”თუ გინდა, რომ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდე, გჭირდება სკანდალური განცხადება” – სესიაშვილი ბერძენიშვილს პასუხობს

''თუ გინდა, რომ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდე, გჭირდება სკანდალური განცხადება'' - სესიაშვილი ბერძენიშვილს პასუხობს„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის სკანდალურ განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც სავარაუდოდ, იმ სხდომასაც ესწრებოდა რომელზეც ბერძენიშვილი საუბრობს აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან არ მოუსმენია, რომ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაა დასაწყები.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მისი პოლიტიკური დღის წესრიგია, რითიც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება უნდა.

„არის ასეთი ტენდენციები, როცა ხარ გუნდში და გუნდიდან მიდიხარ, თუ გინდა, რომ პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნდე, გჭირდება სკანდალური განცხადება. მას შემდეგ, რაც საკითხის ნაწილი, ანუ მასალების ნაწილი გასაჯაროვდა, მოეხსნა გრიფი, მეტნალებად ყველას ჰქონდა წვდომა, ასე, რომ ნუ გეგონებათ და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ვიღაცას არაკანონიერად აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა. ეს არის არასწორი ნაბიჯი ბატონი დავით მხრიდან, ალბათ, მისი პოლიტიკური ინტერესების საფუძვლიდან მომდინარეობს ეს. არ ყოფილა. უმრავლესობის ასეთ შეხვედრებს, მათ შორის მისი თანაპარტიელებიც ესწრებოდნენ, არა მარტო თეა წულუკიანი, მის თანაპარტიელებს ჰკითხეთ, იყო თუ არა ასეთი შემთხვევა. მე მგონი, ვერავინ დაგიდასტურებთ,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება  ცოტა ხნის წინ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა. დავით ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის დაკავებას გეგმავდა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დეტალები გაიხსენა, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობდა და სადაც განხილვის მთავარი თემა ირაკლი ალასანია და ე.წ. კაბელების საქმე იყო.