ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი “კანონიერი ქურდების” შვილები

 ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი "კანონიერი ქურდების" შვილებიე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ცხოვრება ყველას აინტერესებს. ისინი მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მაშინ ხვდებიან, როცა გახმაურებულ საქმეებზე აკავებენ.
„რეიტინგი“ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილებით დაინტერესდა. ე.წ. ავტორიტეტების შვილები მამების გზას ნაკლებად მიჰყვებიან და ბევრ მათგანს წარმატებული კარიერა აქვს, როგორც სპორტში, ასევე შოუ-ბიზნესსა და მწერლობაში.

ქეთა თოფურია
მომღერალ ქეთა თოფურიას არასდროს დაუმალია, რომ მამამისი ანდრო თოფურია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ქეთა მამის მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავს და დღემდე ამაყობს იმით, რომ ანდრო თოფურიას ქალიშვილია.

ქეთა თოფურიას წარმატებაში   მამას და დედას დიდი წვლილი მიუძღვით. მას მშობლები ყოველთვის გვერდით ედგნენ და ფაქტია, თოფურიამ მათი იმედები გაამართლა კიდეც.

ქეთა თოფურიას მამა 2010 წელს რუსეთში დააკავეს და რამდენიმე თვეში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, ის ნარკოტიკების პერედოზირების შედეგად მოკვდა. თუმცა, ამბობენ, რომ მოკლეს.

ანდრო თოფურია თბილისში დაკრძალეს.

ნინი შუშანაშვილი
ნინი შუშანაშვილი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ნინი შუშანაშვილი წარსულში სიმღერით იყო გატაცებული და ბავშვობაში მღეროდა კიდეც, მაგრამ როცა წამოიზარდა, დიდ სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა და ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც, არც ინსტაგრამი აქვს და არც „ფეისბუქის“ პირადი გვერდი.

57 წლის ლაშა შუშანაშვილი გასულ წელს საბერძნეთში დააკავეს. მისი სახელი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გაჩნდა, როცა საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სწორედ შუშანაშვილი იყო საბერძნეთში „ქართული მაფიის“ ერთ-ერთი „ბოსი“.

2010 წელს ლაშა შუშანაშვილი სამართალდამცავებს გარიგებით გაექცა, ამბობენ, რომ მან ბერძენ პოლიციელებს ამის სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა.

კოკა კობალაძე
კოკა კობალაძე თინეიჯერებში და არა მხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ წლებია, უკვე წარმატებული პოეტია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის პოპულარობას ხელს მისი გარეგნობაც უწყობს.

კოკა კობალაძე 2018 წელს ხმაურიანი ინციდენტის მთავარი გმირი გახდა. მამის ალექსანდრე კობალაძის, ზედმეტსახელად „სიუს“, ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით, პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და სცემეს.

სამართალდამცავების უკანონო ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ახალგაზრდა პოეტის მამა ერთი წლის წინ საფრანგეთში დააკავეს და ახლა სასჯელს იხდის.

გვანცა ონიანი
ტარიელ ონიანის 25 წლის ქალიშვილი, გვანცა, რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მუდმივად ხვდება. ჟურნალისტებმა მას „კრიმინალის პრინცესა“ უწოდეს. ტარიელ ონიანს ბიზნესმენის გატაცების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა, მისი ქალიშვილი მდიდრულად ცხოვრობს და, როგორც იტყვიან, არაფერი აკლია.

ის ბიზნესმენების შვილების წვეულებების ხშირი სტუმარია, დადის ქორწილებში და არც ბომონდურ წვეულებებზე ამბობს უარს.

გოგონა მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა, ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ხშირად სტუმრობს მამის მშობლიურ ქვეყანას – საქართველოს. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულსა და სოჭში.

ბავშვობაში გვანცამ მძიმე სტრესი მიიღო. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი 90-იან წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, საფრანგეთიდან ონიანი ესპანეთში გადავიდა ოჯახთან ერთად.

2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეც-ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.

რუსული მაფიის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა. ბი-ბი-სის ცნობით, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 45 ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაცია ბარსელონაში მდებარე ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდნენ. ონიანის მეუღლე და უფროსი შვილი უშბა იმ დროს ესპანეთის ფარგლებს გარეთ იყვნენ.

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცავებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.

სამაგიეროდ, სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო.

სპეც-ოპერაციის შედეგად გვანცა დააკავეს, ონიანმა ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა, ხოლო 12 წლის გვანცა პოლიციამ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. ბავშვი რამდენიმე დღეში, საქართველოს კონსულის ჩარევის შემდეგ, გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ ტარიელ ონიანი რუსეთში დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ტარიელ ონიანს პატიმრობას ვადა ერთ წელიწადში გასდის. რუსული პრესა წერს, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ ახალი ქურდული გარჩევები დაიწყება.

გურამ ხეცურიანი

ახალგაზრდა სპორტსმენმა, მოჭიდავე გურამ ხეცურიანმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კიდევ ერთი წარმატება მოუტანა. ის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და გამარჯვება მამას, ავთანდილ ხეცურიანს მიუძღვნა. გამარჯვების შემდეგ, ის მამის საფლავზე მივიდა, ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ წარმატებას მამას დაპირდა და შეასრულა კიდეც.

ავთანდილ ხეცურიანი ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იყო. მას კრიმინალურ სამყაროში „ბოქსიორას“ სახელით იცნობდნენ.

„ბოქსიორა“ გასული წლის ნოემბერში, იტალიაში დაიღუპა და ქუთაისში დაკრძალეს.

რეიტინგი