რატომ დააგროვა GEORGIAN AIRWAYS-მა 9 მლნ-იანი დავალიანება?

რატომ დააგროვა GEORGIAN AIRWAYS-მა 9 მლნ-იანი დავალიანება?Georgian Airways-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის, “ტავ ჯორჯიას” მიმართ, მიღებული მომსახურეობის საფასურის სახით დაახლოებით, 9 მილიონი ლარის დავალიანება აქვს დაგროვილი.

გადაცემა “Forbes-ის კვირის” ინფორმაციით, Georgian Airways-ს სოლიდური თანხა მართებს “საქაერო ნავიგაციის” მიმართაც, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში Georgian Airways-ისა და სხვა ავიაკომპანიების ხომალდებს უწევს დისპეჩერიზაციას.

თავის მხრივ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Georgian Airways-მა აეროპორტის მომსახურების ღირებულების მხოლოდ 50% დაფარა. 2018 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდში კი ავიაკომპანიას აღნიშნული მოსაკრებელი პრაქტიკულად არ გადაუხდია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Georgian Airways-მა “ტავ ჯორჯიას” მიმართ გადახდა შეაჩერა გასული წლის იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ტურისტული ბუმი იყო და შესაბამისად, ავიაკომპანიის დატვირთვაც იყო მაღალი.

როგორც “ტავ ურბან საქართველოს” გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე ამბობს, დავალიანების მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Georgian Airways-ისთვის სერვისის მიწოდებას არ შეაჩერებს. აეროპორტის ოპერატორი მისი კუთვნილი 9 მილიონი ლარის დაბრუნებას სასამართლოს გზის გეგმავს.

“ბოლო სამი თვის განმავლობაში, ავიაკომპანიამ გადაიხადა მომსახურების ღირებულების მხოლოდ 50%, ხოლო ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის საფასური, პრაქტიკულად არ იხდიდა. ამ პერიოდის განმავლობაში Georgian Airways-ის ფრენები არ გაჩერდება. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და სამართლებრივად, გავყვებით იმ პროცედურებს რაც არის აუცილებელი,”- ამბობს თეა ზაქარაძე “Forbes-ის კვირასთან” საუბარში.

Georgian Airways-ი თავად დავალიანების წარმოშობის სამართლიანობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს კი მაშინ, როდესაც ავიაკომპანია, სხვა ავიაგადამყვანებთან  შედარებით, სპეციალური შეღავათებით სარგებლობს. მაგალითად, Georgian Airways-ი თითოეულ მგზავრზე $24-ის ნაცვლად $19-ის მოსაკრებელს იხდის, რაც ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი 550,831 მგზავრის რაოდენობის გათვალისწინებით, ჯამურად სოლიდურ შეღავათს წარმოადგენს. მეტიც, ქართული ავიაკომპანია სარგებლობს დამატებითი შეღავათებითაც, რაც სხვადასხვა ტიპის სააეროპორტო სერვისებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას გულისხმობს.

ამის მიუხედავად, Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აეროპორტის მიმართ გადასახდელ მოსაკრებლებს “ხარკს” უწოდებს. საპროტესტო აქციაზე, რომელიც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ გამართა, გაიაშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის მრავალმილიონიანი ინვესტიციაც, რაც “ტავ ურბან საქართველომ” თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალების ასაშენებლად დახარჯა.

Georgian Airways-ის განცხადებას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოსაკრებელი არის დაწესებული, არასწორს უწოდებს კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის – Myway Airlines-ის დირექტორი იგორ აფციაური. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნების მასშტაბით, თბილისზე ოდნავ ნაკლები გადასახადი მხოლოდ ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში მოქმედებს.

ამასთანავე, ავიაკომპანიის დირექტორი შემაშფოთებელ ფაქტს უწოდებს იმ გარემოებას, რომ Georgian Airways-ი აეროპორტს მომსახურების საფასურს თვეების განმავლობაში არ უხდის.

რაც შეეხება “საქაერონავიგაციის” მიმართ წარმოშობილ დავალიანებას, სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, Georgian Airways-მა მისი გადახდა შედგენილი გრაფიკის მიხედვით, 2019 წლის მაისიდან უნდა დაიწყოს.

“Forbes-ის კვირასთან” საუბარში Georgian Airways-ის კომერციულმა დირექტორმა თამარ თანდაშვილმა განაცხადა, რომ ავიაკომპანიამ 2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები გასწია, რათა 10 ახალი ავიამიმართულება დაემატებინა. თანდაშვილი ასევე ამბობს, რომ ავიაკომპანიას განსხვავებული მოსაზრება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს დავალიანების მოცულობა:

“რაც შეეხება დავალიანების ნაწილს, Georgian Airways-ის შეხედულებით, ტოპ მენეჯმენტის გადაწყცეტილებით, მას აქვს განსხვავებული მოსაზრება დავალიანების ზომასთან დაკავშირებით. კომპანიას სამართლებრივი გზებით, მოუწევს დადასტურება საკუთარ დავალიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით არგუმენტაციის წარდგენისთვის მზად ვართ. საუბარი არის იმ პირობებზე, რომლის ფარგლებშიც, ახალი ავიამიმართულების განვითარება არ არის შესაძლებელი. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანა დგას, სახელმწიფო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია სწორედ ტურიზმზე და გვინდა რომ განვავითაროთ საქმიანი ტურიზმი,”- ამბობს თანდაშვილი.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს აეროპორტების დატვირთვა 2018 წელს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე მეტად გაიზარდა და მან 23.55% (959,364 მგზავრი) შეადგინა. ქართული აეროპორტები 2018 წლის განმავლობაში ჯამურად 5,033,323 მგზავრს მოემსახურნენ, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

მგზავრთა ნაკადის ზრდა რაოდენობრივად ყველაზე მაღალი სწორედ “ტავ ჯორჯიას” მიერ ოპერირებულ თბილისის აეროპორტში იყო, რომელმაც გასულ წელს 3,808,619 მგზავრი გაატარა.

ბიემჯი