ლევან ვასაძე მესამე ძალა ხდება? – ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლაზე კურთხევა მისცა

ლევან ვასაძე მესამე ძალა ხდება? - ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლაზე კურთხევა მისცაშემოდგომაზე, შესაძლოა, ქვეყანა საარჩევნო ციებ-ცხელებამ მოიცვას. სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ მათი ლიდერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. “ოცნების” წევრები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ამ თემაზე მთავარ მეოცნებეს უკვე ჰქონდა კონსულტაციები.
დასავლეთმა გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ძალიან მძიმე შეფასება მისცა. ამ თემაზე უცხოელები ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ესაუბრნენ. მათ საუბარი ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთანაც. როგორც ამბობენ, სწორედ ამ საუბრების შედეგია, რომ მთავარი მეოცნებე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე მოითხოვა. პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციების გამართვასაც აპირებდნენ ამ მოთხოვნით, მაგრამ რატომღაც გაჩერდნენ.
გაჩერებულებმა მოილაპარაკეს, რომ ჯობდა, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება მოეთხოვათ. მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების პირობა “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე დადო.
მათი დანაპირების მიხედვით, არჩევნები პროპორციული წესით 2016 წელს ჩატარდებოდა. 2016 წელს ეს დაპირება არ შესრულებულა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, არჩევნები პროპორციული წესით 2024 წლამდე არ ჩატარდება.
ოპოზიციამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომ ეს წესი ახლავე შეიცვალოს. თუ გავითვალისწინებთ ხალხის დამოკიდებულებას მაჟორიტარების მიმართ, საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება არ გაჭირდება.
ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის, “ოცნებაში” ისიც კარგად იციან, რომ მაჟორიტარების გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ არჩევნებზე შედეგების დადება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინა არჩევნებთან შედარებით “ოცნების” რეიტინგი გაცამტვერებულია.
არსებულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია მაჟორიტარების შენარჩუნება. `ოცნებასთან~ დაახლოებული წყარო გვიყვება, რომ ივანიშვილს ამ თემაზე არაერთხელ ჰქონდა საუბარი პარტიის წევრებთან.
ყველა შეთანხმდა, რომ ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ეს “ოცნებისთვის” ხელისუფლების შენარჩუნების ბოლო შანსია, რადგანაც არც ერთი ოპოზიციური პარტია მზად არ არის არჩევნებისთვის და, საეჭვოა, შემოდგომამდე მოასწრონ რამე.
სავარაუდოდ, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება ახალი მოძრაობის გამოჩეკა. ამ მოძრაობას “ოცნებაზე” განაწყენებულები ქმნიან. მართალია, ისინი ივანიშვილსა და ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ ვერავინ დააჯერეს, რომ მათ უკან ისევ ოლიგარქი არ დგას.
ამაზე “ოცნების” კულუარებშიც ბევრს საუბრობენ. დავით მაღრაძესა და ეკა ბესელიას, მართალია, კობახიძე და მისი გუნდი არ მოსწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მთავარი მეოცნების წინააღმდეგ წავლენ.
საზოგადოება “ოცნებიდან” წამოსულების გააქტიურებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათგან მესამე ძალა არ გამოიჩეკება. არადა, ხალხი, რომელსაც არც ქოცები და არც ნაცები არ უნდა, უკვე დიდი ხანია, ითხოვს მესამე ძალას.
მესამე ძალად შეიძლება მოგვევლინოს ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ბოლო დროს ამ ადამიანმა რამდენჯერმე დააპირა პოლიტიკაში შემოსვლა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ჩერდებოდა. ამბობენ, რომ მას ამის უფლებას ბიძინა ივანიშვილი არ აძლევდა.
თავის დროზე ივანიშვილმა აუკრძალა პოლიტიკური აქტიურობა საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ მილიარდერ ლეონიდ ჩერნოვეცკის. ეს უკანასკნელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას და პარტიაც კი შექმნა. ყველაფერი მზად იყო არჩევნებისთვის, მაგრამ მერე ჩერნოვეცკი მოულოდნელად გაქრა პოლიტიკიდან.
ამ ადამიანზე უკრაინაში საქმეა აღძრული. როგორც ამბობენ, ივანიშვილი მას დაემუქრა, რომ მისი კიევში ექსტრადირება მოხდებოდა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” ყვება, რომ ვასაძე პოლიტიკაში შემოსვლაზე ივანიშვილს უკვე შეუთანხმდა და ის მალე გააქტიურდება. მათ შორის მოლაპარაკებები სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
ლევან ვასაძის რუსულ კავშირებს თუ გავითვალისწინებთ, მას მოსკოვის მხარდაჭერა გარანტირებული ექნება. კრემლის გავლენა საქართველოზე ჯერ ისევ დიდია.
ამ ადამიანს მხარს რუსეთის საპატრიარქოც დაუჭერს, მხარდაჭერა არც საქართველოს საპატრიარქოსგან მოაკლდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, მისი ბავშვობის მეგობარია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვასაძეს პოლიტიკაში შემოსვლა კარგა ხანია რაც უნდა. 2013 წელს მასთან მოლაპარაკებები გამართა ივანიშვილმა. ეს უკანასკნელი პრემიერობიდან მიდიოდა და მთავრობის მეთაურის პოსტი საპატრიარქოსთან დაახლოებულ ბიზნესმენს შესთავაზა. ვასაძემ უარი უთხრა, როგორც ამბობენ, მაშინ მას პრეზიდენტობა უნდოდა. “ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად სხვა დაასახელა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ის გასულ წელსაც აპირებდა. ყველას გემახსოვრებათ გასული წლის ზაფხულში ჩატარებული დიდი საერო და საეკლესიო კრება.
ამ კრებაში საერო და სასულიერო პირებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა და პრეზიდენტობის კანდიდატად ვასაძე უნდა დაესახელებინათ. ამბობენ, რომ ღონისძიებას რამდენიმე გავლენიანი მღვდელმთავარი უნდა დასწრებოდა.
კრებამდე რამდენიმე დღით ადრე საპატრიარქო ღიად გაემიჯნა ამ თავყრილობას და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაც გადაიდო.
რაღაც პერიოდი ის გაუჩინარდა კიდეც და მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივანიშვილმა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი ააფრიალა. ამას ბიზნესმენი მკვეთრად დაუპირისპირდა და ოლიგარქი სერიოზულად გააკრიტიკა. ამან მას ბევრი მხარდამჭერი შესძინა.

შორენა მარსაგიშვილი, “ახალი თაობა”