითადად ძველი თაობის წარმომადგენლები იყვნენ და ასევე კონსერვატიული ფრთის.

_ პარტიიდან წასული დეპუტატები ღიად დაუპირისპირდნენ ღარიბაშვილს, რაზეც ისინი სწორედ ექს-პრემიერმა გამოიწვია.

_ პარტიიდან სწორედ ამ კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები გავიდნენ. აქვე შეგახსენებთ ნუკრი ქანთარიას განცხადებას, რომელიც ასევე პირველი თაობის „მეოცნებეა“ და ამავე დროს კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელია. მანაც თქვა, რომ თუ ღირებულებებს დავშორდებით, „ოცნებაში“ ჩემს ყოფნას მეც გადავხედავო. ეს იყო სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ რაღაცა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ფრთა მთლიანად არ ჩამოშლილიყო.

ასეთად იგულა ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი პარტიის დაშლის პროცესის შეჩერებისთვისაც შემოიყვანა. ამავე დროს, მისი შემოყვანის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ის იყო ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მებრძოლი. იმ დროს, როცა ბევრი მიმართულებით იშლება ზღვარი ნაცმოძრაობისა და „ოცნებას“ შორის, ღარიბაშვილის შემოსვლა „ოცნების“ ძველი გვარდიისთვის, როგორც წევრებისთვის, ასევე ამომრჩევლისთვის ძველ ნიშნულთან დაბრუნების მანიშნებელი უნდა ყოფილიყო. ღარიბაშვილის დაბრუნებით ივანიშვილმა ძველი გვარდიის მისამართით ერთგვარი სიმბოლური ნაბიჯი გადადგა.

_ იმუშავებს?

_ მთავარი კითხვა ეს არის. ამ ეტაპზე სოციალური ქსელების გარდა სხვა წყაროების ანალიზის საშუალება არ მქონია. თუ ამით ვიმსჯელებთ, ძველი გვარდიისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მე ვგულისხმობ პარტიის აქტივისტებს ან ძალიან აქტიურ მხარდამჭერებს. მაგრამ ღიად რჩება საკითხი, რამდენად ეფექტური და საკმარისია ძველი გვარდიის ამომრჩევლისთვის მისი დაბრუნება. მისი დაბრუნება იყო კარგი შანსი „ოცნებისთვის“, რომ მოსამართლეების კლანის თემა ჩამოერეცხა, შეეტოვებინა კობახიძის ჯგუფისთვის და ღარიბაშვილს სუფთა ფურცლიდან დაეწყო და ყოფილიყო ახალი გზის სიმბოლო.

_ თუმცა სასამართლო თემას ღარიბაშვილი გადაეფარა.

_ სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო, როდესაც ღარიბაშვილსაც კობახიძის მესიჯებით გამოსვლა მოუხდა მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით.

ახალი სახეები როცა შემოვლენ, თუ ისინიც გახდებიან იგივე მესიჯების რუპორები, რამაც „ოცნების“ რეიტინგი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო, ძალიან მალე მოკვდება მათ მიმართ ინტერესი. ახალი სახეების ხიბლი ახალი იდეებია. თორემ იგივე იდეები გინდა ერთ კობახიძეს გაუჟღერებია, გინდა ათს: პირიქით, 10 კობახიძე საზოგადოების მხრიდან ათმაგად გაზრდილ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს უნდა გაიაზროს „ოცნებამ“, რომ მისი პრობლემა არასწორი მიმართულებით სვლა და ღირებულებებია. თუკი ეს არ გაიაზრა, ახალი სახეების შემოყვანაც წყალში გადაყრილი შრომა იქნება.

პრობლემა ეს არის დღეს, რომ იდეა არ არის: სახელმწიფო მშენებლობის გზაზე საით მიდიან და როგორ მიდიან. ყველაფერი, რაც კეთდება, კარგიც კი, სპონტანურად კეთდება. ბევრი ისეთი პრობლემა შეისისხლხორცეს, რის გამოც ებრძოდა ხალხი ნაცმოძრაობას. ეს პრობლემები ქმნის საზოგადოებაში აგრესიას.

ბევრი ფაქტორი მუშაობს ვადამდელი არჩევნების თემაზე „ქართული ოცნებისთვის“.

_ „ოცნებას“ აწყობს ვადამდელი არჩევნები?

_ ვეხმიანები იმ ინფორმაციებს, რასაც ვეცნობოდი და რამდენად ლოგიკური შეიძლება იყოს ეს. ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, მაგრამ შესაძლებელია. პირველი იმიტომ, რომ ეს ცაიტნოტში ჩააგდებს ოპოზიციას, თუ არჩევნები 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნება 2020 წლის ნაცვლად. ვერ მოასწრებენ არჩევნებისთვის მომზადებას.

_ ოპოზიცია ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და დაწყებული აქვს ამაზე მუშაობა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება და ასევე დროს მოითხოვს. ამ მიზეზითაც დანიშნავენ?

_ კი ბატონო. თუ ოპოზიციამ მოასწრო ამ ხელმოწერების შეგროვება და პროექტის ინიცირება, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ხელისუფლება ელოდება დასავლეთის მხრიდან სერიოზულ ზეწოლას 2020-შივე პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის მიზნით და შესაძლოა ამის გამოც იფიქროს ვადამდელ არჩევნებზე: იმიტომ, რომ პროცედურები ვერ მოესწრება საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად.

მესამე არგუმენტი არის ის, რომ ამ ახალი სახეების გაცვეთა არ მოხდეს. თუ ეს ახალი სახეები შემოჰყავთ რუპორებად და არა რეფორმატორებად, მაშინ სანამ გაცვეთილან, მანამ უნდა შეიყვანონ პარლამენტში.

_ სანამ იმიჯს გაიფუჭებენ, მანამ რომ მოასწრონ არჩევნების ჩატარება?

_ დიახ, სანამ პეწს დაკარგავენ და ბუმბულები დასცვივდებათ, იქამდე ჩაატარონ არჩევნები. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნები, როგორც ვერსია მაინც განიხილება „ქართული ოცნების“ წიაღში. უხეში შედარებაა, მაგრამ დაახლოებით ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, რაც სააკაშვილმა გააკეთა, როცა 2007-ში თავს უშველა და 2008-ში ხელახლა მოვიდა. ეს „ქართული ოცნებისთვის“ ტაქტიკური სვლა შეიძლება გამოდგეს. უპირველესად, მიზეზი მაინც ოპოზიციის ცაიტნოტში ჩაგდება მგონია.

_ „ოცნების“ კულისებიდანაც ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

_ არა. დროც არ მქონია, რომ რაიმე ალტერნატიული ინფორმაცია მომეძიებინა. ამის კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ თუკი არსებობს ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება ოპოზიციაში, ესეც ვერ მოესწრება. ოპოზიცია იმასაც ვერ ახერხებს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარის კანდიდატზე შეჯერდეს. არადა, ეს ფაქტობრივად საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძირითადად უარყოფითი კონტექსტით ტრიალებს მედიის დღის წესრიგში, ოპოზიცია საერთოდ აღარ ჩანს არც ტელეეკრანზე და არც პრესის ფურცლებზე ანუ საინფორმაციო დღის წესრიგის შემქმნელი უფრო მეტად ხელისუფლებაა.

_ საინფორმაციო ველზე ძირითადად ხელისუფლება ან ხელისუფლებიდან წასული დეპუტატები ტრიალებენ.

_ დიახ. თუმცა, მათთვისაც დიდი დარტყმაა ღარიბაშვილის დაბრუნება. როგორც ჩანს, ისინიც არ ელოდნენ ამას. ღარიბაშვილის შემოსვლა ამ ჯგუფს ნაკლებად უტოვებს სივრცეს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ზუსტად ერთი და იგივე ამომრჩეველზე მუშაობენ. ერთი და იგივე გემოვნების, შეხედულებების, კონსერვატიული ღირებულებების მატარებელ საზოგადოებაზე.

_ ხომ არ მოუწევს მათ საკუთარი ხედვების გადახედვა? ვგულისხმობ იმას, რომ აკრიტიკებენ კობახიძის გუნდს, მაგრამ არ აკრიტიკებენ ივანიშვილს. ხომ არ მოუწევთ ტაქტიკის შეცვლა, რათა ივანიშვილის პირდაპირი კრიტიკა დაიწყონ?

_ ძალიან კარგი კითხვაა. როგორც ჩანს, ესენი ყველანი საკუთარ თავს მაინც ივანიშვილის ორბიტაზე განიხილავდნენ 2020 წლისთვის. არ ვგულისხმობ იმას, რომ ივანიშვილი მართულ ოპოზიციას ქმნიდა. ისინი როცა კობახიძისკენ იშვერდნენ ხელს და არა უფრო მაღლა, ეს პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ ისინი დიალოგისთვის გზას და სივრცეს იტოვებდნენ 2020 წლისთვის.

როგორც ჩანს, ლოგიკა იყო იმგვარი, რომ თუ არჩევნები 2020-ში პროპორციული წესით ჩატარდა, „ოცნებას“ დასჭირდება პარტნიორები, რომლებთანაც პარლამენტში შექმნის კოალიციას. ალბათ ჩათვალეს, რომ ივანიშვილისთვის ნაკლებად უხერხული პარტნიორები იქნებოდნენ მისივე პარტიიდან წასული წევრები, ვიდრე ნაცმოძრაობა, ან „ევროპული საქართველო“.

ღარიბაშვილის შემოსვლით მათ ფაქტობრივად მიეთითათ, რომ მათი ადგილი „ოცნებაში“ უკვე შეივსო მათზე მძიმეწონიანი ფიგურით და მათივე ადგილი ასევე შეივსო ამომრჩეველშიც. ეს მესიჯია მათთვის, რომ თქვენ 2020-ში საჭირონი აღარ იქნებით. შეიძლება, მათ დაინახეს იგივე საფრთხე, რაც თავის დროზე მეჭიაურმა.

2016-ში მაშინდელი კოალიციის დაშლის შემდეგ „ოცნების“ შიგნით 2 თუ 3 პარტია ამოიზარდა. ეგონათ, ივანიშვილი დააფინანსებდა და პარლამენტში შევიდოდნენ, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. 2016 წელს კოალიციიდან წასულებიც ბოლომდე ცდილობდნენ, რომ ივანიშვილთან დიალოგის გზები არ გაეწყვიტათ. ამან მათ საარჩევნო კამპანიის წარმოებაში დრო დააკარგვინა _ ელოდნენ სიგნალს ივანიშვილისგან, რომ ისინი პარლამენტში კოალიციის შიგნით სასურველი პარტნიორები იქნებოდნენ და კამპანიაც კი ვერ აწარმოეს ნორმალურად.

_ რესპუბლიკელებს და „ფორუმს“ გულისხმობთ?

_ დიახ, მათაც და გარკვეულ ვადამდე თუნდაც იგივე თავისუფალ დემოკრატებსაც. ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი „ოცნებიდან“ გამოყოფილ თუ მომავალში გამოსაყოფ ძალებსაც ექნებათ. არა სატელიტი პარტიის, არამედ ნაკლებ უხერხული ოპონენტის ნიშის დაკავების.

_ მისაღები ოპოზიცია, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობდა?

_ დიახ.

_ ღარიბაშვილისგან რადიკალური მესიჯებიც მოვისმინეთ, რომლებიც ნაცმოძრაობის მისამართით იყო. „ოცნება“ რადიკალიზაციისკენ წავა?

_ „ოცნება“ იდგა ასეთი არჩევანის წინაშე _ რეფორმები თუ ძლიერი ხელი, რა იქნებოდა ძირითადი ხაზი. იდეალური ვერსია არის რეფორმები ძლიერი ხელით, ოღონდ არა სააკაშვილის სცენარის. იმიტომ, რომ საზოგადოება ქაოსითა და გაუგებრობით დაიღალა. მას სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც სტაბილურობის განცდას შესძენს, მეორე მხრივ დინამიკა და „ექშენი“. ანუ ის, რომ ქვეყანა ამოძრავდა და ამ მოძრაობაში კარგი გაგებით საზოგადოების ყველა წევრი ჩართო.

თუ „ოცნება“ საზოგადოებას ძლიერ ლიდერსა და რეფორმებს შესთავაზებდა, ეს იქნებოდა იდეალური. თუ ორივეს ვერ სთავაზობს, ერთ-ერთი მაინც უნდა შესთავაზოს. არ ვიცი, რამდენად შესთავაზებენ რეფორმებს საზოგადოებას, მაგრამ ის, რომ ძლიერი ხელის პოლიტიკის გატარებას დაიწყებენ, უკვე ცხადია.

რა გამოვა აქედან, გაუგებარია, რადგან ჩანს, რომ „ოცნების“ ლიდერები შესაბამისად ვერ აფასებენ მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა