სანდრო ბრეგაძე – “მე ღარიბაშვილის მეგობარი ვარ და ამიტომ არ მიხარია მისი”ოცნებაში” დაბრუნება”

სანდრო ბრეგაძე - "მე ღარიბაშვილის მეგობარი ვარ და ამიტომ არ მიხარია მისი"ოცნებაში" დაბრუნება"რატომ არა აქვს “ოცნებას” გადარჩენის შანსი, რას ვერ ხვდება ივანიშვილი, რა სიურპრიზს უნდა ელოდოს ის სალომე ზურაბიშვილისგან? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.
– თქვენ ყოველთვის ითვლებოდით ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრად და ალბათ გიხარიათ პოლიტიკაში მისი დაბრუნება. შეძლებს ის იმ მისიის შესრულებას, რისთვისაც დააბრუნეს?
– მე არ ვარ ღარიბაშვილის გუნდის წევრი, მე ღარიბაშვილის მეგობარი ვარ. და იმიტომ, რომ მეგობარი ვარ, სულაც არ მიხარია, რომ ის “ოცნებაში” დაბრუნდა. ჩემი აზრით, მან ძალიან სარისკო ნაბიჯი გადადგა და ცეცხლის ალში შევარდა, სადაც მის პოლიტიკურ გუნდს არ აქვს მყარი პოზიციები.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს ადამიანი ჯერ კიდევ შს მინისტრობიდან გამოირჩეოდა თავისი ეროვნული და კონსერვატიული შეხედულებებით. აქედან გამომდინარე, “ოცნებაში” თავმოყრილ სოროსელ ლიბერასტებს ის გულზე დიდად არ ეხატებათ.
– ვის გულისხმობთ სოროსელ ლიბერასტებში?
– კობახიძე-ზარდიაშვილი-თალაკვაძე-მდინარაძის კლანს. მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ღარიბაშვილის დაბრუნება. კარგად იციან, რომ თუ ეს ადამიანი “ოცნებაში” მყარად დადგება ფეხზე, იქ მათი ადგილი აღარ იქნება.
ყოფილ პრემიერს გუნდში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება, მაგრამ მისთვის მთავარი პრობლემა ეს სულაც არ იქნება. მთავარი პრობლემა სულ სხვა რამეა.
ის პოლიტიკაში იმ რეალობაში დაბრუნდა, რომელიც დიდად განსხვავდება იმ წლებისგან, როცა ხელისუფლებაში იყო. 2013-2015 წლებში ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ძალიან მაღალი რეიტინგი. ახლა ეს რეალობა შეცვლილია. მაშინ მე მთავრობის წევრი ვიყავი და ყველაფერი კარგად მახსოვს. ბევრი რამის გაკეთებას მაშინაც ვერ ახერხებდა ივანიშვილი, მაგრამ ხალხის აგრესია მას არ ატყდებოდა თავს. საზოგადოება ფიქრობდა, რომ მას საქმის კეთებაში ხელს რესპუბლიკელები უშლიდნენ.
დღეს აღარც რესპუბლიკელები არიან “ოცნების” კოალიციაში და ხალხის რისხვაც პირდაპირ ივანიშვილისკენ არის მიმართული. დღეს ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ის. მისი რეიტინგი და მის მიმართ ნდობის მაჩვენებელი კატასტროფულად დაცემულია.
აი, ამ პირობებში მოუწია ყოფილ პრემიერს დაბრუნება და ამიტომ არ მიხარია მისი პოლიტიკაში შემოსვლა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილი იმიტომ დააბრუნეს, რომ მან ივანიშვილის მეხამრიდის ფუნქცია შეასრულოს?
– ასე გამოდის. დღეს ირაკლი “ოცნების” ლიდერის უკანასკნელი იმედია. მასზეა დამოკიდებული “ქართული ოცნება”, როგორც პარტია. მე “ოცნებას” აღარ განვიხილავ მმართველ ძალად. ახლა იმაზე მიდის ბრძოლა, “ოცნება” იარსებებს თუ არა, როგორც პარტია.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, იარსებებს თუ არა “ოცნება”, როგორც პარტია?
– ღარიბაშვილს საქმის გაკეთების საშუალება თუ არ მიეცა, ის ვერ იქნება წარმატებული და “ოცნებასაც” სერიოზული პრობლემები შექმნება.
ერთს ახლავე გეტყვით – დღევანდელი მმართველი პარტია ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. “ოცნების” გაშვება მხოლოდ დროის საკითხია.
– რატომ გგონიათ რომ მისი გაშვება მხოლოდ დროის საკითხია?
– იმიტომ, რომ ამ ძალას დაუპირისპირდნენ მემარჯვენეებიც, მემარცხენეებიც. ეროვნულებიც. არაეროვნულებიც, ლიბერასტებიც. ეს მისი არაგონივრული მოქმედებების შედეგია. ამიტომაც მისი ხელისუფლებაში დარჩენა გამორიცხულია. ისინი შეიძლება მოქალაქეთა კავშირივით გაქრნენ.
“ოცნების” ლიდერები ამ საფრთხეებს ვერ აცნობიერებენ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა შეხვედრებზე დადიან და იქ ისეთ რამეებს ამბობენ, რომ თამამად შემიძლია გითხრათ – ისინი აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან რეალობას.
რეალობას არის მოწყვეტილი თავად ბიძინა ივანიშვილიც. ამის შესახებ მე წინა ინტერვიუებშიც ვისაუბრე. ამ ადამიანს გარს უამრავი ქლესა და მლიქვნელი ახვევია. ისინი “ოცნების” ლიდერს არწმუნებენ, რომ მას ჭარბი ნდობა აქვს და ქართველებში მისი უბრალო გამოჩენაც კი დიდ აღფრთოვანებას იწვევს.
მისდა სამწუხაროდ, ივანიშვილს ამ მლიქვნელების სჯერა. მის ადგილზე მლიქვნელებს კი არ მოვუსმენდი, არამედ ინით შევიღებავდი წვერს და ხალხში გავიდოდი.
– მეფე გიორგისავით მოქცევას ურჩევთ?
– მასავით უნდა მოიქცეს. ინით შეიღებოს წვერი, გავიდეს ხალხში და მათგან მოისმინოს, რას ფიქრობენ ისინი ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილზე. ხალხის აზრს თუ მოისმენს, გარწმუნებთ, “ოცნების” ლიდერი ბევრად უფრო ადეკვატური გახდება.
ახლა ის ვასიკო მაღლაფერიძის, სოზარ სუბარის, გოგა ხაინდრავას, ნიკუშა შენგელაიას და ამნაირების ჭკუაზე დადის. შედეგიც სახეზეა – ქვეყანაც მძიმე დღეშია და “ქართული ოცნებაც”.
რანაირად დავიჯერო, რომ ამათ რამე ადარდებთ – ყველაფერი თავზე ემხობათ და პარტიაში მიღებაზე კასტინგი გამოაცხადეს. ეტყობა, პოლიტიკური პარტია სილამაზის კონკურსი ან ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ჰგონიათ.
ძალიან მინდა იმ ადამიანის ვინაობის გაგება, ვის თავშიც პარტიაში მიღებაზე კასტინგის ჩატარების იდეა დაიბადა.
– რაში გჭირდებათ ამ ადამიანის ვინაობის გაგება?
– მის თავში მინდა ჩავიხედო, რათა გავიგო, აქვს თუ არა საერთოდ ტვინი. რა კასტინგზე და პარტიის გაძლიერებაზეა საუბარი. ბოდიში თქვენთან და მკითხველთან, მაგრამ ქართველებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ, პარტია “ქართული ოცნება” გაძლიერდება თუ არ გაძლიერდება.
ხალხს არც სხვა პარტიების გაძლიერება აინტერესებს. აქ მთავარი ქვეყნის გაძლიერებაა. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ უნდა ვთქვა – ხალხს სულ ფეხებზე ჰკიდია, რა კულუარული ომი მიდის ვანო ზარდიაშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის.
– ეს პირობითად თქვით თუ მათ შორის მართლა რამე ომი დაიწყო?
– ისე ვთქვი. ამათ შორის რა ომი უნდა დაიწყოს. ორივე ერთი პოლიტიკური თესლიდან აღმოცენებული პოლიტიკური ნაყოფია.
საოცარი ჰიბრიდების თავმოყრა მოხდა “ქართულ ოცნებაში”. ირაკლი ღარიბაშვილს მათთან მუშაობა ძალიან გაუჭირდება. ამას როგორც მისი მეგობარი და გულშემატკივარი, ისე ვამბობ.
ის დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დასაფასებელია, რომ მან ეს მძიმე ნაბიჯი გადადგა.
– იქნებ სხვა გზა არც ჰქონდა?
– როგორ არ ჰქონდა. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ პოლიტიკაში არ ერევა და ამ პროცესებიდან შორს დამდგარიყო. პრაგმატული თვალსაზრისით, ეს მისთვის ძალიან მომგებიანი იქნებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებაში ივანიშვილმა მოიყვანა და ის მის მიმართ თავს დავალებულად გრძნობს. ამიტომაც როცა “ოცნების” ლიდერს დასჭირდა, ის პოლიტიკაში დაბრუნდა და თავისთვის ძალიან მძიმე და სარისკო ნაბიჯი გადადგა.
– პოლიტიკაში მის დაბრუნებას რაღაც უცნაური ამბები მოჰყვა. ჯერ წულუკიანმა ატეხა ერთი ამბავი წასვლაზე, მერე სალომე ზურაბიშვილმა მოიმიზეზა ცუდად ყოფნა და პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეზე არ მივიდა, სამაგიეროდ, მეორე დღეს ერევანში გაფრინდა. ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა თუ რაღაც ხდება?
– წულუკიანის შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი თამაშია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, “ოცნებაში” მყოფმა გენიოსებმა შეიმუშავეს გეგმა და წულუკიანის გამოხდომაც ამ გეგმის ნაწილია.
– რა გეგმაზეა საუბარი, ან ვინ არიან ეს გენიოსები?
– გენიოსებს იმ ხალხს ვეძახი, ვინც პიარს განაგებს. მათ მოიფიქრეს, რომ ჩასვრილი სიტუაციის გამოსასწორებლად რაღაც თემები გამოიგონონ. ამ თემებმა უნდა გადაფაროს მთავარი პრობლემები.
ეს მკვდარშობილი იდეაა, “ოცნება” ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ამას ვერაფერი გადაფარავს. ვის რაში აინტერესებს, წულუკიანი წავა თუ მოვა, ეს ქალი ერთი ჩვეულებრივი სოროსელია.
სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ ის არის საქართველოს სირცხვილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუკუნეების წინ, ფერეიდანში გადასახლებული ქართველები ბევრად უფრო სუფთა ქართულით საუბრობენ, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი. ადამიანს საქართველოს პრეზიდენტობა უნდა და იმასაც კი არ ცდილობს, რომ თავისი გრამატიკა გამოასწოროს.
ეს ქალი არის პენსიონერი და პენსიონერისთვის იმაზე უკეთესი გასართობი, ვიდრე პრეზიდენტობაა, სხვა რა უნდა იყოს. ამოიცვა ჩექმებიანი კატის ჩექმები და დადის ასე ოფიციალურ შეხვედრებზე. რაკი საფრანგეთში დაიბადა, მაგას თავი კოკო შანელის მემკვიდრე ხომ არ ჰგონია!
– საფრანგეთში რომ არის დაბადებული, სხვაზე უკეთ უნდა იცოდეს, რომ ოფიციალური პირი ოფიციალურ შეხვედრებზე ჩექმებით არ უნდა დადიოდეს.
– რა თქმა უნდა. ბალტიისპირეთში რომ დავინახე მიღებაზე, გული გამისკდა – ცხენიდან ჩამომხტარ მხედარს ჰგავდა. კიდევ ვიმეორებ, მისი პრეზიდენტობა არის საქართველოს დიდი სირცხვილი. არ მესმის, რატომ უნდა ავიტანოთ ის ამ თანამდებობაზე.
რამდენიმე დღის წინ ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არ მივიდა. ის ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილსაც აუმხედრდება.
– ივანიშვილს რატომ უნდა აუმხედრდეს, მაგან არ დანიშნა პრეზიდენტად?
– მაგან დანიშნა, მაგრამ მაინც აუმხედრდება, მას სხვანაირად არ შეუძლია.
– რას ნიშნავს სხვანაირად არ შეუძლია?
– ხასიათი აქვს ასეთი. ამ ქალს კარგად ვიცნობ და ახლავე გეუბნებით, ის ძალ;იან მალე ღიად დაუპირისპირდება “ოცნების” ლიდერს.
– ივანიშვილმა არ იცოდა მისი ხასიათი და ისე წარადგინა პრეზიდენტად?
– შეიძლება არ იცოდა და გარემოცვამ დაარწმუნა, რომ საუკეთესო კანდიდატურა იყო. შეიძლება იცოდა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასეთი ხასიათის მქონე ადამიანს უფრო იოლად მართავდა.
ფაქტი ისაა, რომ ჯერ მარგველაშვილის და მერე ზურაბიშვილის დანიშვნით, ივანიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენა.
საეჭვოდ ხდება ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს ასე უნდა, სხვებზე უკეთესად წარმოჩნდეს. ამასაც თავისი მრჩევლები ურჩევდნენ. “ოცნების” ლიდერი იმასაც კი ვერ ხვდება, რომ მას გარემოცვა პირდაპირ უფსკრულში მიაქანებს.
იმის მაგივრად, რომ სახელისუფლებო შტოები იმ ჭაობიდან ამოეყვანა, რომელშიც ისინი სააკაშვილის დროს აღმოჩნდნენ, კიდევ უფრო ღრმად ჩაძირა. ამის გარდა, დისკრედიტირება გაუკეთა ყველა პარტიას თუ სოციალურ ჯგუფს.
ეგონა, რომ ამით “ოცნება” კარგად გამოჩნდებოდა. თავიდან ასე იყო, მაგრამ ახლა “ოცნებაც” დისკრედიტირებულია. ირაკლი ღარიბაშვილი იქ ვეღარ გამოასწორებს სიტუაციას და ტყუილად მასაც უნდა მოეცხოს ტალახი.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა