თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი საწვავის ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი საწვავის ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავესთავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ოსიაურის სამხედრო ბაზის კუთვნილი ავტომობილის მძღოლმა სახელმწიფოს კუთვნილი საწვავის მოპარვა სცადა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საწვავის მოპარვა მაშინ სცადა, როდესაც ბაზიდან გადაადგილდებოდა. სანდო წყარო “კურიერს” უყვება, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს სამხედრო პოლიციამ ქურდობის ფაქტზე წაასწრო.

მძღოლი ქურდობის მცდელობის დროს დააკავეს. ის ბრალს აღიარებს. “კურიერის“ ინფორმაციით, საქმე გამოსაძიებლად სამხედრო პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორ მძღოლს ორი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ინფორმაცია სამხედრო პოლიციაში დაადასტურეს.

„ხაშურის ტერიტორიაზე და არა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაკავებული იქნა თავდაცვის ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბატალიონის მძღოლი, სამოქალაქო პირი, რომელიც ცდილობდა მასზე მიმაგრებული სატვირთო ავტომობილიდან 20 ლიტრი დიზელის საწვავის ქურდობას. მას წარედგინა ბრალდება ჩადენილი დანაშაულისთვის. აღიარა ჩადენილი დანაშაული და სასამართლოს მიერ იქნა გამოტანილი განაჩენი და მიესაჯა ორი წლით პირობითი მსჯავრი,“- განაცხადა პოლკოვნიკმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა.