კონსტანტინე გამსახურდია – “პროპორციულ სისტემაზე გადასვლა “ოცნების” დამარცხებას ნიშნავს”

კონსტანტინე გამსახურდია - "პროპორციულ სისტემაზე გადასვლა "ოცნების" დამარცხებას ნიშნავს"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო კონსტანტინე, ოპოზიცია კვლავ ითხოვს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლას არა 2024 წელს, არამედ 2020 წელს. თქვენი მოლოდინი როგორია, ხელისუფლება წავა ამ დათმობაზე?
– ძნელი წარმოსადგენია, რადგან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წელს ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” მშვიდობიანად, სწორედ არჩევნების გზით დათმობს უმრავლესობას და ხელისუფლებას.
– არჩევნებს წააგებს?
– დიახ, თუ თამაშის წესები ყველასთვის ერთნაირი იქნება ანუ სამართლიანი იქნება, მაშინ ხელისუფლება არჩევნებს წააგებს.
– და თუ ასეა, მაშინ რატომ უნდა დათმოს?
– ძალიან ბევრი მიზეზის გამო უნდა დათმოს. თუ “ქართულ ოცნებას” სურს სახის შენარჩუნება და ცივილიზებული გზით პოლიტიკაში არსებობა, მაშინ ის უნდა წავიდეს ამაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ხედავთ, როგორ გროვდება ადამიანებში პროტესტის, უკმაყოფილების გრძნობა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ დათმობაზე წასვლა, საარჩევნო სისტემის ცვლილება შეიძლება გამოსავალიც კი იყოს არსებული სიტუაციიდან.
– კობახიძემ განაცხადა, რომ რაც კანონში ჩაწერილიან ის არ შეიცვლება.
– ვნახოთ! მე მაინც მგონია, რომ კობახიძეზე კი არ იქნება დამოკიდებულინ შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა, არამედ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი მხრიდან ზეწოლა. არსებობს ბევრი მშვიდობიანი ზეწოლის მეთოდი.
– მათ შორის ქუჩის აქციებიც?
– ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია იცნობს ასეთ პერიოდებს. ქუჩის აქციებში არ ვგულისხმობ უბედურებას, დამხობას, იარაღს და ა.შ. ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს, ამან არაფერი კარგი არ მოგვიტანა.
– მილიონი ხელმოწერა ეპატაჟურად არ ჟღერს? შეძლებს ოპოზიცია მის მოგროვებას?
– რატომ ვერ შეძლებს?! ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ პროცესის ინიცირებისთვის თუ დასაწყებად პარლამენტში 200 ათასი ხელმოწერის წარდგენაც კი საკმარისია, მაგრამ ოპოზიციამ თქვა, რომ მილიონი ამომრჩევლის ხელმოწერით დავაფიქსირებთ, რომ ეს არის არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ამ ქვეყნის მილიონი ამომრჩევლის, მოქალაქის ნება.
ამ ნებას ხელისუფლება ვერ გაექცევა, ვერ გადავა. ეს ერთგვარი განაცხადია.
– ეს არის მხოლოდ ამ ერთი საკითხის ირგვლივ ოპოზიციის ერთობა თუ შეიძლება უფრო დიდ, მაგალითად, საარჩევნო ერთობაში გადაიზარდოს?
– არა მგონია. აქ იმდენად სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებების, შეხედულებების, პლატფორმის თუ იდეოლოგიის ადამიანები, პარტიები არიან გაერთიანებული, რომ არ მგონია, უფრო დიდი ერთობა შეიქმნას. არა, ეს მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებაა.
– ქუჩის აქციები ახსენეთ, საერთოდ, გაზაფხული საქართველოში ტრადიციულად ხმაურიანია. შეიძლება არც ეს გაზაფხული იყოს გამონაკლისი?
– გაზაფხულზე აქციები და პროტესტი, ქუჩაში გამოსვლა არავის თვითმიზანი არ არის, მე ვსაუბრობ იმ მეთოდებზე, რომლებიც ყველა ქვეყანაში არის ოპოზიციის არსენალში.
– “ოცნებაში” მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?
– უმრავლესობის გარკვეულმა დეპუტატებმა გვითხრეს, რომ გაზაფხულს დაელოდებიან. ამიტომ, შეიძლება გაზაფხული ბევრად უფრო ხმაურიანი აღმოჩნდეს. ვნახოთ. მოსამართლეების საკითხიც სწორედ საბოლოოდ ამ დროისთვის უნდა გაირკვეს თუ გადაწყდეს.
ეს არ იქნება მარტივი ამბავი, ბევრი რამე მიებმება ამ საკითხს. თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლებას ძლიან გაუჭირდება. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ თამაშის წესები იგივე დატოვონ და მაშინ მოგების გაფორმებას შეეცდებიან.
– 2020 წელს ივანიშვილს არჩევნების მოგება არ გაუჭირდება?
– თუ ამ თამაშის წესებით ითამაშებს, უფრო ზუსტად კი თამაში წესების გარეშე, მაშინ ის უპირატეს მდგომარეობაში იქნება და ზუსტად ის მოხდება, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციამ მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ არსებული საარჩევნოს სისტემა შეიცვალოს.
ეს საარჩევნო სისტემა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებას. თუ შევძლებთ და ამ საარჩევნო სისტემას შევცვლით, მაშინ “ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს ხელისუფლების გადასაბარებლად.
– და ვის უნდა გადააბაროს?
– ამას არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.
– ახალ ლიდერს, ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდებით?
– ვნახოთ, არაფერი არ არის გამორიცხული. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახლა მიმდინარე პროცესი მმართველ პარტიაში მართული ოპოზიციის ფორმირების პროცესიც იყოს. თუმცა, ასეთი მართული ოპოზიცია საქართველოში არასდროს ყოფილა წარმატებული პროექტი, რადგან ყოველთვის ფლავდებოდა.
ხელისუფლებისგან მართულ ოპოზიციას ყოველთვის ეტყობოდა, რომ მას რეალურ ოპოზიციასთან არაფერი ჰქონდა საერთო.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა