22 წლის გევო სარქისიანს 19 ჭრილობა დანით მიაყენეს, მომაკვდავი კი ჩაქოლეს – ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

22 წლის გევო სარქისიანს 19 ჭრილობა დანით მიაყენეს, მომაკვდავი კი ჩაქოლეს - ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს22 წლის გევო სარქისიანს 19 ჭრილობა მიაყენეს და მომაკვდავი ქვებით ჩაქოლეს. 10 თვეა, ახალგაზრდას ოჯახი საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ახალგაზრდის ბებია – 80 წლის მანუშაკა სარქისიანი, ამბობს, რომ შვილიშვილი სახლიდან 20 მეტრში სადისტურად მოუკლეს.

ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, გევო სარქისიანს 19 ჭრილობა სხეულზე სამი სხვადასხვა დანით მიაყენეს, 32 დაზიანება კი ბლაგვი საგნით.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხუბში 12 ახალგაზრდა მონაწილეობდა, სარქისიანი კი მარტო იყო. ის ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი ჩაქოლეს.

სასტიკი დანაშაულის ერთადერთი ნეიტრალური თვითმხილველი სარქისიანების მეზობელი გახდა. მოწმე ლიანა ზალინიანი იხსენებს, რომ თავდაპირველად სარქისიანს 3 პირი ელაპარაკებოდა, რამდენიმე წამში კი ის სისხლიანი ასფალტზე დავარდა და შველას ითხოვდა. პარალელურად კი, ჩხუბის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე დაჭრილ სარქისიანს 12-მდე ახალგაზრდა სცემდა, მათ შორის ქვებით.

ამ ჩვენების მიუხედავად, სამართალდამცველები თავდაპირველად ოჯახს უმტკიცებდნენ, რომ 19 ჭრილობა და 32 დაზიანება მოკლულს ერთმა ადამიანმა მიაყენა. შესაბამისად, პროკურატურამ სარქისიანის მკვლელობისთვის ბრალი მხოლოდ ერთ პირს – ერიკ მხითარიანს წარუდგინა მაშინ, როდესაც ერიკ მხითარიანს ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა. ბრალდებულზე ძებნა პროკურატურამ მკვლელობიდან მერვე დღეს გამოაცხადა.

ერიკ მხითარიანმა, რომლიც, წესით, გამოძიების მთავარი ობიექტი უნდა გამხდარიყო, მკვლელობის ადგილი დატოვა, სახლში ელიას მთაზე მივიდა, შემდეგ წალენჯიხაში ჩასვლა და იქ ღამის გათევა და მოგვიანებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა.

სასტიკი მკვლელობის საქმე თავდაყირა ლევან სამხარაულის ექპერტიზის დასკვნამ დააყენა. ექპერტიზამ დაადგინა, რომ მკვლელობის დროს 2 დანა და ერთი ბასრი საგანი იყო გამოყენებული.

მკვლელობიდან 7 თვეში გამოძიებამ ბრალი ერიკ მხითარიანის ძმას – სტეფანე მხითარიანს და მათ მეგობარს – რაჩიკ კარაპეტიანს, წარუდგინა.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ერთადერთი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ პროკურატურის ზეწოლის შედეგად მოწმეების შეცვლილი ჩვენებებია. გამოძიებას არც დანაშაულის იარაღი აქვს და არც რაიმე სხვა მტკიცებულება.

სტეფანე მხითარიანის და რაჩიკ კარაპეტიანის ადვოკატები ადასტურებენ, რომ მკვლელობის დროს ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილზე ე.წ. გარჩევაში მონაწილებდნენ, თუმცა, მათ დანა არ გამოუყენებიათ.

მოკლული ახალგაზრდას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 22 წლის გევო სარქისიანი დაკავებულებმა მოკლეს. თუმცა, პროკურატურის მიერ არასაკმარისი მტკიცებულების და არასწორად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების გამო შიშობენ, რომ მათთვის ბრალის დამტკიცებას საგამოძიებო უწყება ვერ მოახერხებს.

დაისჯება თუ არა ვინმე 22 წლის გევო სარქისიანის სადისტური მკვლელობის საქმეზე, გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ 23 აპრილს უნდა მიიღოს.

პროცესს გევოს 80 წლის ბებიაც დაესწრება, რომელიც განაჩენის მოლოდინშია.

რუსთავი 2