„თუ სიმშვიდეა, გაგვიშვით“ – ხურვალეთთან მოსახლეობასა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა

„თუ სიმშვიდეა, გაგვიშვით“ - ხურვალეთთან მოსახლეობასა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა„თუ სიმშვიდეა, გაგვიშვით“ – ხურვალეთთან მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შელაპარაკება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები სოფელ ხურვალეთში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

„მშვიდობიანად მივდივართ, გაგვიშვით“ – ასე მიმართეს თბილისიდან ჩასულმა მოქალაქეებმა სამართალდამცავებს.

პოლიცია კი აცხადებდა, რომ სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ადგილზე მისულ მოქალაქეებს, სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

სოფელ ხურვალეთში შესვლას ითხოვდა ასევე მოძრაობა ”პარტიზანული მებაღეობის” დამფუძნებელი, ნატა ფერაძე. ნატა ფერაძე ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელში დიდი რაოდენობით ოკუპანტები არიან მობილიზებულები.

„ვითხოვთ პასუხს ან აგვიხსნან რატომ არ გვიშვებენ და ჩვენ თვითონ გავიაზრებთ ჩვენს ქვეყანაში სად შეიძლება ვიმოძრაოთ, სად არა ან გაგვიშვან. არაფერს არ გვეუბნებიან, ასე დაგვიდგნენ და არ გვიშვებენ. არ მაქვს ინფორმაცია, რაც ვიცით, ის არის, რომ მოიმატა იქ ოკუპანტების რაოდენობამ, თუმცა, ეს ვიცით, გაგონებით და გვინდა შესვლა და ნახვა,“ – განაცხადა ფერაძემ.

სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ადგილობრივების მტკიცებით, რუსმა ჯარისკაცებმა მავთულხლართები გადმოლახეს და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღში დაბანაკდნენ. მათვე ჩახერგეს ცოტა ხნის წინ აშენებული სათვალთვალო საგუშაგომდე მისასველელი გზაც.

აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს სუს-ში და განაცხადეს, რომ ოკუპანტებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოუკვეთავთ.

რუსთავი 2