“ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა” – ენდოკრინოლოგის რჩევები

"ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა" - ენდოკრინოლოგის რჩევებისასურველი ფორმის სხეულის მისაღწევად ადამიანები ხშირად მიმართავენ თვითნებურ დიეტებს. ექიმის კონსულტაციისა და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დამოუკიდებლად ადგენენ საკუთარ კვების რაციონსაც და გასახდომ საშუალებებსაც თავად ირჩევენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკებს შეიცავს. ალბათ, არაერთი გავრცელებული მადის დამთრგუნველი საშუალება გახსენდებათ, რომელსაც ხშირად უზიარებენ ერთმანეთს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში. მაგ. ყავის ხშირად დალევა, ლიმონიანი წყალი, ვაშლის ძმარი, ღებინების ხელოვნურად გამოწვევა და ა.შ.

ხალხში გავრცელებულ მადის დამთრგუნველ საშულებებზე და კვებასთასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული გვპასუხობს.

– თუ ადამიანები ისევ ფიქრობენ,  რომ ხელოვნურად ღებინების გამოწვევა წონის კლებას ხელს უწყობს, ეს გახლავთ დიდი შეცდომა, რადგან კალორიები პირის ღრუდანვე შეიწოვება. ღებინება ვერ გამოიწვევს წონის დაკლებას, მაგრამ საყლაპავის დაზიანებას კი ნამდვილად. ამ მეთოდით ადამიანი ვერც მადას დათრგუნავს. არადა მთელი მსოფლიო სწორედ მადის დათრგუნვაზე მუშაობს და უამრავი სპეციალისტი ცდილობს, ეს პრობლემა გადაჭრას. სიმსუქნის სტატისტიკურმა მონაცემებმა ძალიან შემაშფოთებელი ფორმა მიიღო, შესაბამისად, ცდილობენ შექმნან უვნებელი მადის დამთრგუნველი საშუალებები. არსებობს რამდენიმე მცენარის ფესვი ჩინური და იაპონური მედიცინის მიხედვით, რომელიც რეალურად ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, მაგრამ ის, რომ ჩვენ საერთოდ აღარ მოგვინდეს საჭმელი, ასეთი რამ გამორიცხულია. კვება არის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაასევე დაგაინტერესებთ შიმშილი – ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ცნობილმა დიეტებმა არ მოგვცა კარგი შედეგი. ხმაურდება მხოლოდ დადებითი ეფექტები და ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას უარყოფით მხარეებზე. არაერთხელ მოვისმინე ბორჯომისა და მაწვნის, ხაჭოსა და შანპანურის კომბინაციაზეც… ალბათ ასე თვითნებურად მოფიქრებული დიეტები ძალიან ბევრია, რითაც ადამიანი ცდილობს მადის დათრგუნვას. როგორც აღმოჩნდა, გავრცელებული დიეტების შედეგად, ჩვენ ვიღებთ ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, როგორიც არის: ცილის დეფიციტი, ჰიპო ან ჰიპერვიტამინოზები, კენჭოვანი დაავადებები, კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე აღარაფერს ვამბობ, ისე გახშირდა.
როდესაც შედეგს ვაღწევთ, გვიყვარს ამის შელამაზება და არ ვყვებით გვერდით ეფექტებზე, არ ვამბობთ, რამდენ რამეს ვუძლებთ. რაც შეეხება ზემოხსენებულ სითხეებს – კუჭს დაძინებამდე 4 საათით ადრე სჭირდება დასვენება. 4 საათის განმავლობაში კუჭს შეუძლია იყოს ცარიელი. თუ ჩვენ მჟავე სითხეს ვიღებთ უზმოდ, ცარიელ კუჭში, რომელიც იდეალურ მდგომარეობაში არც ერთ ადამიანს არ გვაქვს, ჩვენ მას ვაზიანებთ და ვიწვევთ გასტრიტის ან წყლულის პროვოცირებას. ეს შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ მასზე ვიყოთ დამოკიდებული.

– რას გვეტყვით წიწიბურაზე და შვრიის ფანტელზე, როგორც გასახდომ საშუალებებზე?

– წიწიბურას რაც შეეხება, მისი დიეტური სახელწოდება მოდის იქიდან, რომ კუჭ-ნაწლავისთვის საჭირო კვების პროდუქტებში შედის. ის არის ბურღულეული, რომელიც შედარებით ნაკლებად შეიცავს სახამებელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახდუნებს. დიეტური ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ გვახდუნებს. იგივე შემიძლია ვთქვა შვრიაზეც, რომელიც შეიძლება, მასობრივად გამოიყენოს ადამიანმა, ან დღეში რამდენჯერმე მიირთვას. ის არის დიეტური, თუმცა მას აქვს თავისი მიმართულება და დანიშნულება, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ახდუნებს.

– სამსახურის გრაფიკის თუ სხვა მიზეზების გამო, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს შესაბამის დროს იკვებოს და სვამს დიდი რაოდენობით ყავას. ამბობენ, რომ ყავა ახდუნებს და იმ კონკრეტულ შემთხვევაში შიმშილის გრძნობას აქრობს… რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღის განმავლობაში ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

– ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის, რადგან მასში სხვადასხვა ფხვნილებია კომბინირებული. მე ვთხოვ პაციენტებს, რომ არ მიირთვან ხსნადი – კომბინირებულად დაფასოებული ფხვნილის ყავა. სასურველია, ავიღოთ ცალკე რძე და ცალკე ყავა, ნაღები და ყავა და ამ ფორმით შერეული მიირთვათ. და სულაც უმჯობესია ყავის მეორე ვარიანტი – დაფქვილი ყავის მარცვლებისგან მომზადებული. ზოგადი რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ორი ჭიქა ყავის დალევა დღეში საკმარისია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავუშვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება, მაშინ არ იქნება ყავის დიდი რაოდენობით დალევა სასურველი. რადგან შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა, ყავის მოყვარული ადამიანები წყალს ივიწყებენ ხოლმე და ფიქრობენ, რომ მათ მიიღეს წყალი ყავის სახით, რაც არ არის სწორი. რაც შეეხება კოფეინს, მასზე ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არ არსებობს. მეცნიერების აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ზუსტად ცნობილი არ არის, რამდენად მოქმედებს ის ჩვენს ნახშირწყლოვან ცვლაზე და რამდენად გვიქვეითებს მადას, მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ნაწილია.

– თურქულ ყავას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

– გააჩნია, რამდენჯერ მივირთმევთ. დაფქულ თურქულ ყავას აქვს ძალიან კარგი მატონიზებელი ეფექტი, ხსნად ყავას კი – ნაკლებად. ცუდი ჩვევაა, როცა ყავას უზმოზე იღებენ. უზმოზე ყავის მირთმევა არ არის სასურველი. უზმოზე აუცილებლად უნდა მივირთვათ საკვები. ჩვენ თუ ვაწვდით ჩვენს ორგანიზმს თავის დროზე ყველაფერს, ყავით თავის მოტყუება არ დაგვჭირდება, იმ დროს, როცა მართლა შეგვიძლია ჭამა.

– როგორ გავაკონტროლოთ წყლის დალევა?

– ძალიან რთულია წყლის დალევის კონტროლი, იმ ადამინებისთვის, ვისაც არ უყვარს წყალი, არ უნდება და არ აქვს მოთხოვნილება. უნდა გაგვახსენდეს წყლის დალევა, უნდა გვედგას წინ. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება, თუ დილას უზმოზე ჭიქა წყლით დავიწყებთ და ჩვევას როდესაც გამოვიმუშავებთ, დაიწყება თავისთავად წყალზე მოთხოვნილება. მე ვასწავლი ჩემს პაციენტებს, რომ ყოველი ჭამის წინ წყალი დალიონ, აუცილებლად რამდენიმე წუთით ადრე. ამ დროს მოდის იმის შეგრძნება, რასაც ნამდვილი შიმშილის გრძნობა ჰქვია. ამის მერე უკვე მომზადებულია კუჭნაწლავი იმისთვის, რომ საკვები მივიღოთ.

– უმადობის პრობლემა…

– ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის გაუარესებით გამოწვეული პრობლემა, რომელიც აუცილებლად დასადგენია. გამოკვლევებით უნდა გაკეთდეს დასკვნა, რით არის გამოწვეული უმადობა. თუ ადამიანი არ იმყოფება იმ წონის კატეგორიაში, რაც მის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, მაშინ საშიშ გარემოებად უმადობას მაინცდამაინც ვერ ჩავთვლით.

– დროის რა შუალედით უნდა ვიკვებოთ დღის განმავლობაში?

– ზოგადად შეგვიძლია, რომ 3-4 საათის ინტერვალით ვიკვებოთ. არის კვების ისეთი სტილი, რომელიც მოითხოვს, რომ ადამიანმა ყოველ ორ საათში მიიღოს საკვები, თუმცა 3 საათი არის ყველაზე ოპტიმალური მდგომარეობა კვებათა შორის. ასევე მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი პროდუქტებით კვება, თუკი ამის საშუალება არ გვაქვს. ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ მივირთვათ ბოსტნეული, რადგან მას ერთგვარი გამწმენდი ფუნქცია აკისრია.

– ორსულობის შემდეგ წონის პრობლემა ბევრი ქალისთვის მტკივნეული საკითხია. რა უნდა გააკეთოს დედამ, რომ ლაქტაციას დიეტამ ხელი არ შეუშალოს?

– ეს ძალიან ინდივიდუალური შემთხვევაა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, როცა ლაქტაციის შესანარჩუნებლად ტკბილი სითხეების გამოყენებას ურჩევენ ქალებს. ბუნებრივია, თუ კვებამ გამოიწვია სტრესი, ამან შეიძლება ლაქტაციაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ თუ სწორად არის საკვები გადანაწილებული, რძის პროდუქტი, ცილოვანი პროდუქტი და დედა არ არის შიმშილის ზღვარზე, მაშინ მას ლაქტაციის პრობლემა არ ექნება. ლაქტაციის დროს უნდა იკვებონ სრულფასოვნად, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით.

– როცა საქმე ბავშვის წონას ეხება, ხშირად ბრალდების ადრესატებად მშობლებთან ერთად, ბებია-ბაბუებიც სახელდებიან…

– ბებია-ბაბუების როლი ამ მხრივ სულ იყო აქტუალური, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღეს დიდი სიამოვნებით, ბედნიერი სახით ეპატიჟებიან მშობლები ბავშვებს იმ სწრაფი კვების ობიექტებში, სადაც ჯანსაღ საკვებ პროდუქტებს ვერ ნახავთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვთა წონის პრობლემაზე, ეს არ არის მხოლოდ ბებია-ბაბუების მზრუნველობით გამოწვეული. ერთი პერიოდი მართლა ასე იყო,  ცომეულს აქტიურად აჭმევდნენ ბავშვებს. ის, რომ ბავშვებს ტკბილი საკვები პროდუქტებისკენ აქვთ მიდრეკილება, ახალი არ არის, უბრალოდ, ახლა ბავშვები ფიზიკურად არ იტვირთავენ თავს და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ამასთან, გენმოდიფდიცირებულმა პროდუქტმა შეგვიქმნა დამატებითი პრობლემები.

– ახალგაზრდების შემთხვევაში, როცა საქმე წონის კორექციას ეხება, ამბობენ, რომ მოტივატორები არიან პარტნიორები. ბიჭები უფრო აქტიურობენ, თუ გოგოები?

– ყველაზე წარმატებული პაციენტები კვების თვალსაზრისით არიან შეყვარებულები. ბიჭები უფრო ცდილობენ დამალონ, რომ დიეტას იცავენ და თვითნებურად ცდილობენ წონის დაკლებას, სპორტულ დარბაზებში სავარაუდოდ, ბიჭები უფრო აქტიურობენ. იქვე იღებენ კვებასთან დაკავშირებულ გარკვეულ რეკომენდაციებს. გოგონებზე ნაკლებად არც ბიჭები არიან მონდომებულები. ქორწინებამდე რომ რამდენიმე ხნით ადრე იწყებენ დიეტას, ეგ თემაც აქტუალურია.

– გარკვეულის ასაკის შემდეგ ადამიანების ახასიათებთ მოდუნება და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას წონას. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

– ასეთი მიდგომა ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო წლების განმავლობაში. დიასახლისისთვის ვარჯიში, სირცხვილად ითვლებოდა. დღესაც ვაწყდებით ასეთ ხელოვნურ ბარიერებს, თუნდაც მამაკაცების მხრიდან. ფიქრობენ, ეს საკითხი არ იქცა კულტურის ნაწილად, არ გვექცა ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიდრეკილება ჩვევად. მე ასეთ მიდგომას ვადარებ ძალიან ცუდ გარემოებას, მაგალითად, როცა გადამეტებული ალკოჰოლის მიღების ფონზე არიან ადამინები ძალიან ცუდ ფორმაში, ის არ უქმნით უხერხულობას და ფიზიკური დატვირთვა ეუხერხულებათ. ეს საკითხი გვაქვს სერიოზულად გამოსასწორებელი.

– ყველაზე ხშირად რა შეცდომებს აწყდებით პაციენტების მხრიდან?

– არამარტო თვითნებური დიეტით, თვითნებურად შერჩეული პრეპარატებითაც მოსულან პაციენტები გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვიტამინების ნაკლებობით იწყება შიში – „ვიტამინი არ დამინიშნოთ და არ გამასუქოთ“. ისეთ მდგომარეობამდე, რომ იძულებული ხდებიან დაიწყონ მკურნალობა და ბუნებრივია, მაშინ ნამდვილად მოიმატებენ. სწორედ ამიტომ არის საჭირო თანაბარზომიერი კვება, წონის ეტაპობრივად დაკლება. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ავიწონოთ, ვაკონტროლოთ თავი, მნიშვნელოვანია ასევე ფსიქოლოგიური მომენტების გათვალისწინება, რამდენად მზად არის ადამიანი წონის კლებისთვის. ისინი, ვინც სწრაფ შედეგებზე არიან ორიენტირებული და მიმართავენ თვითნებურ მკაცრ დიეტებს, იზიანებენ ორგანიზმს, სავალალო შედეგები კი არც თუ დიდი ხნით იგვიანებს ასეთ შემთხვევებში. 2-3 დღიანი განტვირთვები მისაღებია, მაგრამ არა – შიმშილი. საქმე ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება დადგეს არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურიც. თუკი ადამიანი ხედავს, რომ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად არ დადგა მისთვის სასურველი შედეგი, მან უნდა მიმართოს პროფესიონალს, და გაიგოს, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ექიმისგან მიიღებს ის საჭირო ინფორაციას, როგორ მართოს წონით გამოწვეული პრობლემები. სიმსუქნე არ არის ერთჯერადი გამოვლინება, მას რეციდივი ახასიათებს და ერთხელ დაკლების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ისევ მოიმატებს. ამიტომ ექიმის რჩევები და რეკომენდაციები აუცილებელია. სამწუხაროდ, უბრალო შეგონება არ არის საკმარისი, პირიქით, შეიძლება თვითშეფასება დავუქვეითოთ ადამიანს. ამიტომ აუცილებელია, მივმართოთ ფსიქოლოგთან, მივაწოდოთ კარგი ლიტერატურა და ინფორმაცია აღნიშნულ პრობლემაზე.

 მშობლები.გე