ნუკრი ქანთარია – “ღარიბაშვილთან “ოცნების” დიდი შეხვედრა აუცილებელია”

ნუკრი ქანთარია - "ღარიბაშვილთან "ოცნების" დიდი შეხვედრა აუცილებელია"“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნუკრი, პარლამენტში დაიწყო იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. ეკა ბესელია აცხადებს, რომ მათი კანოპროექტის მოშორება ხდება და კობახიძის კანონპროექტი შეიძლება გავიდეს. რა განწყობაა უმრავლესობაში?
– განწყობა არის, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ისეთი, რომ მთელი ამ პროცესის საბოლოო ეტაპი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. უნდა შევარჩიოთ ისეთი მოსამართლეები საზოგადოების ფართო მონაწილეობითა და გამჭვირვალედ, რომლებიც თავისი ცოდნით, კომპეტენციით, ნდობითა და ღირსებით იმსახურებენ იმას, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ჰქვია. ამ პროცესის კულმინაცია იქნება თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება, როდესაც პულტს მიაჭერს ხელს.
ეკა ბესელიას თავისი პოლიტიკური პროცესი აქვს და გასაგებია. ამ კანონპროექტის გარდა, კიდევ არსებობს მეორე კანონპროექტი, მესამეც და ვნახოთ, რა მოხდება.
ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ რაც უფრო დიდი სია შემოვა პარლამენტში, მით უფრო აიმღვრევა სიტუაცია. ეკა ბესელიას კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურსანტთა გრძელ სიას. მე ვფიქრობ, სათითაოდ ამ რაოდენობის კანდიდატების განხილვაც კი ვეღარ მოესწრება. ეს პირადადაც ვუთხარი.
– შეიძლება ის სია, რომელიც ერთხელ უკვე შევიდა პარლამენტში, მაინც გავიდეს?
– არა მგონია, ვერ წარმომიდგენია. ეს წარმოუდგენლად მეჩვენება. ისინი იმდენად არიან გაშავებულები, მათი იმიჯი იმდენად დაზიანებულია, რომ მათი გათეთრება შეუძლებელი მგონია.
ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მოსამართლეებმა დუმილი დაიცვან, ვიდრე ყველა საკითხზე შევიდნენ დისკუსიაში და ამ ფორმით თავი დაიცვან. ახლა მათთვის დუმილი გაცილებით სასარგებლო იქნება, ვიდრე დისკუსია. ეს საერთო ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.
– ირაკლი ღარიბაშვილთან თუ იყო უმრავლესობის შეხვედრა?
– არა, ჯერ არ ყოფილა.
– რატომ?
– ვერ გეტყვით. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ასეთი შეხვედრა იქნება. აბა, სხვანაირად მისი პარტიაში მოსვლა ვერ წარმომიდგენია, თუ არ მოხდა შეხვედრა და საუბარი. მას აუცილებლად დასჭირდება გარკვეული დასკვნების გამოტანა, რადგან ის გარკვეული ფუნქციით შემოვიდა.
მე მგონი, ეს პროცესი წინ არის. შეიძლება ვინმეს შეხვდა, ვერ გეტყვით, მაგრამ დიდი შეხვედრა ჯერ არ ყოფილა. ისე, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ცნობილია, მე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ მის დაბრუნებას.
– დათო მაღრაძის მიერ “დაიცავი საქართველოს” აღდგენას როგორ უყურებთ და თუ იყო ამაზე უმრავლესობაში საუბარი?
– დათო მაღრაძე ჩემი მეგობარიც არის, ნათესავიც და, რაც მთავარია, კარგი პოეტი. ის ჩემთვის ძვირფასი ადამიანია.
– მათ მართლაც აქვთ უსამართლობის განცდა, რომ ქვეყანაში რაღაც ისე ვერ არის თუ ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილია?
– საერთოდ, ყველას მოვალეობაა, რომ დაიცვას ქვეყანა. ძალიან კარგი საქმეა ზოგადად საზოგადოების გააქტიურება. თავის დროზე ეს მოძრაობა რომ შეიქმნა, ძალიან რთული იყო. მაშინ ასეთი მარტივი არ იყოს გამოსვლა და ამ ყველაფერზე საუბარი.
ჩვენ “ქართული აკადემია” დავაარსეთ, მათ – “დაიცავი საქართველო”. ეს საოცარი დღეები იყო, ეს იყო სულ სხვა განზომილება და მოცემულობა. თავისუფალი სიტყვა მაშინ შეიძლება სიცოცხლის ფასი დაგჯდომოდა ადამიანს.
დღეს, რასაკვირველია. ეს რეალობა შეცვლილია. თუმცა, სამშობლოს დაცვაზე, მასზე ზრუნვა ყოველთვის არის საშური საქმე.
ვნახოთ, ეს მოძრაობა როგორ ფორმას მიიღებს, ხომ არ მოხდება მისი პოლიტიკურ კონიუნქტურაში გახვევა.
ეს, რა თქმა უნდა, შემდეგი ამბავია.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა